Nuk
თუ თქვენი პატარა დღენაკლული დაიბადა

თარიღი: 21 ნოემბერი, 2021

17 ნოემბერს მსოფლიომ დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. რა უნდა ვიცოდეთ პატარებზე, რომლებიც ქვეყანას დროზე ადრე მოევლინნენ, რა განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ მათ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმა – ამ თემაზე ნეონატოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ გოთუამ ისაუბრა. მან აქცენტი დღენაკლული ბავშვისა და დედის უწყვეტი კონტაქტის აუცილებლობაზე გააკეთა.

„დღენაკლულია ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის 37 კვირაზე ადრე, მსოფლიოში ყოველწლიურად 15 მილიონი დღენაკლული ბავშვი იბადება. დღენაკლულობის შემთხვევაში ორგანოების ნორმალური განვითარება შეწყვეტილია, შესაბამისად ამ ორგანოების მხრივ შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პრობლემები“, – განმარტავს ნეონატოლოგი.

მისი თქმით, უნიშვნელოვანესია, ასეთი ბავშვების მონიტორინგი მიმდინარეობდეს პედიატრის მიერ და ასევე სხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.

,,ყველაფერი დამოკიდებულია გესტაციურ ასაკზე, ანუ იმაზე, ორსულობის რა ვადაზე დაიბადა ბავშვი. ამ დრო ბავშვს უჭირს ჭამა, სუნთქვა, ამიტომ მისი დახმარება აუცილებელია. რაც ეხება მომავალში მის მართვას, ანუ მოვლას წლამდე ასაკში, ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. სასურველია ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაცია, დროული ვიზიტები პედიატრთან და ზედმიწევნით მისი რეკომენდაციების შესრულება”, – ამბობს ექიმი.

წყარო: https://fortuna.ge