Nuk
თანამედროვე მიდგომები ენდოსკოპიაში

თარიღი: 05 აპრილი, 2020

თანამედროვე მიდგომები ენდოსკოპიაში, დიაგნოსტიკა.

როგორია თანამედროვე მიდგომები ენდოსკოპიაში? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ენდოსკოპისტი, ქირურგი ზურა შენგელია.

თანამედროვე მიღწევებმა, რომლებმაც ენდოსკოპიურ მედიცინას ჩაუყარა საფუძველი შესაძლებელი გახადა, სრულყოფილად გამოკვლეულ იქნას მუცლის ღრუს ორგანოები, როგორიცაა საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი და მსხვილი ნაწლავი. დღესდღეობით ენდოსკოპიური მეთოდები გამოიყენება, როგორც დიაგნოსტიკისათვის, ასევე სხვადასხვა დაავადების და პათოლოგიების სამკურნალოდ. ენდოსკოპია განსაკუთრებულ როლს ასრულებს მრავალი დაავადების ადრეული სტადიის ამოცნობაში. ენდოსკოპიური კვლევის ძირითადი მეთოდებია:
- გასტროსკოპიაკო
- ლონოსკოპია
- ბრონქოსკოპია.

დღესდღეობით ენდოსკოპია უსაფრთხო, უალტერნატივო, ზუსტი და საუკეთესო მეთოდია, რომლის დროსაც კვლევები ტარდება თანამედროვე ენდო–ვიდეო აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულყოფილად და დროულად მოვახდინოთ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

– რა არის გასტროსკოპია?
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) გამოირჩევა ენდოსკოპიური კვლევის მეთოდებიდან მაღალი ინფორმატიულობით და წარმოადგენს აპრობირებულ მეთოდს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, შეიძლება საყლაპავის (ეზოფაგო), კუჭის (გასტრო) და თორმეტგოჯა ნაწლავის (დუოდენუმის) დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტის - გასტროსკოპის საშუალებით. იგი სრულიად უმტკივნეულოდ, პირის ღრუდან შედის ადამიანის ორგანიზმში (ამ დროს პაციენტები გრძნობენ მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს). კვლევის მეშვეობით გზადაგზა თვალიერდება ზემოთხსენებული ორგანოები. თანამედროვე გასტროსკოპი წარმოადგენს მოქნილ, დრეკად მილს, რომლის შიგნითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიები.

– რომელია ყველაზე ხშირი პათოლოგიები?

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და ეროზიული პათოლოგიები. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ადამიანებს უფრო ხშირად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში უვითარდებათ, რაც დროებით, ხოლო ზოგჯერ კი შრომისუნარიანობის მყარ დაქვეითებას იწვევს. დღესდღეობით წყლულოვან დაავადებას განიხილავენ, როგორც ინფექციურ დაავადებას გასტროენტეროლოგიური პროფილით. დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული შემთხვევათა თითქმის 90%-ში განპირობებულია ჰელიკობაქტერიებით (Hp) და ექვემდებარება სათანადო მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

2. გასტრიტი

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე ფორმა) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული ფრომა). გასტრიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ჭარბი მიღებით, ქრონიკული ღებინებით, სტრესით ან ზოგიერთი მედიკამენტით, როგორებიცაა ასპირინი, იბუპროფენი და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზით:
- Helicobacter Pylori (H. Pylori) – ბაქტერია, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსში ბინადრობს. თუ ინფექცია არ იქნება ნამკურნალები, მას შეუძლია კუჭის წყლული ან ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის კიბოც გამოიწვიოს
- ნაღველის რეფლუქსი – როცა ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავიდან უკან, კუჭში გადმოდის.
- სხვადასხვა ინფექციებით – გამოწვეული ბაქტერიებითა და ვირუსებით.

3. რეფლუქს-ეზოფაგიტი
რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავი მილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საყლაპავის ქვედა ნაწილის ფუნქციის დარღვევის შედეგად აღინიშნება კუჭის მჟავე შიგთავსის გადასავლა საყლაპავში. საყლაპავში ნეიტრალური გარემოა და კუჭის წვენის ზეგავლენით ვითარდება საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი) რასაც, შესაძლებელია მოჰყვეს ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა. შედეგად ვითარდება ეროზიები და წყლულები, სისხლდენა, ასევე ნაწიბურები, რომლებიც საყლაპავის სანათურის შევიწროებას იწვევს. ფიზიოლოგიურ პირობებში კარდიალური საფინქტერი ხელს უშლის კუჭის წვენის საყლაპავში მოხვედრას. რეფლუქსი ვითარდება საყლაპავი მილის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითების შედეგად. სფინქტერის ტონუსი ქვეითდება კუჭის წვენის მატების შედეგად (განპირობებული სიმსუქნით, ფეხმძიმობით, მოჭერილი ბანდაჟით და ქამრით). ხშირად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნისას, თამბაქოს მოხმარების, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების დროს და სხვა. რეფლუქს-ეზოფაგიტი ხშირია საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს.

4. დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი
დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს კუჭის ნაწილი დიაფრაგმის დეფექტური ხვრელის საშუალებით აღმოჩნდება გულმკერდის ღრუში. ის კლინიკურად ხშირად არის სიმპტომური. თუმცა, ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ქვედა სფინქტერის სისუსტე და, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, კუჭის მჟავე შიგთავსის რეფლუქსი საყლაპავში, რაც კლინიკურად გულძმარვით გამოვლინდება

5. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის (საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის) სიმსივნური პათოლოგიები.
დროულად აღმოჩენილი და დიაგნოსტირებული სიმსივნური პათოლოგია რადიკალურად ცვლის ონკოლოგიურ მიდგომას და ტაქტიკას, რაც თავისთავად დადებითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე და გამოსავალზე. სიმსივნური პათოლოგიის საწყის სტადიაში გამოვლინება შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდის მნიშვნელოვან დამსახურებად.

გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ღრუ ორგანოების დათვალიერებისა და დიაგნოსტირებისა გასტროსკოპის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა გენეზის სისხლდენების შეჩერება, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება, პოლიპების მოცილება (პოლიპექტომია), სამკურნალო პრეპარატების ორგანოებში შეყვანა, დაზიანებული მიდამოს ვიდეო ან ფოტოგადაღება, ბიოფსიის ჩატარება, რათა დროულად მოხდეს სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიების გამოვლენა. თანამედროვე მოწყობილობების წყალობით გასტროსკოპია უსაფრთხო პროცედურად ითვლება, გართულებაც იშვიათია.
გასტროსკოპია ტარდება კუჭის ლორწოვანი გარსის დაავადებების ჯგუფთა საკვლევად, რომლებიც ვლინდება კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და ხასიათდება გარკვეული სიმპტომებით, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მწვავედ ან ქრონიკულად. აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს კვლევა, თუ მათ აქვთ შემდეგი ჩივილები:
- ტკივილი, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის (კუჭის) მიდამოში
- გულძმარვა
- გულისრევა
- მუცლის ღრუში (ეპიგასტრიუმის მიდამოში) წვის შეგრძნება
- შებერილობა საკვების მიღებამდე ან მიღების შემდეგ
- ბოყინი
- სლოკინი
- ყლაპვის გაძნელება
- ტკივილი ყლაპვის დროს
- წონაში კლება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ სპეციალისტს, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტირება. ამ დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ გასტროსკოპიული კვლევის ჩატარებას ხელსაყრელ ფასად, აქციის პირობებში, რომლითაც სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი სიზუსტით დაისვას საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოზი. ამასთან, შესაძლებელია მთელი რიგი ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულ პირობებში .

დროულად ჩატარებული კვლევა, ზუსტი დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური კვლევის თანამედროვე მიდგომები საშუალებას მოგვცემს, მედიკამენტოზურად დროულად მოვახდინოთ მიზანმიმართული მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები.