Nuk
ვირუსები და იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები

თარიღი: 17 თებერვალი, 2017

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში მშობლებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: წონის დეფიციტი, ბუნებრივი და ხელოვნური კვება, აცრები, მუცლის შებერილობა და ჰიგიენა ჩვილებში, ვირუსები და იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები.

ხშირად ჩივიან მშობლები, რომ ბავშვი ვერ იმატებს წონაში, რა არის ამ დროს პრობლემა და რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი წონის დეფიციტზე?

საკმაოდ რთული საკითხია წონის დეფიციტი. პირველ რიგში, არ უნდა გამოგვრჩეს, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე ორგანულ პათოლოგიასთან. ჩვენს ქვეყანაში, სამშობიაროებში კეთდება სპეციალური სკრინინგული კვლევები სამი დაავადების მიმართ, ესენია: ფენიკეტონურია, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი და მუკოვისციდოზი. წონის დეფიციტის მიზეზი ხშირად სწორედ ეს სამი დაავადებაა. ასევე სკრინინგულად კეთება გულის თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა, ეს არის ერთ-ერთი ის ორგანული პათოლოგია, რაც ასევე წონის დეფიციტს იწვევს. რაც შეეხება კვებით აუტანლობას, შეიძლება იყოს აუტანლობა რძის მიმართ, ან ინტოლერანტობა მის შემცველ ინგრედიენტებზე – ალერგია ძროხის რძის ცილაზე ან ლაქტოზაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის სამი კილოგრამი წონა ნორმაა, ზოგისთვის კი იმავე ასაკში 6 კილოგრამიც ნორმაა. თუ არის ძროხის რძის აუტანლობა, კლინიკურად ვახდენთ საკვების ელიმინაციას, ანუ ვნიშვნავთ სპეციალურ ნარევებს. მესამე-მეოთხე დღიდან ასეთი ბავშვები წონაში იმატებენ და ვაფასებთ დღიურ ნამატს. პირველ თვეში ბავშვმა უნდა მოიმატოს 500-დან 800 გრამამდე, ეს არის ნორმა. თუმცა, თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს დინამიკაში.

თითქოს ძალიან ბევრია სწორ კვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თქვენ გაქვთ გამოცემული წიგნი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან პოპულარულია და მაინც, რატომ არ შეიძლება და რატომ არ არის რეკომენდირებული მივცეთ ხილი ცოტა ადრე და ა.შ. 

ბავშვის კვების ოქროს სტანდარტი არის დედის რძე, ამაზე უკეთესი საკვები ექვს თვემდე არ არსებობს და არ სჭირდება არანაირი დანამატი, წყალიც კი. რა თქმა უნდა, თუ დედის რძე აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს, არის შესაბამისი ნამატი და კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები შეესაბამება მის განვითარებას. როდესაც არის დღენაკლული პატარა და გვინდა დედის რძის გახანგრძლივება, არის სპეციალური ნაერთები, რომელიც დედის რძის კალორაჟს ზრდიან. ამ დროს დღენაკლულ ბავშვებს, რომლებიც პირველ დღეებში ცუდად წოვენ ძუძუს, ვუნარჩუნებთ დედის რძეს. ხელოვნური კვების შემთხვევაში ოთხთვენახევრიდან შეიძლება ფაფების, ან ბოსტნეულის პიურეს დამატება, 6 თვიდან ბოსტნეულის პიურე ხორცთან ერთად ემატება და ა.შ. ადრე დამატებამ შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიამდე მიგვიყვანოს. თევზის შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ალერგიულია და მისი მიცემა შეიძლება 9-10 თვიდან. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ტკბილეულისგან, კანფეტებით შეგვიძლია წავახალისოთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ ეს არ იყოს ადვილად ასათვისებელი შაქრები, რაც იწვევს კარიესს, სიმსუქნეს, დიაბეტს და ა.შ.

ხელოვნურ საკვებზე ვისაუბროთ, რადგან მშობლებს ძალიან აღელვებთ ეს საკითხი. რა განსხვავებაა და არსებობს თუ არა საკვები, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული დედის რძესთან?

საქართველოს ბაზარზე არსებული ბავშვთა კვება ყველა მაღალი ხარისხის არის. მათში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა პრაქტიკულად ერთი და იგივეა. არის ნარევები, რომლებშიც ცილა უფრო მომატებულია და ის დღენაკლულებისთვის არის, არის ღებინების საწინაღმდეგო ნარევები, არის ნარევები, რომლებშიც ლაქტოზა არ არის და ა. შ. ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ ზოგიერთი ნარევი შეიცავს პალმის ცხიმს, გეტყვით, რომ პალმის ცხიმი არის ბუნებრივი კონსერვანტი, ამას რომ არ შეიცავდეს, საკვები გაფუჭდებოდა. პალმის ცხიმი მავნე ხდება 100 გრადუსის ზემოთ, არცერთი ბავშვის საკვები არ იხსნება 100 გრადუს ტემპერატურაზე და პალმის ზეთი არ გარდაიქმნება მავნედ. პალმის ცხიმს შეიცავს ყველა ნარევი. ყველა კომპანია ცდილობს, ისეთი კომპონენტები დაურთოს ხელოვნურ რძეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება დედის რძესთან მიახლოვებული. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. ის ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა დამცველობით ნივთიერებებს, ნუკლეოტიდებს, იმუნოგლობულინებს და ა.შ. არ უნდა ხდებოდეს ხელოვნური ნარევების შეცვლა თუ რაიმე პათოლოგია არ არის. ყველა საკვები არის ერთი და იგივე და ხშირად სამშობიაროში პატარა სხვა ფირმის საკვებს იღებს, რომ გამოდის სხვას და შემდეგ კიდევ შეიძლება სხვა ბრენდის რძე გააგრძელოს.

რა ასკამდე უნდა დარჩეს რძე ბავშვის რაციონში?

დედის რძე ორ წლამდე, დაბალ განვითარებულ ქვეყნებში მოწოდებულია ოთხ წლამდეც, რადგან გაჭირვებული ფენაა. ბავშვს ერთი ქილა 5-6 დღე ყოფნის, ეს თვეში 200 ლარამდე და მეტი ჯდება. ამიტომ გვაქვს დედის რძე, რომელიც არის ეკონომიურად ხარჯეფექტური, ყველაზე მაღალბალანსირებული საკვები და თითოეული ექიმის მოვალეობაა ხელი შევუწყოთ ძუძუთი კვებას.

აცრების თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება, რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრას შორის?
საქართველოში შემოდის მაღალი ხარისხის ვაქცინა. ფასიანი ვაქცინაც იგივე მწარმოებლის არის, რეაქცია ორივე ვაქცინის შემთხვევაში ერთნაირია. საქართველოში 60 000 მდე ბავშვი იბადება, აქედან 58 000 უფასო ვაქცინით იცრება, დანარჩენი კი ფასიანით, აცრის უკუჩვენება მშობელს ცხელება ჰგონია, ეს არ არის უკუჩვენება, მე პირადად აცრის შემდგომი გართულება არ შემხვედრია. ასევე მაღალხარისხიანი ვაქცინაა პნევმოკოკის აცრაც, რომელიც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში უფასოდ, სტრეპტოკოკის პნევმონიით განვითარებული მენინგიტის საპროფილაქტიკოდ კეთდება. რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, მისი გაკეთება საჭიროა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში. პირველ რიგში გრიპის ვაქცინას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და ხშირად მოავადე ბავშვებს ვურჩევ. იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ვაქცინები შეიცავენ მძიმე მეტალებს, დღეს საქართველოში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინა და მავნე მინარევებს არ შეიცავენ. აუცილებელია წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმიური აცრის გაკეთება, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში, დიდ გართულებებს იწვევს. რომ არ ყოფილიყო ვაქცინა, 7 მილიარდიოს ნაცვლად, მოსახლეობა 3-4 მილიარდი იქნებოდა.

ბავშვებში გავრცელებული ერთ-ერთი პრობლემა არის მუცლის  შებერილობა…

არ უნდა გამოვიყენოთ გაზ-გამყვანი მილი, შეგვიძლია უბრალოდ ცხელ წყალში. თუ არასწორად გამოვიყენებთ, შეიძლება დავაზიანოთ სწორი ნაწლავი. თუ ბავშვი იქნება ბუნებრივ კვებაზე, ან თუ სწორად მოამზადებთ ხელოვნურ საკვებს და სპეციალურ ბოთლებს გამოვიყენებთ, მეტეორიზმის პრობლემასთან საქმე არ გვექნება და მედიკამენტები არ დაგვჭირდება. როდესაც მშობლები ღელავენ, ეს აისახება პატარაზეც. თუმცა, არ უნდა გამოგვეპაროს ორგანული პათოლოგიები და საჭიროა დიაგნოსტიკური კვლევები. აუცილებელია მშობლის კვებაც, არ უნდა მიიღოს ისეთი საკვები, რომელიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს.

როდესაც ბავშვი ღამით ხშირად ტირის ექიმები ნიშნავენ მცენარეულ დამამაშვიდებელ საშუალებებს… რა შემთხვევაშია ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელი?

თუ ბავშვის პრობლემა მეტეორიზმია, არანაირი დამამშვიდებელი ამას არ მოხსნის. თუ ნევროლოგიური პრობლემაა, პირველ რიგში პედიატრმა უნდა შეაფასოს და გადაამისამართოს ნევროლოგთან. სასურველია ნევროლოგის მიერ ერთხელ მაინც იყოს გასინჯული პირველი ექვსი თვის განმავლობაში. დამამშვიდებელს ნევროლოგები ბოლო პერიიოდში აღარც ნიშნავენ, თუ არის რაიმე პათოლოგია, ასეთ დროს აუცილებელია ნევროლოგის მეთვალყურეობა. დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებები მკურნალობის არცერთ გაიდლაინში არ ზის. ეს არის მხოლოდ პლაცებო ეფექტი დედაზე.

ხშირად ჩივიან დედები, რომ ბავშვი მუდმივად ტირის, რა რეკომენდაციას აძლევთ ამ დროს?

როდესაც დედა მოდის და ამბობს, რომ ბავშვი ხშირად ტირის, მე ყოველთვის ვეუბნები, დათვალეთ რამდენი საათი ტირის. თუ მეუბნება, რომ ტირის ერთი-ორი საათი, ეს  ნორმაა, თუ ტირის ექვსი საათის განმავლობაში, ბავშვი უნდა ნახოს ნევროლოგმა. თუ ბავშვი ტირის 1-2 საათი, ის არის ჯანმრთელი, აქტიური, უნდა იტიროს, იჭირვეულოს და ზედმეტი მედიკამენტოზური საშუალებებით ეს ყველაფერი არ უნდა ავუკრძალოთ.

სიმპტომი, რომელიც მშობლებს აშინებთ, ეს არის სიყვითლე, როდის არის ის ფიზიოლოგიური და როდის პათოლოგიური…
ფიზიოლოგიური სიყვითლისას ხშირია მომართვიანობა. ის 14 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ თვემდეც შეიძლება გაგრძელდეს. თუ არ გვაქვს ე.წ. დედის რძით განპირობებული სიყვითლე, რომელიც 2-3 თვე შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის ნორმა. საიდან ვითარდება სიყვითლე? ერითროციტების დაშლის შედეგად ვითარდება ჰემოგლობინი, ჰემოგლობინის დაშლის შედეგად გამოდის არაპირდაპირი, ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც აუცილებელია ღვიძლში გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. არაპირდაპირი ბილირუბინი პირდაპირ ბილირუბინად გარდაქმნის შემდეგ გამოძევდება განავლით ან შარდით, ამ დროს განავალს ნორმალურ პირობებში აქვს ჩალისფერი შეფერილობა. იმ შემთხვევაში თუკი გვაქვს პათოლოგიური სიყვითლე, განავალი თეთრი ფერის არის, შარდი კი მუქი ფერის. ფიზიოლოგიური სიყვითლის შემთხვევაში ღვიძლი არის ფუნქციურად მოუმწიფებელი, ის ვერ ასწრებს არაპირდაპირი ბილირუბინი გარდაქმნას პირდაპირ ბილურუბინად. ბილირუბინის მატებასთან ერთად გვაქვს კანისა და სკლერების შეფერილობა, ეს ამ დროს ნორმაა. პათოლოგიური სიყვითლე პირველი ორი დღის შემდეგ ვითარდება, ასეთ დროს ის შეიძლება რეზუს კონფლიქტით იყოს განპირობებული, რაც საკმაოდ ხშირია და ვითარდება პათოლოგიური ბილირუბინული ენცეფალოპათია.  საჭიროა დროული დიაგნოსტირება, სისხლის შენაცვლეობითი თერაპია და ეს პრობლემები თავიდანვე აღმოიფხვრება. ზოგ შემთხვევაში ბავშვი იბადება კეფალოჰემატომით, ამ დროსაც შეიძლება განვითარდეს სიყვითლე რომელიც რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.

ვისაუბროთ ბავშვის ჰიგიენაზე, ბიჭების დედებს ეს საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ

დღეს აღარ არის რეკომენდირებული ე.წ. ჩუჩის გადაწევა, თუმცა არის ერთეულ შემთხვევებში საშარდე გზების პათოლოგიები, როდესაც არა მარტო გადაწევა, არამედ შემოჭრაც კია საჭირო. ზედმეტი მანიპულაცცია საჭირო არ არის, ჩვენ შეგვიძლია ინფექცია შევიტანოთ. ჰიგიენურად ეს მანიპულაცია რამდენიმე ათეული წელია ხმარებიდან ამოღებულია. თუ არ გადაწევთ ჩუჩას, იქ მარილი არ დაგროვდება, ეს არ არის მარილი, ეს არის სმეგმა – დამცველობითი საცხი და ეს უნდა იყოს.

რას იტყვით ბავშვის ბანაობაზე, რა სიხშირით არის აუცილებელი თუნდაც საპნის გამოყენება?

ბავშვი არ გაცივდება თუ არ არის ვირუსული გარემო, საპნით კვირაში ორჯერ უნდა დავბანოთ და სასურველია თუ ბავშვის კანის ტიპს გავითვალისწინებთ და ისე შევარჩევთ დასაბან საშუალებას. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36-37 გრადუსი, ოთახის ტემპერატურა კი 23-25 გრადუსი.

როდესაც უფროსი ბავშვები დადიან სკოლებსა თუ ბაღებში და არის საფრთხე, რომ პატარას მოუტანონ სახლში ვირუსი…

ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო. საჭიროა დღეში 6-7 ჯერ ოთახის განიავება, ოთახის სველი წესით დასუფთავება დილას და საღამოს, სახლში უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი, როგორც კი მოვა უფროსი შვილი სახლში, გავხადოთ ქურთუკი, ფეხსაცმელი და დაცულ სივრცეში მოვათავსოთ და მაშინვე ხელები დავბანოთ. ოთახში სწორი ტემპერატურული გარემო შევქმნათ. გაციებას ყველაზე ხშირად კორონა ვირუსები იწვევენ, რომლებიც სურდოთი და ყელის ტკივილით გამოიხატება. ეხლა მაგალითად ახალშობილებში ბრონქიოლიტის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც 3-6 თვემდე ასაკის ბავშვებში ვითარდება და ხშირად ჰისპიტალიზაციას საჭიროებს.

რას იტყვით იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე?
იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთადერთი საშუალება არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება. ასეთი რეკომენდაცია არცერთ გაიდლაინში არ არსებობს. ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი წამლები ძალიან ძვირი ღირს, ამას სჯობს მშობელმა იყიდოს ხორცი ხილი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება.

აუცილებელია თუ არა D ვიტამინის ყველა შემთხვევაში და ყველა სეზონზე დანიშნვნა?

ეს არის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის რაქიტის პროფილაქტიკა და ჩვენ მას ორ წლამდე ყოველდღიურად ვნიშნავთ. თუ ჩვილი დღის გამავლობაში ერთ ლიტრზე მეტ ხელოვნურ საკვებს იღებს, ასეთ დროს არ არის რეკომენდირებული D ვიტამინის დანიშვნა. D ვიტამინის დოზირება სეზონების მიხედვით ხდება. მე პირადად ორ წლამდე ყველა ბავშვს ვუნიშნავ D ვიტამინს.

აქტუალურია მასაჟების თემაც, ყველას სჭირდება თუ არა მასაჟების გაკეთება?

ჩვენ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ვარჯიში და მასაჟი. ვარჯიში პრაქტიკულად ყველა ბავშვს სჭირდება, რომელიც შეიძლება მშობელმაც გააკეთოს და ამას ექიმი ასწავლის. მასაჟი სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს უტარდებათ და ის ორთოპედის, პედიატრის და ნევროლოგის მიერ უნდა იყოს დანიშნული.

რა ასაკიდან უწევთ რეკომენდაციას ზამთრის სეზონზე ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას? 

ნებისმიერ კურორტს თავისი სეზონურობა აქვს და უმჯობესია ასე გამოვიყენოთ. მთავარია სადაც წავალთ, იქ იყოს ჯანსაღი გარემო. მაგალითად მე თავად ვიყავი ბაკურიანში და დამხვდა იგივე სიტუაცია, რაც თბილისში – მშებნებლობის მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვი. ამას სჯობს ბავშვი სოფელსა თუ აგარაკზე წაიყვანოთ. რეკომენდაციას ვუწევ 2-3 თვიდან, ხშირად უნდა გაიყვანოთ ჰაერზე და არა ისე, რომ სასტუმროში გყავდეთ ბავშვი. ხშირად მინახავს ბავშვები სასტუმროში სიგარეტის კვამლით სავსე ოთახში არიან…