Nuk
წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების ეტაპები

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020

დაბადებისას ჩვილ ბავშვს საშუალოდ 100 მილიარდამდე ნეირონი გააჩნია, მათ დიდ ნაწილში ნეირონული კავშირები უკვე ჩამოყალიბებულია, რაც განაპირობებს ბავშვის სუნთქვის, გულისცემის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების რეგულირებას. დაბადების შემდგომ, ჩვილის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისათვის, აზროვნების, მეტყველებისა და სიარულის უნარების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ თავის ტვინში ტრილიონზე მეტი ნეირონული კავშირი დამყარდეს. ნეირონული სინაფსების კავშირების აქტიური ჩამოყალიბება თავისით არ ხდება, ამისათვის ბავშვმა გარემოში არსებული ახალი გამოცდილებები უნდა მიიღოს. სინაფსური კავშირების ჩამოყალიბება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა, ყველაზე სწრაფად თავის ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის არსებული ნეირონული წრეები ცხოვრების პირველ წელიწადში ვითარდება. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება ის ფაქტი, რომ ბავშვებს განვითარებისთვის ხშირი კომუნიკაცია სჭირდებათ, რაც ახალი ნეირონული წრეების ფორმაციას შეუწყობს ხელს. მაგალითად, როდესაც ბავშვი იცინის, ტირის ან ხელს გვიქნევს მნიშვნელოვანია ჩვენც იგივენაირად ვუპასუხოთ, რათა განვამტკიცოთ ის ნეირონული კავშირები, რომლებიც კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.

ახალშობილები ადამიანის სახეების ცნობას მალევე სწავლობენ, ბავშვებს სახეების ყურება ხშირად მეტად სიამოვნებთ, ვიდრე - საგნებზე დაკვირვება, მაგალითად: შუძლიათ განასხვაონ ბედნიერი და მოწყენილი სახის გამომეტყველებები. დაბადებისას ბავშვი უკვე ცნობს დედის ხმას, ვინაიდან მისი აღქმა მუცლადყოფნის პერიოდშიც შეეძლო. ბავშვის თავის ტვინი პირველი წლის განმავლობაში დრამატულ ცვლილებებს განიცდის, კონკრეტულად: ნათხემი დაახლოებით სამჯერ იზრდება ზომაში, რაც ხელს უწყობს მოტორული უნარების სწრაფ განვითარებას, ვიზუალური ქერქის განვითარება ეხმარება სრულყოფილი ბინოკულარული მხედველობის ჩამოყალიბებას. დაახლოებით სამი თვის ასაკში ბავშვს გარემოს აღქმა უკეთ გამოსდის, ვითარდება თავის ტვინის ის სტრუქტურები (ჰიპოკამპუსი, ლიმბური სისტემა), რომლებიც დაკავშირებულია ცნობის მეხსიერებასთან. პირველი წლის განმავლობაში ნეირონული კავშირები აქტიურად მყარდება შუბლისა და თხემის წილების სამეტყველო არეებში, რაც მეტყველების სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. ამიტომაც, ენისა და მეტყველების განვითარებაში უდიდესი როლი აქვს აქტიური სამეტყველო გარემოს შექმნას.

ჩვილი ყოველდღე იცვლება. პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვი ითვისებს ახალ უნარებს:
- იწყებს ღიმილს, თვალს აყოლებს ადამიანებს და ობიექტებს, მესამე თვის ბოლოს ვითარდება ე.წ ,,სოციალური ღიმილიც’’, რაც ჩვენს ღიმილზე საპასუხო ღიმილს გულისხმობს;
- მუცელზე წოლის დროს ხელებსა და გულს ზემოთ წევს;
- შეუძლია თითების პირთან მიტანა და წოვა;
- განსაკუთრებით მოსწონს ბრჭყვიალა, ფერადი ნივთებისა და ადამიანების სახეზე დაკვირვება, ყურება;
- მოსწონს სამეტყველო ბგერებისა და სხვადასხვა ყოფითი ხმების მოსმენა;
- იწყებს საკუთარი კიდურების აღმოჩენას და ცდილობს მისწვდეს მას;
- მუცელზე მწოლიარეს თავის აწევა შეუძლია;
დიდ დროს ტირილში ატარებს, მაგრამ ხშირად ამშვიდებს ხელში აყვანა და სხეულთან პირდაპირი კონტაქტი.
4-დან 6 თვის ასაკის ბავშვები იწყებენ:
- ღიმილსა და სიცილს, მოსმენილი ხმების იმიტაციას;
- საკუთარი სხეულის ხატის შესახებ მეტს სწავლობენ;
- შესაბამისი პოზის მინიჭების შემდგომ, სხეულის მჯდომიარე მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლიათ;
- დაწოლილ მდგომარეობაში გვერდზე გადაბრუნება შეუძლიათ;
- ნივთებს ცერა თითის გამოყენების გარეშე სწვდება, მოსწონს საგნების პირში ჩადება, ამიტომ მნიშვნელოვანია პატარა საგნები ბავშვისგან შორს შევინახოთ;


7-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები:
- ძირს ხოხავენ და სიარულის სწავლას ცდილობენ, რაშიც თავდაპირველად მშობლების აქტიურად ჩართულობა სჭირდებათ;
- საკუთარი სახელის გაგონებისას საპასუხო რეაქცია აქვთ;
- მოსწონთ საბავშვო მელოდიები, ამიტომ აქტიურად იმღერეთ და იცეკვეთ მათთან ერთად;
- სწავლობენ სოციალურ ჟესტებს, მაგალითად: ხელის დაქნევას დამშვიდობებისას;
- მოსწონთ „ჭიტას“ თამაში;
- ამბობენ პირველ სიტყვებს, მომატებული აქვთ ვოკალიზაციები;
- მოსწონთ ნივთების შესწავლა;
- შეუძლიათ დამალული საგნების პოვნა;
- ახერხებენ დამოუკიდებლად ჯდომას;
- დაახლოებით 10-დან 12 თვემდე ვიზუალურ-მოტორული ფუნქცია უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ ბავშვს შეუძლია ხელით დამოუკიდებლად მიირთვას მყარი საკვები;
- ახერხებს ობიექტებზე მითითებასა და ამგვარად გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობას;
- პირველი წლის მიწურულს ,,წარმოსახვითი’’, ვითომ-ვითომ თამაშების განვითარებაც იწყება.