Nuk
წითელა – ხშირად დასმული კითხვები

თარიღი: 19 ნოემბერი, 2019

1. რა დაავადებაა წითელა?
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით და სერიოზულ გართულებებს იწვევს.
წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

2. რამდენად საშიში დაავადებაა წითელა?
წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი . განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი – 3%-6%. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ და ფატალურად დამთავრდეს.

3. როგორ ავადდებიან წითელათი?
წითელას ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა) – ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში და არ აქვს იმუნიტეტი (არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი ვაქცინის 2 დოზით) დიდი ალბათობით დაავადდება.
ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში (სულ 8 დღე).

4. როგორ მოვიქცე თუ მქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულ პირთან?
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გაქვთ წითელას მიმართ იმუნიტეტი, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი სამედიცინო ისტორია (აცრების ბარათი).
თუ არ გაქვთ დოკუმენტი ჩატარებული აცრების შესახებ – ჩაიტარეთ აცრა წწყ საწინააღმდეგო ვაქცინით.
წითელას დამატებითი დოზის მიღება უსაფრთხოა.

5. როგორ გავიგო ვარ თუ არა წითელათი ავად?
წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ – ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.
გამომდინარე იქიდან, რომ წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმმა მოახდინოს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულად, ისე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყრით მიმდინარე სხვადასხვა დაავადების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია წითელას კლინიკური დიაგნოზის დადასტურება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

6. როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?
ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით – მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) საწინააღმდეგო ვაქცინით.

7. ვარ თუ არა დაცული წითელასაგან?
წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ:
• აცრილი ხართ წწყ ვაქცინის 2 დოზით – პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში;
• თუ აცრილი ხართ წწყ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;
• თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;
• თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.
დაავადების გადატანა ან სრულყოფილი (ორჯერადი) ვაქცინაცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს!

8. ვინ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით?
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკებში.

ნებისმიერმა აუცრელმა და/ან არასრულად აცრილმა პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ვაქცინაცია!

9. რამდენად ეფექტურია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა!
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება კომბინირებული წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. ვაქცინის ორი დოზის (ბავშვებში გეგმიური აცრები ხორციელდება 1 წლის და 5 წლის ასაკებში) მიღების შემთხვევაში ეფექტიანობა სულ მცირე 95%-ს შეადგენს. წწყ საწინააღმდეგო ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტის (ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების) გამომუშავებას, რომელიც იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

10. რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.
დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მრავალწლიანი კვლევებითა და გამოცდილებით დადასტურდა ვაქცინის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხდება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინების შეძენა.

11. რა ღირს ვაქცინაცია?
საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის) ისე ნებისმიერი ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო

12. როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?

აცრა არ ტარდება:
– პირებში, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
– იმუნოდეფიციტის მქონე პირებში;
– ორსულ ქალებში (აცრა უნდა ჩატარდეს 3 თვით ადრე ორსულობამდე);
– პირებში, რომელთაც აქვთ არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი.

13. სად და როდის უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია?
ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში.

გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად

ბავშვთა და მოზრდილთა ვაქცინაცია ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში. დეტალებისთვის იხილეთ:https://www.moh.gov.ge/ka/news/4252/

14. როგორია ინტერვალი წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინაციასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის და შესაძლებელია თუ არა აცრა ჩატარდეს ერთდროულად?

აცრების ჩატარება ერთდროულად შესაძლებელია. თუ გრიპის და წწყ აცრა არ ჩატარდა ერთ ვიზიტზე, წწყ და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის შორის მინიმალური ან მაქსიმალური ინტერვალის დაცვა საჭირო არ არის.

წყაროhttp://www.ambioni.ge/