Nuk
რომელი ხილი მივირთვათ საახალწლო სუფრიდან?

თარიღი: 27 დეკემბერი, 2020

ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, C ვიტამინს, ფრუქტოზას, უჯრედისს. ასევე მდიდარია სხვა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდაციური მოქმედების მქონე ნივთიერებებით.

შაქრის შემცველი სხვა პროდუქტის მსგავსად, ხილის გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, მისი მიღება ტვინს სიამოვნებს, თუმცა გლუკოზის შემცველი პროდუქტებისგან განსხვავებით, ხილში შემავალი ფრუქტოზა ნაკლებად მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობის მომატებაზე. ხილში შემავალი უჯრედისი ასევე ხელს უწყობს ნაწლავთა პერისტალტიკის გააქტიურებას.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ნინო აბესაძე.

რომელი ხილის მიღება არ შეიძლება დიდი რაოდენობით?
ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ხილის მიღება არ არის რეკომენდებული. უმთავრესი ზომიერების დაცვაა და განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ჭარბი წონა, სიმსუქნე, ჰიპერქოლესტერინემია ან შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ხილში შემავალი ფრუქტოზაც შაქრის ერთ-ერთი სახეობაა. გლუკოზასთან შედარებით უფრო უსაფრთხო შაქრის სახეობას მიეკუთვნება, თუმცა ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა გამოწვევის წინაშე დადგეთ და ზომიერების შეგრძნება დაკარგოთ, რადგან ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ ადამიანის ტვინი გლუკოზის მიღებაზე სიმაძღრის შეგრძნებით რეაგირებს, ფრუქტოზის მიღების შემთხვევაში მადა მეტად აღიძვრება და შიმშილის ჰორმონები თავისუფლდება. ამიტომაც არაა აზრს მოკლებული ხალხში გავრცელებული ფრაზა, რომ „ხილი უფრო აშიებს“.

დღესდღეობით აქტუალურია ღირებული კალორიის ცნება, რაც გულისხმობს, რომ საკვები არ უნდა იყოს ცარიელი კალორია, ანუ შაქარი (მაგალითად, ტკბილი გაზიანი სასმელები ან ნამცხვრები), რომელიც ენერგიას მოგვცემს, მაგრამ საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ვერ შეგვავსებს. ხილი სავსებით აკმაყოფილებს ღირებული კალორიის პრინციპს და მისი ზომიერად, ყოველდღიურ რაციონში ჩართვა აუცილებელია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კალორიებით დატვირთული ხილია ბანანი, ყურძენი, ხურმა, ლეღვი, ნებისმიერი სახის ჩირი. ყოველთვის უმჯობესია, რომ ხილი ცოცხალი სახით მიირთვათ.

საახალწლო სუფრიდან რომელი ხილია სასარგებლო და რატომ?
საახალწლო სუფრაზე ძირითადად ხვდება სეზონური ხილი, კერძოდ, ფორთოხალი, მანდარინი, კივი, ბანანი, ვაშლი, ბროწეული. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დაბალკალორიული, ამასთან, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარია კივი და ფორთოხალი. მაგალითად, 100 გრამი ფორთოხალი სულ რაღაც 47 კკალორიას შეიცავს და სავსეა A ვიტამინით, კალციუმით; 100 გრ კივი კი მხოლოდ 60 კკალორიას შეიცავს. ის შეგივსებთ C ვიტამინის დღიურ მოთხოვნილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. ასევე მინდა დავარღვიო მითი და გითხრათ, რომ რკინის შემცველობა ბანანსა და კივში მეტია, ვიდრე ვაშლში, თუმცა რკინაზე დღიურ მოთხოვნილებას მხოლოდ ამ ხილითაც ვერ შეივსებთ.

რას გვეტყვით ეგზოტიკურ ხილზე?
რაც შეეხება ეგზოტიკურ ხილს, მაგალითად, ანანასი, გრეიპფრუტი, ავოკადო  ძალიან სასარგებლოა და ზომიერების ფარგლებში ხშირად არის ჩართული წონის კლებისთვის განკუთვნილ დიეტებში. ანანასი და გრეიპფრუტი საკმაოდ დაბალკალორიულია. ავოკადო მაღალკალორიული ხილია, თუმცა არა ნახშირწყლების, არამედ სასარგებლო ცხიმის ხარჯზე, რაც მას ჰიპერქოლესტერინემიის და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც რეკომენდებულ პროდუქტად აქცევს. მასში მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში, რომელიც ცნობილია როგორც კალიუმით მდიდარი ხილი.

ხილი საკვებთან ერთად, სადილობის შემდეგ დესერტის სახით უნდა მივირთვათ თუ ცალკე და რატომ?
ხილის მირთმევა უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, როდესაც ადამიანი მეტად დატვირთულია ფიზიკურად და ინტელექტუალურად და მეტ კალორიას ხარჯავს, რადგან ხილში მაინც სწრაფად შეწოვადი ნახშირწყლები შედის. თუმცა არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ხილის მიღება სხვა საკვებთან ერთად ან დღის მეორე ნახევარში მავნებელია, ან ხილს სასარგებლო თვისებებს უკარგავს. მთავარია ზომიერების დაცვა და დაბალანსებული მრავალფეროვანი კვება, ზედმეტი კილოგრამებისგან თავის არიდების მიზნით.

ხილის შერჩევისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
დღესდღეობით საკმაოდ რთულია ჯანსაღი პროდუქტის შერჩევა. რასაკვირველია, უმჯობესია, რომ შევიძინოთ ენდემური, ქიმიურად ნაკლებად დამუშავებული, ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი ხილი. ნუ ენდობით ხილის მომხიბლავ გარეგნულ იერს! ჯანსაღ ხილს არ უნდა ჰქონდეს პრიალა ზედაპირი. ასევე ხილის არომატი და გემო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმის გასარკვევად, თუ რამდენად ბუნებრივი გზითაა ხილი მოყვანილი.