Nuk
ზაფხული და ვაგინალური ინფექციები

თარიღი: 16 ივლისი, 2018

ზაფხულში, მზეში, სასიამოვნოა ცურვა ტბაზე, ზღვაში, აუზზე ან სპა პროცედურების ჩატარება, შემდეგ კი რელაქსაცია და მზის აბაზანების მიღება, რაც განსაკუთრებით უყვართ ქალბატონებს მათი კანის ოქროსფერი, ტრენდული შეფერილობის მისაღებად.

 

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციების განვითრებას და დასვენების პარალელურად საჭიროა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები სწორად, ასევე ვიცოდეთ ის ნიშნები და სიმპტომები, რომელთა გაჩენაც არ უნდა გამოგვეპაროს იმისთვის, რათა დროულად მივმართოთ ექიმს და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

 

საშოს ნორმალური მიკროგარემოს ბალანსი შესაძლოა დაირღვეს იმ სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით, რომელთა არსებობაც უპირატესად ასოცირებულია ზაფხულის პერიოდთან. ესენია: საზღვაო სეზონი, სითბო და მაღალი ტენიანობა.

 

აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს საშოს ნორმალური მიკროფლორის ბალანსის ცვლილებები, როგორიცაა როგორც საშოს დამცველი ბაქტერიების რაოდენობის შემცირება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ადგილობირვ იმუნიტეტს, ასევე სოკოვანი ინფექციის - კანდიდა ალბიკანსის პროლიფერაციის გააქტიურება და სხვა სახის მიკრობებით დაინფიცირების რისკის ზრდა.

 

ცურვა, როგორც რისკ-ფაქტორი

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის უშუალო კონტაქტი თბილ და ტენიან გარემოსთან, რაც ხდება არა მხოლოდ ცურვის პროცესში, არამედ სველი საცურაო კოსტიუმის ტარებისასაც დიდი ხნის განმავლობაში, ვაგინალური ინფექციების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთან, აუზში ცურვის შემთხვევაში, დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ის სადეზინფექციო ნივთიერებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აუზის წყლის დამუშავება. მათ შორის, საყურადღებოა ქლორი, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ გამღიზიანებელს წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსისთვის. გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი კი, თავის მხრივ, ადვილად მიმღებადი ხდება სხვადასხვა სახის მიკრობებისთვის, რომლებიც, დამუშავების მიუხედავად, მრავლად ბინადრობენ აუზის წყალში. სწორედ აღნიშნული ფაქტორების კომბინაციის არსებობა არის მიზეზი იმისა, რის გამოც მთელს მსოფლიოში საცურაო აუზები ითვლება სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებების განვითარების მძლავრ რისკ-ფაქტორებად!

 

საპრევენციო ღონისძიებები:

ვაგინალური ინფექციების პრევენცია უნდა დაიწყოს ჰიგიენის ადექვატური ნორმების დაცვით

✔️ აუცილებელია თბილი წყლის და ზომერი რაოდენობის საპნის გამოყენება და მათი მეშვეობით სასქესო ორგამოების მიდამოს ნაზი წმენდის განხორციელება.

✔️ სასქესო ორგანოების დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია.

✔️ დასაბანად რეკომენდებულია გამოიყენოთ სპეციალურად ფორმულირებული, ბალანსირებული PH-ის მქონე დასაბანი საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში.

საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით კი გთავაზობთ რამოდენიმე მარტივ მეთოდს საშოს ინფექციების რისკის შესამცირებლად ზღვაში ან აუზში ბანაობის შემდეგ:

- უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის და სხვა ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ თეთრეულს.

- არ ატაროთ სველი საცურაო კოსტიუმი დიდი ხნის განმავლობაში.

- წყალში ბანაობის შემდეგ შეცვალეთ სველი საცურაო კოსტიუმი და ყოველი მომდევნო ბანაობისთვისთვის გამოიყენეთ გარეცხილი და მშრალი საცვლები.

- მოერიდეთ დიდი ხნით სველ და ტენიან ადგილებთან კონტაქტს, როგორიცაა მაგ: სანაპიროებზე ქვიშაზე ჯდომა და წოლა. ამისთვის უმჯობესია აირჩიოთ მშრალი და გრილი ადგილები.

- მოერიდეთ საცურაო აუზის ნაპირზე ჩამოჯდომასაც

- ცურვის შემდეგ არასაკმარისია მხოლოდ წყლის გადავლება, აუცილებელია დაბანა საპნით ან დუშ-გელით და ღრუბლის გამოყენებით ისე, რომ კანი სრულად გასუფთავდეს მარილის და ქვიშის ნარჩენებისგან, აუზზე ბანაობის შემთხვევაში კი ქლორის და სხვა სადეზინფექციო საშუალებებისგან.

- დაიცავით ინტიმური ჰიგიენა. გენიტალური მიდამოების დასაბანად მოძრაობა შეასრულეთ წინიდან უკანა მიმართულებით რათა არ მოხდეს სწორი ნაწლავის მიდამოდან ნაწლავის ჩხირის მოხვედრა საშოს მიდამოში და ამ გზით ვაგინალური ინფექციის განვითარების ხელშეწყობა.

- ცურვის შემდეგ გენიტალური მიდამოების გასაშრობად პირსახოცით შეასრულეთ ფრთხილი მოძრაობები. უხეში და ენერგიული მოძრაობები, ასევე არასრულყოფილი გამშრალება ზრდის ინფექციური პროცესების განვითარების რისკს.

- არ გამოიყენთ თვითნებურად დამატებითი პროდუქტები, როგორიცაა საშოს გამოსარეცხი საშუალებები და ფხვნილები. ამ ნივთიერებებს არ გააჩნიათ არანაირი პერსპექტივა ვაგინალური ინფექციების პრევენციის კუთხით. პირიქით, მათი გამოყენებით ირღვევა საშოს ნორმალური მიკროფლორის ბალანსი და საშო მეტად მიმღებადი ხდება ინფექციების განვითარებისთვის.

- ჰკითხეთ რჩევა თქვენს გინეკოლოგს იმ საშუალებების შესახებ, რომელიც სასურველია გამოიყენოთ გენიტალური მიდამოების მოვლისთვის.

- მოერიდეთ შემთხვევით და დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს.

- მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი. უპირატესობა მიანიჭეთ მრავალფეროვან, ბალანსირებულ კვებას - უპირატესად ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით.

 

აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობს გარკვეული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც იცავს საშოს მიკროფლორის ბალანსს, ასევე იცავს ლორწოვან გარსს დაზიანებისგან და ხელს უშლის ვაგინალური ინფექციების განვითარებას. აღნიშნული საშუალებები სხვადასხვა ფორმით არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხელმისაწვდომია როგორც კრემების, ასევე სუპოზიტორიების ან პესარიების და ვაგინალური ან ორალური ტაბლეტების სახით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გინეკოლოგი არჩევს პრეპარატს/პრეპარატებს ინდივიდუალურად. 

გახსოვდეთ, არ შეიძლება მსგავსი საშუალებების გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე არც საპრევენციოდ და მითუმეტეს, არც რაიმე სახის ჩივილის გაჩენის შემთხვევაში, ვინაიდან სხვადასხვა სახის ინფექციას შესაძლოა ჰქონდეს მსგავსი კლინიკური გამოვლინება, მათი მკურნალობა კი რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან!! ამ ყველაფრის შეფასება, დიფერენცირება და სწორი დიაგნოსტიკა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების დახმარებით.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

სასურველია გინეკოლოგის კონსულტაცია, შესაბამისი კვლევები და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა ჩატარდეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ გადაწვეტთ ზღვაზე დასასვენებლად წასვლას ან აუზზე ცურვის დაწყებას. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც კი რეკომენდებულია მიმართოთ მკურნალ ექიმს საკოტროლო გამოკვლევების ჩასატარებლად. 

გახსოვდეთ, რომ საწყის ეტაპებზე ვაგინალური ინფექციების ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც საკონტროლო კვლევების ჩატარებას კიდევ უფრო აქტუალურს და აუცილებელს ხდის. სხვა შემთხვევაში შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სახის ჩივილები:

- სხვადასხვა ფერის და კონსისტენციის გამონადენის არსებობა საშოდან

- გამონადენს შესაძლოა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი

- ვულვის და საშოს მიდამოში ხშირად ვლინდება სიწითლე, ანთება და ტკივილი

- წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში ასევე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა

- შესაძლოა გამოიხატოს შარდვის გახშირება და/ან წვა და მტკივნეულობა შარდვის დროს

- ყურადღება მიაქციეთ ტკივილის ან დისკომფორტის არსებობას სქესობრივი ცხოვრების დროსაც

- არ გამოგეპაროთ მენსტრუალური ფუნქციის დარღვევაც.

 

აღნიშნული ან სხვა სახის ჩივილების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!!

 


სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგითევდორაშვილი

რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე