Nuk
სკოლაში სწავლის რა პრობლემები აქვთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს და როგორ დავეხმაროთ მათ?

თარიღი: 31 ივლისი, 2022

სკოლაში სწავლის რა პრობლემები აქვთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს და როგორ დავეხმაროთ მათ? ამ თემაზე მასალა მოგიმზადათ გამმას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გუნდის მნიშვნელოვანმა წევრმა, აკადემიურმა თერაპევტმა ნესტან კაპანაძემ.

- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას აქვს ე.წ. საგანმანათლებლო შეზღუდვა, რაც ხშირად ხდება სპეციალისტთან მიმართვის მიზეზი და რა პრობლემაც, შემთხვევათა უმრავლესობაში გრძელდება მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკში.

- ტერმინი „საგანმანათლებლო შეზღუდვა“ (Educational impairment) განიმარტება, როგორც სწავლის, პროგრესის ან აკადემიური მოსწრების შეუძლებლობა იმ დონეზე, რაც მოსალოდნელია ბავშვის ასაკის, ინტელექტუალური შესაძლებლობისა და ოჯახის/ სკოლის კონტექსტით.

- გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიზეზს რომელიც გავლენას ახდენს ამ პროცესზე:

• ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომებით გამოწვეული სირთულეები, კერძოდ ყურადღების დეფიციტი და მოუსვენრობა, რაც ხელს უშლის მოსწავლის პროდუქტიულობას;

• სპეციფიკური უნარების დეფიციტი, რომელიც ვლინდება კითხვისა და არითმეტიკის სირთულეებში;

• აღმასრულებელი ფუნქციების (თვითრეგულაციის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმვის უნარის) დეფიციტი.

- თითოეულმა ამ პრობლემამ, ცალკე ან კომბინაციაში, შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი საგანმანათლებლო შედეგები. საგანმანათლებლო ფუნქციონირების ის სფეროები, რომლებიც შეიძლება დაზარალდეს, არის: წიგნიერების ადრეული უნარები, არითმეტიკული ადრეული უნარები, სასკოლო მზაობის უნარები და ქცევა. თავის მხრივ წიგნიერების ადრეული უნარები მოიცავს სამ ფაქტორს, რაც დაკავშირებულია კითხვის შემდგომ მიღწევებთან: თხრობა, ფონოლოგიური ცნობიერება, ინფორმაციის დამუშავება და წერა.

- მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, უჭირთ დავალების შესრულების დაწყება და დასრულება – ხანგრძლივი დროით დავალებების შესრულებაზე კონცენტრირება. სასკოლო გარემოში კი ეს იწვევს: დაკარგულ ან არასწორ საშინაო დავალებებს, მოუწესრიგებელ მერხს და ჩანთას, საშინაო დავალების ზუსტად ჩაწერის უუნარობას და დროის არაეფექტურ განაწილებას.

- ამ სინდრომის მქონე დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის რთულია საკლასო დავალების შესრულება, საშინაო დავალების სწორად მონიშვნა და ტესტირებით შეფასების გავლა. ამ ბავშვებს თანატოლებთან შედარებით უფრო მეტად უჭირთ დავალების შესრულება, განსაკუთრებით ჯგუფში. ინდივიდუალური სწავლებისას ან ნაკლებად აკადემიურ საგნებს უფრო უკეთ ართმევენ თავს.

- დახმარების სტრატეგიები არ არის უნივერსალური და განსხვავდება პრობლემური სფეროს მიხედვით.

• აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება დასწავლის უნარის დარღვევა, გამოიყენება სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და სპეციალური მასწავლებლის/ აკადემიური თერაპევტის სერვისი. აკადემიური თერაპია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ პრობლემურ სფეროებზე: კითხვის უნარი, მეტაკოგნიცია, ზეპირმეტყველება და მათემატიკური უნარები. ამ სფეროების მასტიმულირებელი აქტივობები აუმჯობესებს სწავლებას როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.

• ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის და მასთან დაკავშირებული ქცევის დარღვევების მართვის მიზნით მასწავლებელმა ჩართული სპეციალისტების გუნდთან ერთად შეიძლება გამოიყენოს საკლასო გარემოში თანატოლთა სწავლება, კომპიუტერის დახმარებით ინსტრუქციების მიწოდება და თვითრეგულირების წერილობითი სტრატეგიები. ამის მაგალითია, ჯგუფური სამუშაოს დროს მოსწავლეთა შეფასებისას ბონუს ქულების გამოყენება წინასწარ დადგენილი წესების შესრულების და თანამშრომლობითი ქცევის დროს.

- საკლასო გარემოში მნიშვნელოვანია იმ გარემო-ფაქტორების გათვალისწინება, რაც ხელს უწყობს უყურადღებობისა და ჰიპერაქტივობის შემცირებას. ეფექტურია მოსწავლის დატვირთვის ხანგრძლივობის შემცირება, დავალებების დაყოფა მცირე ნაწილებად, დამატებითი დროის მიცემა და ხშირი ფიზიკური შესვენებები.

- და ბოლოს, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეების აკადემიური სირთულეების დასაძლევად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა (პრობლემისთვის სახელის დარქმევა), ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა და დახმარების სტრატეგიების სწორად შერჩევა.

წყარო: http://mhc.ge