Nuk
ახალი სტანდარტები მედიკამენტების ხარისხის გასაუმჯობესებლად
ახალი სტანდარტები მედიკამენტების ხარისხის გასაუმჯობესებლად


თარიღი: 01/10/2021

ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფარმაცეტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP)  სტანდარტის დანერგვაა. ინიციატივა საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხის მკვეთრად გააუმჯობესებს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.

GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან დღეს პირადად  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ მოისმინეს.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს, რაც ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზეც აისახება.

„მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი, ხარისხიანი წამლის მიწოდება და მიწოდების პროცესის სწორი ზედამხედველობა. მაშინ, როდესაც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღნიშნულ სტანდარტზე 2014, ასევე 2019 წლებში გადავიდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულმა ბიზნესმაც არ დაკარგოს მისი საექსპორტო წილი. შესაბამისად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და უსაფრთხოდ გადავიდეთ ჩვენც ამ სტანდარტზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალ GMP და GDP სტანდარტზე გადასვლის ტექნიკურ საკითხებს განიხილავს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებების მიწოდებას.

„დღევანდელ შეხვედრაზე ფარმაცევტული სექტორის მხრიდან, მოვისმინეთ ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა, არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები. ინიციატივას მათი მხრიდან დადებითი შეფასება აქვს და როგორც სამინისტრო, რეგულირების სააგენტო, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები ვთანხმდებით იმაზე, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს  მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს.

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - კარგი საწარმოო პრაქტიკის მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა კი გულისხმობს, რომ პროდუქცია ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტით ისარგებლებს, როგორც მოქალაქე, რადგან მიიღებს ხარისხიან მედიკამენტს, ასევე თავად კომპანიები, რადგან სტანდარტის დანერგვით ხდება წარმოების მუშაობის გამარტივება და ხარჯების შემცირება“, - აღნიშნავს ზაალ კაპანაძე.

GMP საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა, ფარმაცევტული დაწესებულებების თხოვნითა და მათთვის მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივების მიზნით ჯერ 2018 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი, 2019 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.

კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დანერგვა 2022 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო.

GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.