Nuk
როგორ დავიცვათ თავი ზამთარში სიცივის ალერგიისგან

თარიღი: 08 ნოემბერი, 2022

როგორ დავიცვათ თავი ზამთარში სიცივის ალერგიისგან ?

 

ყველა წელიწადის დრო თანაბრად ლამაზი და სასურველია. ზამთარი ასოცირებულია სიცივესთან, თოვლთან, თხილამურებით სრიალთან, გუნდაობასთან, ახალ წელსა და თოვლის ბაბუასთან. პოზიტიურ განწყობასთან ერთად ალერგიული ადამიანებისთვის ზამთარი და სიცივე შესაძლებელია დიდი დისკომფორტის მომტანი იყოს, მიზეზი კი სიცივის ალერგიაა.

სიცივის ალერგიის მიზეზების შესახებ გვესაუბრება ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე

 

რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს სიცივის ალერგია?

სიცივის ალერგია უფრო ხშირად აღენიშნებათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, სიმპტომების გამოვლენა ძირითადად იწყება თუ გარემოს ტემპერატურა ეცემა 4° C-ზე დაბლა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ალერგიული ნიშნები იჩენს თავს უფრო მაღალ ტემპერატურაზეც. ჩივილები განსაკუთრებით მძაფრდება ქარიან და ნესტიან ამინდში, ასევე ცივ წყალთან კონტაქტისას, ზოგ შემთხვევაში კი ცივი წყლისა ან სასმელის მიღების შემდეგ. 

სიცივის ალერგიია ძირითადად ვლინდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარით, განსაკუთრებით იმ უბნებზე, რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული, ხელისა და ფეხის თითების შეშუპებით, კანის სიწითლით, რომელიც მძაფრდება სიცივიდან სითბოში შემოსვლის შემდეგ, ასევე ტუჩების სიწითლით, შეშუპებითა და დასკდომით. 

 

შესაძლებელია თუ არა კანისმიერი გამოვლინების გარდა სიცივემ სასუნთქი სისტემა გააღიზიანოს?

დიახ, ხშირია სიცივით პროვოცირებლი სურდო იგივე რინიტი, რომელიც განსაკუთრებით სიცივეში სეირნობის ან თხილამურებით სრიალის დროს მძაფრდება, სიმპტომებს შესაძლებელია თან ახლდეს ცემინებაც განსაკუთრებით ტემპერატურის ცვალებადობის დროს. სიცივე ზოგ შემთხვევაში ბრონქოსპაზმის პროვოცირებასაც უწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ პირებში ვისაც ანამნეზში ხშირი ბრონქიტი და ასთმა აქვთ.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ალერგოლოგის ჩართულობა სიცივის ალერგიის დროს?

ალერგოლოგის მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია სიცივის ალერგიის დროს, აუცილებელია სწორი მკურნალობის კურსის ჩატარება, სწორი დოზირების მედიკამენტების შერჩევა ეფექტური მკურნალობისათვის, ასევე რეკომენდებულია პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება შემოდგომაზე სანამ აცივდება, რადგან წინასწარი მომზადებით ალერგიულ სიმპტომებს გაცილებით უფრო მარტივად გადალახავს ორგანიზმი.

 

რა რეკომენდაციები შესაძლებელია მივცეთ მკითხველს ექიმთან მისვლამდე?

სიცივის ალერგიის დროს აუცილებელია გარეთ ხელთათმანების, ქუდისა და შარფის ტარება, რომელიც მექანიკურად იცავს სხეულს სიცივის ზემოქმდებისგან, ასევე სასურველია სიცივეში ყოფნის დრო მინიმუმამდე დავიდეს განსაკუთრებით ყინვის დღეებში, ასევე რეკომენდებულია მოვერიდოთ ცივი სასმელების მიღებას და ცივ წყალში ხელების დაბანას.

 

განკურნებადია თუ არა სიცივის ალერგია?

სიცივის ალერგია ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სრულად გავიდეს, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და დაავადების სიმძიმეზე არის დამოკიდებული. ალერგოლოგის ჩართულობითა და სწორი მკურნალობით  სიცივეში არსებული სიმპტომები ზამთრის პერიოდშიც კი მინიმუმამდე დადის.