Nuk
სისხლდენა ორსულობის დროს

თარიღი: 15 აგვისტო, 2017

გაიგეთ მეტი!

ს ი ს ხ ლ დ ე ნ ა ორსულობის დროს

ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა საშოდან რაც, ბუნებრივია, საყურადღებო სიმპტომს წარმოადგენს, თუმცა გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკის და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის პირობებში ვაგინალური სისხლდენა/სისხლოვანი გამონადენის არსებობა ყოველთვის არ ხასიათდება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლით. 

ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაგინალურ სისხლდენას ყოველთვის სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგიერთ შემთხვევაში საშოდან სისხლოვანი გამონადენის არსებობა მოსალოდნელი აბორტის მანიშნებელი სიმპტომია ან მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. 

ორსულობის დროს ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზების ცოდნა დაგეხმარებათ იცოდეთ რა შემთხვევაში მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

მიზეზები:

ვაგინალურ სისხლდენას ორსულობის დროს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათგან ზოგიერთი საყურადღებო და საშიშია, ზოგიერთი კი ნაკლებად.

პირველი ტრიმესტრი:

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:

1. სპონტანური აბორტი

2. იმპლანტაციური სისხლდენა რაც ვითარდება განაყოფიერებიდან 10/14 დღის შემდეგ.

3. საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად : ცერვიკალური ინფექცია, ანთებადი საშვილოსნოს ყელი ან წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში. 

4. ექტოპიური ანუ საშვილოსნოს გარე ორსულობა 

5. მოლარული ორსულობა - იშვიათი შემთხვევა, როდესაც განაყოფიერების შემდეგ საშვილოსნოს ღრუში ვითარდება აბნორმული წარმონაქმნი ჩანასახის ნაცვლად. 


მეორე და მესამე ტრიმესტრი:

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:

1. ნორმალურად მიმაგრებული პალცენტის ნაადრევი აცლა

2. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი

3. საშვილოსნოს ყელის უკმარისობა / საშვილოსნოს ყელის ნაადრევი გახსნა, რის შედეგსაც ნაადრევი მშობიარობა წარმოდგენს. 

4. საშვილოსნოს ყელისმიერი სხვა პრობლემები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ინფექცია, ანთებადი საშვილოსნოს ყელი და მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა საშვილოსნოს ყელის მიდამოში. 

5. ნაადრევი მშობიარობა , რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სისხლდენა, განსაკუთრებით შეკუმშვების პერიოდში, ამ დროს ქალს აქვს ტკივილი წელისა და მუცლის ქვედა არეშიც.

6. საშვილოსნოს გახევა - იშვიათი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მოვლენაა, ვითარდება გადატანილი საკეისრო კვეთის მქონე ქალებში ნაწიბურის გახსნის შემთხვევაში.

7. ნორმალურია მცირე რაოდენობით სისხლოვანი - მოვარდისფრო გამონადენის არსებობა ორსულობის დასასრულთან ახლოს პერიოდში

8. მცირედი სისხლდენა ხშირად ახლავს თან საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი საცობის მოცილებას ორსულობის დასასრულისკენ. ის შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მშობიარობის დაწყების ნიშანი. ამ დროს ვაგინალური გამონადენი ვარდისფერი ან სისხლოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს განვითარებული ყველა სახის სისხლდენა იყოს აღრიცხული და შეფასებული თქვენი ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერის მიერ. 

ექიმს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია სისხლის დანაკარგის რაოდენობის , ფერის, კონსისტენციის შესახებ, ასევე მასში სისხლის კოლტების არსებობის შესახებ.

პირველი ტრიმესტრი- ორსულობის 12 კვირის ვადამდე:

▪ დაგეგმეთ თქვენს ექიმთან შემდგომი ვიზიტი თუ აღგენიშნებოდათ თუნდაც მცირე რაოდენობით სისხლოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, რომელიც გაგრძელდა 1 დღე მაინც

▪ ვაგინალური სისხლდენის დაფიქსირებდან 24 საათის განმავლობაში მიაკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს

▪ დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს თუ აღგენიშნათ საშუალო ან ჭარბი რაოდენობით სისხლდენა, ქსოვილების შემცველი ან სხვა სახის გამონადენი სასქესო გზებიდან, რასაც თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში, ტენეზმები ან ცხელება და შემცივნება.

მეორე ტრიმესტრი - ორსულობის 13 - 24 კვირა:

▪ მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერს იმის შესახებ, თუ როდის დაგეწყოთ სისხილიანი გამონადენი, თუნდაც მცირე რაოდენობით, და იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მცირე რაოდენობით გამონადენი შეჩერდა რამდენიმე საათში.

▪ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ აღგენიშნათ საშუალო ან ჭარბი როდენობით სისხლდენა საშოდან, მითუმეტეს თუ ის გრძელდება ერთ დღეზე მეტხანს ან ასოცირებულია ტკივილთან მუცლის არეში, ცხელებასთან, გულისრევასთან და საშვილოსნოს შეკუმშვებთან.

მესამე ტრიმესტრი - 25 კვირიდან 40 კვირამდე პერიოდი:

▪ დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს საშოდან ნებისმიერ სახის სიხლდენის შემთხვევაში, ასევე მუცლის არეში ტკივილის თანხლების არსებობისას.

▪ გახსოვდეთ, რომ ორსულობის ბოლო კვირებში ვარდისფერი ან სისხლოვანი /სისხლნარევი ვაგინალური გამონადენი წარმოადგენს მშობიარობის დაწყების ნორმალურ სიმპტომს.

  

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე