Nuk
საფენის დერმატიტი

თარიღი: 11 აპრილი, 2017

საფენის დერმატიტი ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ვითარდება კანის საფენთან კონტაქტის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა, რომელიც 15-18 პროცენტში გვხვდება.

პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, ასეთ დროს კანის დაზიანების მიზეზებია: დამატენიანებლის ჭარბად მოხმარება, ხახუნი, მაცერია, მაღალი PH გარემო და ახალშობილებში განავლის მაღალი ფერმენტული აქტივობა. საფენში შარდისა და განავლოვანი მასების ერთობლიობით იზრდება ტენიანობა, იმატებს ოკლუზიური ეფექტი, რაც შესაბამისად იწვევს კანის მაცერაციასა და ეპიდერმისის რქოვანა შრის დაზიანებას. იზრდება ქიმიური გამაღიზიანებლებისა და მიკრობული აგენტების შეღწევადობა. ფეკალური ბაქტერია გამოყოფს ფერმენტ ურეაზას და შარდთან ურთიერთქმედების შემდეგ საფენის ქვეშ ხდება PH დონის მატება. განავლოვანი ფერმენტების აქივობით იცვლება კანის მიკრობიოტა, რაც ანთებით დაზიანებულ მიდამოებზე იწვევს ეპიდერმისსა და განავალში არსებული მიკრობების კოლონიზაციას.

 

ბატონო თემურ, საფენის დერმატიტის დროს, რა რისკ ფაქტორებთან გვაქვს საქმე?

ასეთ დროს რამდენიმე რისკ ფაქტორი არსებობს: ჩვილებში ფუნქციური დიარეა, კანის მუდმივი გაღიზიანების გამო, ლოკალურად ზრდის საფენის დერმატიტის განვითარების რისკს. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს საფენთან კონტაქტურ უბნებში უფრო მაღალი PH დონე აქვთ და კიდევ ერთი – ანტიბიოტიკების არარაციონალური და ხანგრძლივი დროით გამოყენება.

 

რა არის აუცილებელი საფენის დერმატიტის დიაგნოსტირებისთვის?

საფენის დერმატიტი შეგვიძლია დავყოთ: მსუბუქი, საშუალო და მძიმე სახის ფორმად. მსუბუქი ეს არის ცალკეული ერითემატოზური პაპულები ან მსუბუქი ასიმპტომური ერითემა კანის ზედაპირის მცირე უბნებზე, მინიმალური მაცერიითა და დაზიანებებით. საშუალო – უფრო ფართო ერითემა, მაცერაციითა და ზედაპირული ეროზიებით. მძიმე საფენის დერმატიტი ხასიათდება დიდი ატროფიული ერითემით, მტკივნეული ეროზიებით, პაპულებითა და კვანძებით. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დიფერენცირება: კალიუმის ჰიდროქსიდით პრეპარირება სოკოს დიაგნოსტირებისათვის, მუნის დასადგენად მინერალური ზეთებით მიკროსკოპული პრეპარირება და გახანგრძლივებულ ვირუსულ ინფექციებზე ეჭვის დროს დაზიანებული კანის ვირუსოლოგიური კვლევა.

 

როგორ უნდა ვმართოთ საფენის დერმატიტი?

საფენის დერმატიტის მართვა მოიცავს კანის მოვლის ზოგად პრინციპებს: საფენის ხშირი ცვლა, ჰაერისა და მზის აბაზანები, კანის ნაზი გასუფთავება, საფენის სწორი და ზუსტი ზომის შერჩევა. D3 ვიტამინის რეგულარული მიღება, უალკოჰოლო და არაპარფიუმშემცველი საშუალებების გამოყენება. სასურველია, რომ საფენის მიდამო გასუფთავდეს თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით. რაც შეეხება ბავშვისთვის საუკეთესო საფენის შერჩევას – ეს სადავო საკითხია. ადსორბირებადი გელის შემცვლელობის მიუხედავად არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ საფენის გამოყენება ან სახეობა დაიცავს ბავშვს საფენის დერმატიტისგან.