Nuk
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას

თარიღი: 21 აგვისტო, 2017

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს. როგორც წესი ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს შესანიშნავია ცურვა, რადგან წყალში სისხლძარღვები ძლიერ არ იტვირთება. დაგვეთანხმებით, რომ აგვისტო წელიწადის ის თვეა, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ყველაზე მეტი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს ზღვის კურორტებს. ზაფხული ის სეზონია, როცა ქალბატონები საკუთარ სხეულზე გაცილებით მეტს დარდობენ, რამდენიმე თვით ადრე იწყებენ სხეულის გამკვრივებას, რადგან სასურველ საცურაო კოსტუმსა თუ ქვედაბოლოში თავი კომფორტულად იგრძნონ. ვარიკოზული ვენების მქონე ქალებისთვის ნამდვილი თავსატეხია სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებით „მოხატული“ ფეხები. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მას რუჯით დაფარავს, თუმცა სანაპიროზე ნებივრობა ნამდვილად ცუდი არჩევანია.

 

როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ და არის თუ არა ზღვაში ცურვა ვარიკოზის დროს სასარგებლო? ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ფერაძე.

 

– რამდენად რეკომენდებულია ზღვაში ცურვა ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებისთვის?

– საკუთრივ ცურვა უაღრესად სასარგებლოა ვენური უკმარისობის და ვარიკოზის მქონე ადამიანებისთვის. წყლის ზემოქმედების წყალობით, ვენური შეგუბება აღარ ხდება. თუმცა როგორც კი ზღვიდან ამობრძანდებით და თქვენს ვენებს მზის სხივი მოხვდება, ის ყველა დადებითი თვისება, რასაც ზღვის წყალი გვთავაზობს დაიკარგება. მცირე ხნითაც კი მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა კვლავ აფართოებს კვანძებს.

 

– რა უნდა გაითვალისწინონ მათ ვისაც აქვთ ვარიკოზი და ზღვის სანაპიროზე ნებივრობას გეგმავენ?

– უნდა შეიმოსონ ისე, რომ ფეხი მზის სხივებისგან დაცული იყოს. როცა ვარიკოზი გაქვთ და თვალნათლივ ჩანს ქვედა კიდურებზე ვენური „ობობები“ ან შეშუპებები მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცხე, მზე ართულებს მდგომარეობას, ხოლო სიგრილე აუმჯობესებს.

 

– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარიკოზული ვენებისთვის სასარგებლოა ქვემო კიდურების ქვიშაში ჩაფლვა. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და აქვს თუ არა რაიმე დატვირთვა?

– გასათვალისწინებელია ორი მომენტი! ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადებებისთვის მაგნიტური ქვიშა კარგია, ანუ თბილ ქვიშაში კიდურების ჩაფლვა სამკურნალო პროცედურაა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ვარიკოზზე ეს ჩვევა დაივიწყეთ! ნებისმიერი სახის სიცხე ქვიშა იქნება თუ სხვა, ვარიკოზული დაავადებისთვის არის დამღუპველი. წარმოიდგინეთ, რომ მაგნიტური ქვიშის დადებითი თვისებებიც კი უმალ ქრება, როცა ვარიკოზის დროს ფეხები ქვიშაშია ჩამალული. თუ მაინც გსურთ, რომ ქვედა კიდურები ქვიშით დაფაროთ იზრუნეთ იმაზე, რომ ქვიშა იყოს გრილი, ნოტიო.

 

– ზოგიერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ რუჯით ადვილად დამალავს ვარიკოზისგან გამოკვეთილ ვენებს. გთხოვთ, ჩვენს მკითხველს განუმარტოთ რატომ არ უნდა მოიქცეს ასე?

– რუჯი მეტად აჩქარებს და ხელს უწყობს ვენური „ობობების“ განვითარების პროცესს. გაინტერესებთ რა მოხდება? შეიძლება იმ წუთში რუჯმა შედარებით დამალოს ვენური „ობობები“, მაგრამ ზაფხულის სეზონის მიწურულს, როცა ბუნებრივად ვეღარ ისარგებლებთ მზის აბაზანებით შენიშნავთ, რომ ფეხებზე ვენები ორჯერ მეტადაა გამოკვეთილი.

 

– ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვა. ყველა ადამიანი უნდა მოერიდოს შუადღის მზეზე ნაპირზე ყოფნას. როგორც ინტერვიუმდე ჩვენთან საუბარში განმარტეთ, შუადღის მზე განსაკუთრებით სახიფათოა ვარიკოზისთვის. გთხოვთ, მკითხველს აუხსნათ რატომ უნდა მოერიდნონ მზის გულზე ყოფნას?

– მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის! მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შედეგი ასეთია – თუ მზის გულს მიეფიცხებით, იმ შედეგს მიიღებთ რაც 10 წლის შემდეგ დაფიქსირდებოდა. ვენებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ათჯერ აჩქარებს დაავადების განვითარებას.  

 

– ინტერვიუს ვარიკოზული ვენებით დაავადებული ბევრი ადამიანი წაიკითხავს. დღის რომელ მონაკვეთში (რომელ საათებში) გავიდნენ სანაპიროზე და წყლის რა ტემპერატურაა მათთვის სასარგებლო?

– სასარგებლოა გრილი წყალი და ნაკლები სიცხე. იდეალურია სანაპიროზე გასვლა დილით ადრე 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. დროის სწორედ ამ ინტერვალში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვაში ცურვით და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა!

 

ბატონი ირაკლი ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსია.  

ის გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.  

1992–1996 წლები თბილისის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი. 

1990–1994 წლები იაროსლავლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 

1993 წლიდან დღემდე მოღვაწეობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!