აშშ-ს ელჩი - საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში
აშშ-ს ელჩი - საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში


თარიღი: 05/03/2020

ვფიქრობ, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

„კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში.  რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არაერთი აეროპორტი და მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტადაა მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ. აშშ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალაშია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. მინდა ავღნიშნო, რომ ვაფასებ საქართველოს, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს. აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში თუ თავს კარგად არ გრძნობენ.  მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

მინისტრის თქმით, ელჩმა ხაზი გაუსვა მინისტრების ონლაინ კონფერენციის გამართვის მნიშვნელობას.

„ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც  საუკეთესოდ უმკლავდება გლობალურ პრობლემას. გამოხატა დადებითი  განწყობა იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვგეგმავთ რეგიონის  ჯანდაცვის მინისტრების ონლაინ კონფერენციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იქნება, სადაც ჩვენ გავაზიარებთ, როგორც გამოწვევებს, ასევე პრობლემების მოგვარების გზებს. კელი დეგნანმა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელმა,  გამოხატა მზაობა საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გლობალურ გამოწვევაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.