Nutricia
როგორ ვუშველოთ საფენქვეშა დერმატიტს

თარიღი: 03 დეკემბერი, 2019

დარწმუნებული ვარ, ყველა დედისთვის ნაცნობი სიტუაციაა - საფენქვეშა არეში მოულოდნელად კანის კანის შეწითლება და გამონაყარი შენიშნეთ.
ზოგჯერ ეს დიარეის დროს ხდება, ზოგჯერ - ანტბიოტიკიების გამოყენებისას, ზოგჯერ კი - თითქოს სრულიად უმიზეზოდ.
ალბათ მიხვდით, დღეს საფენის დერმატიტზე ვისაუბრებთ.

რატომ ჩნდება საფენის დერმატიტი ასე ადვილად ჩვილებში?
ამ ყველაფერს საფუძვლად ბავშვის კანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს, ბავშვის კანი ხომ ძალიან ნაზია. მისი კანის შრეებს შორის კავშირი არცთუ ისე მჭიდროა, რის გამოც ადვილად იქერცლება, იოლად ჩნდება ბუშტუკებიც. ჩვილის კანი უხვად მარაგდება სისხლით, რის გამოც ინფექციის გავრცელებაც ადვილად ხდება კანის გზით.
თუ პატარას საფენი დიდხანს აცვია, ხანგრძლივდება კანთან შარდისა და განავალის შეხება. ბიოლოგიურ გამონაყოფებში არსებული ფერმენტები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ერთობლივი ძალით უტევენ ნაზ კანს, გაღიზიანებულ კანში ადვილად იჭრებიან ბაქტერიები და სოკოები და შედეგად ვიღებთ გაწითლებულ, ზოგჯერ დაწყლულებულ კანს.
ხანდახან ისეც ხდება, რომ პატარას საფენის რომელიმე ინგრედიენტის აუტანლობა აქვს და საფენის კანთან შეხება ალერგიას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ?
- შეარჩიეთ ისეთი საფენი, რომელიც მაქსიმალურად კარგად იწოვს სისველეს.
- ხშირად შეცვალეთ საფენი, რათა თავიდან აიცილოთ შარდისა და განავლის კანთან შეხების გახანგრძლივება
- შეარჩიეთ კარგად მორგებული საფენი კანთან ხახუნის თავიდან ასაცილებლად.
- შორისის მიდამო ყველა ნაწლავთა მოქმედების შემდეგ გულდასმით ჩაბანეთ და გაამშრალეთ.
- დაბანის მერე მაშინვე ნუ ჩააცმევთ საფენს, გაზარდეთ უსაფენო პერიოდი.
- არ გაწმინდოთ დაზიანებული კანი სველი ხელსახოცებით.
- კანის დაზიანების დროს გამოიყენეთ თუთიის შემცველი საფენქვეშა კრემები, რაც ხელს უწყობს კანის - გაღიზიანების შემცირებას და სწრაფად ამშვიდებს მას.

უეფექტობის შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ პატარა ექიმს.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე