Nuk
ამბროზია და მისი მაღალი ალერგენული თვისებები
ამბროზია და მისი მაღალი ალერგენული თვისებები


თარიღი: 29/08/2021

რა უნდა ვიცოდეთ მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის გვარის - ამბროზიის შესახებ? - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის აერობიოლოგიური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხელიძე

 

ყვავილობის პერიოდში იმყოფება ძალიან მაღალი ალერგენული თვისებების მქონე  სარეველა მცენარის გვარი-ამბროზია.

გვარი Ambrosia L.-ამბროზია აერთიანებს ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეებს რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. უახლესი მონაცემების მიხედვით (Global Biodiversity Information Facility) გვარი აერთიანებს 70-მდე სახეობას.

ამბროზია საქართველოს ფლორის ადგილობრივი წარმომადგენელი არ არის (ინვაზიური მცენარეა, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე და შემდეგ კავკასიაშიც გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკიდან). გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Ambrosia artemisiifolia L.-ავშანფოთოლა ამბროზია და Ambrosia trifida L.-სამნაკვთიანი ამბროზია. აღნიშნული სახეობები ფართოდაა გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. გვხვდება მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, გზების და მდინარეების პირებზე, რუდერალურ ადგილებში, საძოვრებზე და სხვა. უპირატესად ვრცელდება ანთროპოგენულ ლანდშაფტებზე, ზღვის დონიდან მთის შუა სარტყლამდე (0 - 1000 მ ზღ.დ.-დან). დიდი ზომის პოპულაციები გვხვდება: კოლხეთის დაბლობზე, დაბალმთიან აჭარაში, ქვემო და შიდა ქართლში დაბლობებზე და მთისწინებზე, სამცხე-ჯავახეთში - ახალციხის და ადიგენის შემოგარენში, თბილისის შემოგარენში, კახეთის ბარში.  

ამბროზიის ყვავილობის  პერიოდი საშუალოდ მოიცავს აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდს. ყვავილის მტვრის მარცვლები ყველაზე მაღალი კონცენტრაციით უმეტესად აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ფიქსირდება. ყვავილობის დაწყებაზე, მტვრის მარცვლების პროდუქტიულობაზე და დამტვერვის დასრულებაზე გავლენას ახდენს მიმდინარე წლის კლიმატური პირობები.

ამბროზია გამოირჩევა მტვრის მარცვლების მაღალი პროდუქტიულობით, რომელიც ქარით ვრცელდება საკმაოდ შორ მანძილზე (ათეულობით კილომეტრზეც კი). მტვრის მარცვლების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მათი დიამეტრია 17-22µm (მიკრომეტრი), იდენტიფიცირება ხდება მიკროსკოპის საშუალებით. მტვრის მარცვლები შეიცავენ ალერგიის გამომწვევ ცილებს. მცენარის ალერგენულობის კოეფიციენტი მაქსიმალურია. 5 ბალიანი შეფასების სისტემაში შეადგენს 5. როდესაც მტვრის მარცვლების კონცენტრაცია აღწევს სარისკო ნიშნულს ალერგიული ადამიანების თვალის ლორწოვან გარსზე  და სასუნთქ სისტემაში მოხვედრისას იწვევს ალერგიულ დაავადებებს (ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, პოლინოზური ასთმა და სხვა).

ვისაც დადასტურებული აქვთ ამბროზიის მტვრის მარცვლებზე ალერგია  განსაკუთრებით მზიან და ქარიან ამინდში (12.00 -18.00 საათამდე ) უნდა მოერიდონ გარეთ ყოფნას, რადგან ასეთ ამინდში ყველაზე მეტად იზრდება ჰაერში მტვრის მარცვლების კონცენტრაცია.