Nuk
წითელა

თარიღი: 30 იანვარი, 2018

წითელა
 

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი  გზით. 

კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიური გამონაყარით და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.  შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.
საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და გარდაცვალების 9 შემთხვევა. 
წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. წითელას ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამის და 2008 წელს წითელას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ კი არაიმუნური ფენის დაგროვებას უმცროსი ასაკის ბავშვებში გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვის გამო.
2013-2016 წლებში იმუნიზაციის დამატებითი ღონიძიებების ფარგლებში აიცრა 30 წლამდე ასაკის 200 000-მდე პირი. ამ ღონისძიებამ გეგმიურ ვაქცინაციასთან ერთად განაპირობა  2016 წელს დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირებას და ქვეყანაში დარეგისტრირდა წითელას 14 შემთხვევა.
2016 - 2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, 34 დასრულდა ლეტალურად (რუმინეთი იტალია, საბერძნეთში, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი). 
საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა კვლავ აღინიშნა 2017 წლის აგვისტოდან. 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით,  ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში 86.
შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%. რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს. 
აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები. 
დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის  ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით:
ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; 
წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია;
20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია;
40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;
წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!
ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს!!! არ გადადო - აიცერი და დაიცავი შენს ირგვლივ მყოფი მომავალი დედები!
აიცერი და წითელასაგან დაიცავი შენი და შენი შვილის ჯანმრთელობა!
შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!
40 წლამდე პირებისა და ბავშვებისათვის უფასო აცრებს უზრუნველყოფს სახელმწიფო!
არ გადადო - აიცერი!
აიცერი და დაიცავი!