ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში
ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში


თარიღი: 21/10/2019

ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში

 

ხვალ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და  განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა.

 

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე,  ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას  წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და  ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და  სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად.

ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.