Nuk
სისხლის დაავადებები პატარებსა და მოზარდებში

თარიღი: 15 მაისი, 2017

სისხლის დაავადებები პატარებსა და მოზარდებში.
სისხლის უამრავი დაავადება არსებობს, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ისევე როგორც განსხვავდება სიპტომები, რომელიც ამ დაავდებებს ახასაითებს. რა არის სისხლის ყველაზე გავრცელებული დაავადება, როგორ ვებრძოლოთ ანემიას, არის თუ არა ის გენეტიკური, რა ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალზი, რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ლაბორატორული კვლევები, რა უნდა ვიცოდეთ ლეიკემიის შესახებ და რამდენად შესაძლებელია ამ ვერაგი დავადების პრევენცია – ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-ჰემატოლოგი, ნინო შარაშენიძე უპასუხებს.

 

როგორია სტატისტიკა, სისხლის რომელი დაავადებები გვხდება დღეს ყველაზე ხშირად? 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გავრცელებული სისხლის დაავადებებიდან არის ანემია, მათ შორის რკინა დეფიციტური ანემია. თუმცა, არსებობს დაავადებათა მთელი ნუსხა, განსაკუთრებით ონკოჰემატოლოგიური დაავადებების, ეს არის ლიმფომები, ლეიკემიები და ა.შ. რომელსაც სხვა სტატისტიკა აქვს, მაგრამ მათ შორის ლიმფომები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

 

რა უნდა ვიცოდეთ სისხლის საერთო ანალიზის შესახებ, რა ინფორმაციის მომცემია ის? 

სისხლის საერთო ანალიზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ექიმმა შეიძლება შესთავაზოს პაციენტს. მასში ჩანს პრაქტიკულად ყველა დაავადება, მათ შორის ვირუსული, ინფექციური, ჰემატოლოგიური დაავადებები და ა.შ.

 

სისხლის საერთო ანალიზი შეიცავს ძალიან ბევრ მინიშნებას: ერითროციტების რაოდენობა, რომელიც ანემიაზე მიუთითებს, თუმცა, ეს მაჩვენებელი სხვა დაავადების დროსაც შეიძლება იყოს შეცვლილი, ასევე თრომბოციტების რაოდენობა, რომელიც თრომბოციტების ნაკლოვანებით მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს, ეს არის თრომბოციტოპენიური პურპურები, მათი რაოდენობის მომატება თრომბოზული გართულებების რისკს წარმოქმნის, ლეიკოციტები, რომელთა რაოდენობის მომატებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, პარაზიტებით და ა.შ.

 

კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი და რაც მთავარია კვალიფიციური ექიმის მიერ შესრულებული სისხლის საერთო ანალიზი არის ამოსავალი წერტილი ძალიან ბევრი დაავადების დიაგნოსტირებისას. სისხლის საერთო ანალიზი იმდენად გავრცელებული კვლევაა, რომ მას ყველა ლაბორატორია ასრულებს. ვისარგებლებ მომენტით და ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ყველა ის კვლევა, რომელიც ანალიზატორებზე კეთდება მთელი რიგი დაავადების დროს, ვერ არის ხოლმე სათანადო ინფორმაციის შემცველი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სისხლის რაოდენობრივ დათვლას, არამედ უშუალოდ ლეიკოგრამის გაშიფვრას. ლეიკოციტების შემცველობაში შედის ლიმფოციტები, მონოციტები, სეგმენტბირთვიანი და ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები. ამ უჯრედების სათანადოდ ამოცნობა და მათთვის ზუსტი სახელის დარქმევა ბევრი ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია პაციენტთან ურთიერთთობის მომენტში. შეიძლება პაციენტს არანაირი კლინიკური ჩივილი არ ჰქონდეს, მაგრამ მისი სისხლის საერთო ანალიზი იყოს რომელიმე ფარულად, ან ლატენტურად მიმდინარე დაავადების მაჩვენებელი.

 

რომელ დაავადებებზე საუბრობთ, სად გადის ზღვარი დასაშვებსა და პათოლოგიურ ცვლილებას შორის? 

დასაშვები ზღვარის გავლება სხვადასხვა დაავადების დროს ძალიან რთულია, ნორმა რა თქმა უნდა სიმბოლური მითითებაა და ნორმიდან უმნიშვნელო გადახრა ყოველთვის პათოლოგიად არ მიიჩნევა. არსებობს უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც ძალიან საყურადღებოა და გვაფიქრებინებს, რომ უნდა გავაღრმავოთ კვლევა რომელიმე მიმართულებით. მაგალითად, თრომბოციტების რაოდენობრივი მომატება, რომელიც თანამედროვე პირობებში პათოლოგიად არ ითვლება.

მაშინ როდესაც ადამიანები არ იღებენ სათანადო რაოდენობით სითხეს, არასრულფასოვნად იკვებებიან, აქვთ დატვირთული სამუშაო გრაფიკი – შეიძლება თრომბოციტების უმნიშვნელო რაოდენობრივი მატება სწორედ ასეთ რეჟიმს დააბრალო.

თუმცა, იგივე თრომბოციტების უმნიშვნელო რაოდენობით მომატება, შეიძლება იყოს მანიშნებელი, რომ ამ პაციეტს ექნება სხვა კოაგულოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სხვა ანალიზში ჩანს და მათი ერთობლიობა, თრომბოციტების რაოდენობის მომატებასთან ერთად უკვე საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ამიტომ, ყველა ანალიზის წაკითხვის დროს, ექიმი პარალელურად კითხულობს პაციენტის ანამნეზს და კარგად შეგროვებული ანამნეზი კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზით, რა თქმა უნდა სერიოზულ მინიშნებას წარმოადგენს.

 

მომატებული ედს-ი, რამდენად ინფორმაციურია ეს მაჩვენებელი და წარმოადგენს თუ არა ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენებას? 

დავიწყოთ იმით, რომ ედს-ის ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება ანტიბიოტიკების დანიშვნის მიზეზს არ იძლევა. ერითროციტების დალექვის სისწრაფე და მისი რაოდენობირივი მომატება, შესაძლოა, ძალიან ბევრი დაავადების შედეგი იყოს. პირველი, ერითროციტების დალექვის სიჩქარემ შეიძლება მოიმატოს მაშინ, როდესაც არის ცოტა რაოდენობით ერითროციტები. რაც უფრო ცოტაა ერითროციტები, მით უფრო სწრაფად ილექებიან. ჩვენს გვაქვს მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ერითროციტების დალექვის სიჩქარე შეიძლება ნული იყოს და ამ დროს ნული სულაც არ ნიშნავს ამ დაავადების კეთილთვისებიანობას.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა არსად შემხვედრია ერითროციტების დალექვის სიჩქარე რომელიმე ანალიზში განსაზღვრული, თუმცა, ასე ხელაღებით მისი უგულვებელყოფა მე პირადად არ შემიძლია. მაშინ, როდესაც ძნელია პაციენტს ყველა ლაბორატორიული კვლევა შენი ეჭვის გადასამოწმებლად ჩაუტარო, ერითროციტების დალექვის სიჩქარე შეიძლება ამ ლაბორატორიული კვლევების გამოხშირვის საფუძველი გახდეს.

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, იგივე სისხლის სისტემური დაავადებიდან მიელომა, რომლის დროსაც არცერთი სხვა კლინიკური ნიშანი პირველადი დათვალიერებით არ მიგითითებს ამ დაავადების არსებობაზე, გარდა უსაშველოდ მომატებული ერითროციტების დალექვის სიჩაქრისა. თუკი გვაქვს საშუალება, გავაკეთოთ ეს კვლვევა, მისი წინააღდეგი არ ვარ. ისევე როგორც სისხლის საერთო ანალიზი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატებაც გარკვეულ საფრთხეზე მიგვანიშნებს. თუმცა, მხოლოდ მისი რაოდენობრივი მომატებით პათოლოგიური პროცესის არსებობის შეფასება, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის.

 

რომელი დაავადებების დროს შეიძლება დაფიქსირდეს სისხლში ცვლილება?
ლეიკოციტები არის უჯრედები, რომელსაც გარდა სხვა უამრავი ფუნქციისა, აკისრიათ ის ფუნქცია, რომ ებრძოლონ ინფექციას. ამიტომ, მათი რაოდენობრივი მომატება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს შედეგი ლატენტურად, ან გამოვლენილად მიმდინარე ინფექციური პათოლოგიის. მშობლებისთვის ლეიკოციტების რაოდენობრივი მომატება საფრთხეს წარმოადგენს ხოლმე, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომატებული ლეიკოციტები რა უჯრეედებს შეიცავენ. სიტყვა ლეოკოციტები არის კრებითი სახელი, რომელშიც უამრავი სხვადასხვა ლეიკოციტი შედის. ეს ლეიკოციტები, ისევე როგორც სისხლის სხვა ფორმიანი ელემენტები, ერითროციტები და თრომბოციტები იბადებიან ძვლის ტვინში, გადიან ზრდა-განვითარების გარკვეულ ეტაპს და უკვე მწიფე ნეიტროფილების, ეოზინოფილების, ლიმფოციტების სახით ხვდებიან პერიფერიულ სისხლში. იმისდა მიხედვით, კონკრეტულად ამ კრებითი ლეიკოციტებიდან თუ რომელი მათგანია ძალიან მომატებული, შეიძლება ვივარაუდოთ რომელიმე დაავადება. მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიდის, პერიოდულად ბავშვს სტკივა ყელი, რა თქმა უნდა ამ დროს შეიძლება ლეიკოციტების რაოდენობა იყოს მომატებული და პერიფერიულ სისხლში ეს ლეიკოციტები განიცდიდნენ გადახრას მარცხნივ. ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც მიგვითითებს მწიფე ნეიტროფილების ანუ ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობრივ მომატებას. მათი რაოდენობრივი მომატება ლეიკოციტების ამ უჯრედებთან ერთად შეიძლება იყოს მაჩვენებლი ჩირქოვან ინფექციაზე.

ზოგადად, სისხლის საერთო ფორმულა, რომელსაც თქვენ ნახულობთ ხოლმე, ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, ორ წლამდე ასაკში უჯრედების რაოდენობრივი შეფარდება ზრდასრული ადამიანისგან ძალიან განსხვავდება. თუ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ნეიტროფილები და ლიმფოციტები, ბავშვებს პირიქით, აქვთ უფრო მეტი ლიმფოციტები და ნაკლები ნეიტროფილები და ეს სულაც არ წარმოადგენს პათოლოგიას. 

არსებობს სისხლის სისტემური დაავადება, მაგალითად ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია, რომლის დროსაც არანაირი კლინიკური ჩივილი შეიძლება პაციენტს არ ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს პერიფერიულ სისხლში ძალიან ბევრი ლეიკოციტები, ან არც თუ ისე ბევრი ლეიკოციტები და ბევრი ლიმფოციტები. თუ ჯანმრთელ ადამიანში მაგალითად ნეიტროფილების რაოდენობა თითქმის 70%-მდე უნდა იყოს, მათ პირიქით აქვთ – 70-80% ლიმფოციტები. თვითონ სიტყვა, სისხლის დაავადება გვეუბნება, რომ შესაბამისი, შესატყვისი  ცვლილება შეიძლება ყოველთვის ნახო სისხლის საერთო ანალიზში.

 

არსებობს დაავადებები, რომელსაც სისხლის საერთო ანალიზით ვერ გამოავლენ, თუმცა მინიშნებას ალბათ მაინც ნახავ. 

თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა ადამიანს არ აწუხებდეს არაფერი, მაგრამ სისხლში ცვლილება მაინც გამოვლინდეს, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საჭირო, ან სასურველი ადამიანმა გარკვეული პერიოდულობით გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი?

 

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში გადამწყვეტი როლი ეკისრება ამ დაავადებების დროულად გამოვლენას. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება დაავადების სწორი დიაგნოსტირება, შესაბამისად გამოსავალი არის უფრო სრულფასოვანი. სისხლის საერთო ანალიზის გარდა, ადამიანმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ის აუცილებელი სკრინინგული კვლევები, რომლებიც მითითებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომლებიც საქართველოში საბედნიეროდ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში შედის. პრევენციას არანაირი ალტერნატივა არ აქვს.

 

რა უნდა ვიცოდეთ ანემიის შესახებ?
ყოველი მეექვსე ადამიანი არის ლატენტური, ან მანიფესტირებული ანემიის მიმართ. ანემია მხოლოდ რკინადეფიციტური არ არის, როგორც ეს საყოველთაოდ არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, ანემიების ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტი მოდის რკინა დეფიციტურ ანემიაზე, თუმცა, არსებობს ანემიის სხვა ფორმებიც – ეს არის ფოლიუმ დეფიციტური, B12 დეფიციტური, ჰემოლიზური. არსებობს სისხლის სისტემური დაავადებები, როგორიც არის ჰიპოაპლასტიური ანემია, რომელიც გაცილებით ვერაგი და რთულად სამკურნალო დაავადებაა და ონკოლოგიურ დაავადებათა ნუსხას მიეკუთვნება.

რკინადეფიციტურ ანემიას, ისევე როგორც ყველა სხვა სახის ანემიას, პრინციპში ერთი კლინიკური გამოვლინება აქვს, ეს არის: ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, შეიძლება იყოს თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა, პაციენტი არის გაბრუებული, ადინამიური, ვერ იღვიძებს დღის პირველ ნახევარში, კარგავს ხალისს, აქვს ქოშინი, ვერ ადის კიბეზე და რა თქმა უნდა ეს პაციენტისთვის შემაწუხებელია.

თუმცა, არსებობს ლატენტური ანემიის ფორმები, რომლის დროსაც პაციენტს შეიძლება არანაირი კლინიკური ჩივილი არ ჰქონდეს და არც სისხლის საერთო ანალიზში ჩანდეს ანემიის გამოვლინება, მაგრამ შეიძლება ანემია გაცილებით ადრე დაიწყოს, ვიდრე ჩვენ მას აღმოვაჩენთ. ყველა ადამიანს აქვს რკინისა და ვიტამინების გარკვეული მარაგი, რომლებიც ერითროციტების „შენებაში“ მონაწილეობენ. მარაგი არის როგორც ქსოვილში, ისე შრატში. ვიტამინები პირველ რიგში ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც სათანადოდ იშლებიან, გადამუშავდებიან და შემდეგში ისინი შეიწოვებიან კუჭის კარდიალური ნაწილის თორმეტგოჯა ნაწლავის გარკვეული უბნების მიერ, გადაიტანებიან და გროვდებიან სისხლის შრატში. მათი გამოყენება საჭიროების მიხედვით ხდება, რკინა მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ ძვრაში, რაც კი ორგანიზმში ხდება: გიხარია, გწყინს, ცუდად გძინავს, თმა გეზრდება, ფრჩხილი გეზრდება – ყოველთვის იხარჯება რკინა. თუკი შრატში არსებული რკინის და სხვა ვიტამინების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, იწყება მისი ქსოვილებიდან ამოღება, ქსოვილიდან შრატში, შრატიდან პერიფერიაზე. შესაბამისად, სანამ არსებობს მარაგი ქსოვილოვანი და შრატისმიერი ვიტამინებისა, შეიძლება ანემიის კლინიკური მანიფესტაცია არ იყოს.

როდესაც ადამიანს ანემიის განვითარების რაიმე სერიოზული მიზეზი არ აქვს და ეს მხოლოდ ერთჯერადად ხდება, მაგალითად იყო ჭარბი სისხლისდენის ეპიზოდი და დავარდა ჰემოგლობინი, თუკი მას განმეორებით მაინც დაემართა ქრონიკული რკინადეფიციტური ანემია, ეს მხოლოდ არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგია. როდესაც პაციენტი რკინის პრეპარატს იღებს, მისი კლინიკური მდგომრეობა ძალიან სწრაფად სწორდება. როგორც დღეს ხდება, რომ ყველას შეუძლია იყიდოს რკინის შემცველი პრეპარატი და თავად უმკურნალოს თავს, სწორი არ არის.

ჩვენი პაციენტების დიდი ნაწილი ზოგჯერ მრავალი კვირისა და თვის განმავლობაშიც კი იღებენ რკინის პრეპარატს. რკინა დეფიციტური ანემიის კლინიკური გამოვლინება და პირველადი ლაბორატორიული შედეგები ძალიან გავს ხოლმე თავასემიას, ეს არის დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს საერთოდ არ აქვს რკინის დეფიციტი, უფრო მეტიც, აქვს რკინის უზარმაზარი მარაგი, როგორც ქსოვილში, ისე შრატში და არ ხდება მისი სათანადოდ გამოყენება. ასეთ დროს, რკინის პრეპარატის დანიშვნა, პრინციპში არის დანაშაული – ორგანიზმში ჭარბი რკინის დაგროვება იწვევს ერთ-ერთ უსერიოზულეს დაავადებას, რომელსაც ქვია ჰემოსიდეროზი.  მას შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, თირკმელი, ფილტვი და ა.შ.

დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში – მშობლები ხშირად ჩივიან რომ ბავშვები არ იკვებებიან სწორად, რამდენად არის ჰემოგლობინი კვებასთან კავშირში?

რკინა ეს არის ვიტამინი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ საკვებისგან ხვდება. რკინა ყველაზე დიდი რაოდენობით არის საქონლის წითელ ხორცში, რკინას შეიცავს ბროწეული, ვაშლის წვენი, ოხრახუში, გარგალი, წიწიბურა. მე არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ადამიანს აქვს რკინის ღრმა და ქრონიკული დეფიციტი და ვაშლის, ან ბროწეულის წვენს უნიშნავენ. ზოგადად, რკინის შეწოვა ხდება ლორწოვანი გარსებიდან და როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკულად მიმდინარე ანემია, პირველ რიგში ლორწოვანი გარსები ზიანდება. როდესაც ამ ”გაშიშვლებულ” ლორწოვანზე დიდი რაოდენობით მჟავე წვენებს იღებს ადამიანი, დაზიანებული ლორწოვანი, კიდევ უფრო მეტად ზიანდება და იკვრება მანკიერი წრე. ამიტომ, უმჯობესია, მკურნალობა განხორციელდეს რკინის შემცველი პრეპარატებით და მხოლოდ ამის შემდეგ არის საჭირო კვებითი დიეტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავდა ახალი რეკომენდაცია, რომ  ფოლიუმის მჟავა და რკინის შემცველი პრეპარატები ქალებმა მთელი ორსულობის მანძილზე უნდა მიიღონ, არის თუ არა სწორი ამ პრეპარატების მიღება, თუკი არ არის რკინადეფიციტური ანემია?

ცნობილია, რომ იმ ნერვული ხვრელის ჩამოყალიბებაში, რაშიც ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს, გავლენას ახდენს ორსულობამდე 4-6 კვირით ადრე დანიშვნა და ორსულობის პირველი ორი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, ფოლიუმის მჟავის უსისტემოდ გამოყენება არ შეიძლება. მე პირადად რკინას ყველა ორსულში ვერ დავნიშნავ. შეიძლება ეს რეკომენდაცია უმნიშვნელო რაოდენობის რკინას ეხება… აუცილებელია განისაზღვროს სისხლის შრატში რკინის შემცველობა, განისაზღვროს ფოლიუმის შემცველობა და გადავწყვიტოთ მკურნალობის ტაქტიკა.

 

ლეიკემია, დაავადება, რომლის გაგონებაც კი ზარავს ადამიანს…. როგორია სტატისტიკა?
ლეიკემია ძალიან მძიმე დაავადებაა. ლეიკემია არსებობს რამდენიმე სახის, ქორონიკული და მწვავე ლეიკემია, ლიმფოიდური, მიელოიდური. რაც შეეხება სტატისტიკას, სულ რამდენიმე წელია საქართველოში მუშაობს კიბოს რეესტრის ცენტრი და ყველა ინფორმაცია მიდის სწორედ იქ, ჩემი ერთი კლინიკის მაჩვენებლით შემიძლია გითხრათ, რომ ლიმფომებმა უფრო მოიმატა, ვიდრე მწვავე ლეიკემიებმა. დაავადებების დიდი ნაწილი გახდა დიაგნოსტირებადი, რადგან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტებმა ექიმებთან მისვლა შეძლეს. პაციენტების გარკვეულ ჯგუფს საერთოდ არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ სპეციალისტთან მისულიყო და მათი დიდი ნაწილი ისე იღუპებოდა, რომ ექიმთან კონსულტაცუიასაც ვერ ახერხებდა. სოციალური ქსელების დახმარებით იმ ადამიანების დახმარება გახდა შესაძლებელი, რომლებიც შველას ითხოვენ.

აქვე დავამატებ, რომ, საქართველოში უკვე არსებობს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა მუშაობს და ის ინგოროყვას კლინიკის ბაზაზე გაიხსნა. უკვე გაკეთდა ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია.

 

ლეიკემიის დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სპეციფიური კვლევების საფუძველზე, თუმცა, იგივე სისხლის საერთო ანალიზი მთავარ მინიშნებას წარმოადგენს. მწვავე ლეიკემია ეს არის დაავადება, რომელიც შეიძლება სრულიად უეცრად დაიწყოს. როდესაც ხდება სიმსივნური უჯრედების დრენირება პერიფერიულ სისხლში, ის ყოველთვის არის გარკვეული კლინიკური ჩივილის შემცველი. ლეიკემიის დროს ხდება ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შეიძლება პაციენტს აწუხებდეს ანემიური სინდრომი, თქვას, რომ რამდენიმე დღე ქოშინებდა, ჰქონდა ზოგადი საერთო სისუსტე, დაკარგა ფერი, შეიძლება ჰქონდეს უმიზეზო სისხლჩაქცევები, ძვლების ძლიერი ტკივილი. ვინაიდან უჯრედები ძვლის ტვინში იბადება და შემდეგში ხდება მათი გადასვლა პერიფერიულ სისხლში, სწორედ ამ მომენტში იწყება ძვლების ტკივილი. ხშირად პაციეენტები ამ ჩივილებით სულ სხვა დარგის ექიმებთან ხვდებიან ხოლმე, მაგალითად რევმატოლოგებთან, ან ნევროპათოლოგებთან. შეიძლება ლეიკოციტები რაოდენობრივად მომატებული ან დაკლებული იყოს, თუმცა ყველაზე დიდი გამოვლინება ლეიკოციტებში არის ბლასტური, სიმსივნური უჯრედები, რომლებიც პერიფერიულ სისხლში არანაირად არ უნდა ხვდებოდნენ და მათი, ანუ ატიპიური უწიფარი უჯრედების არსებობა პერიფერიულ სისხლში, ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებს, რომ  სისხლის სისტემური დაავადების გამოსარიცხად კვლევა უნდა გავაგრძელოთ.

 
რა არის ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი, არის თუ არა ეს გენეტიკური და თუ არის განკურნებადი?
დიდ პროცენტში, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში განკურნებადია. ამ დაავადების განკურნება მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს არ ხდება, მთელი რიგი შემთხვევების დროს, ერთადერთი რეალური გამოსავალი, რომ პაციენტი ცნო გამოჯანმრთელებულად, რა თქმა უნდა არის ძვლის ტვინის გადანერგვა. თუმცა, არსებობს დაავადებების ფორმები, იგივე ლიმფობლასტური ლეიკემია, რომლის დროსაც პირველი რიგის თერაპია, თუკი ქიმიოთერაპიის ფონზე მივიღებთ სრულ კლინიკურ ჰემატოლოგიურ რემისიას, ტრანსპლანტაცია არ ხორციელდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული პროცედურაა და სწორად, კარგად და სრულფასოვნად შესრულებული ტრანსპლანტაციის დროსაც კი ძალიან მაღალია ლეტალური გამოსავალი. თუკი ტარდება ალოგენური, ანუ სხვისი ძვლის ტვინის გადანერგვით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მისაღები ძვლის ტვინის გადანერგვა ხორციელდება, შეიძლება განვითარდეს რეაქცია, რომელსაც ქვია მასპინძელი ტრანსპლანტაციის წინააღმდეგ და არ მიიღოს ორგანიზმმა გადანერგილი ძვლის ტვინი. ამ პროცესში, ამ ჭიდილში შეიძლება უამრავი ინფექცია ან პათოლოგია შეიძლება განვითარდეს, რომლის მართვა იყოს შეუძლებელი.

 

რაც შეეხება პროგრამულ ქიმიოთერაპიას, ეს არის ძალიან დახვეწილი, რადგან, ზოგადად ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ სამედიცინო კანონს ემყარება, გაიდლაინებში მითითებულია რომელ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა რა უნდა შეასრულოს. ეს კი პაციენტთა დიდი წილის გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა.

 

რა შემთხვევაში, რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივიდეთ ჰემატოლოგთან? 

ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების პირველი რგოლი, ოჯახის ექიმი, სწორად გადამისამართებული პაციენტი სპეციალისტთან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სიმპტომებს, არის ზოგადი ანემიური სინდრომი, რომელიც გამოიხატება სისუსტეში, უმიზეზოდ სისხლჩაქცევებსა და სისხლდენებში, მორეციდივე, ხშირად მიმდინარე ინფქეციებში და ა.შ.

რაც შეეხება ლიმფომებს, ხშირია შემთხვევები, მოდიან პაციენტები და ამბობენ, რომ ორი თვეა, ან ორი წელია, კისერში აქვთ ლიმფური ჯირკვალი, რომელიც არ სტკივათ. სინამდვილეში კი  გადიდებული ლიმფური კვანძი შეიძლება ერთადერთი გამოხატული სიმპტომი იყოს საკმაოდ სერიოზული დაავადებისა. არსებობს ლიმფომის ისეთი ფორმები, რომლის დროსაც კვანძები პერიფერიაზე საერთოდ არ ჩნდებიან და მათი გადიდება მუცლის ღრუში იწყება და სანამ არ მიაღწევს ისეთ ზომას, რომ ორგანოებზე ზეწოლა განაპირობოს და ტკივილის სინდრომი გამოიწვიოს, შეიძლება პაციენტი ექიმთან არც მივიდეს.

ღამით ოფლიანობა, უმიზეზოდ კანის ქავილი, ადინამია, ადვილად დაღლა, ცხელება, რომელიც არაფერს უკავშირდება – ეს არის ის საგანგაშო სიმპტომები, როდესაც პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს.

წყარო: www.fortuna.ge