Nutricia
როგორ ვაქციოთ ბავშვის კვება სასიამოვნო პროცესად

თარიღი: 30 მაისი, 2020

"ჩემი ბავშვი არაფერს არ ჭამს, სკამზე არ ჩერდება, თეფშსა და საკვებს მაგიდიდან ისვრის" 

"ჩემი შვილი მგონი არ იზრდება"

"ყველა ბავშვი პრეტენზიული მჭამელია, ჩემი ბავშვიც ასეთია..." 

"ჩემი შვილი სკოლაში ძალიან კარგად ჭამს, სახლში კი - არა" 

"ჩემი შვილი არაფერს არ ჭამს თავის საყვარელი შემწვარი კარტოფილის გარდა" 

 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზებიდან თქვენთვის ერთი მაინც ნაცნობია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ ინფორმაციას.

თეორიულად ყველამ ვიცით, რომ ბავშვმა ჯანსაღად უნდა იკვებოს. ამიტომაც მშობლები კვების პროცესს ხშირად იძულებით კვებად ვაქცევთ ხოლმე. ეს ბავშვისთვის დამატებითი სტრესორია და კიდევ უფრო მწვავდება მისი პროტესტი საკვებთან დაკავშირებით.

თუ თქვენ წყვეტთ, რამდენი, როდის და რა უნდა ჭამოს ბავშვმა, აჭმევთ დიდ ულუფებად მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ეს საკვები ბავშვს ან ადარებთ სხვა ბავშვებს და აიგნორებთ ბავშვის თხოვნას - ჭამოს ნაკლები ან ცოტა მოგვიანებით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ძალდატანებით კვების უარყოფით შედეგებს და შემდეგ რამდენიმე რეკომენდაციას, თუ როგორ აქციოთ კვების პროცესი რუტინის სასიამოვნო ნაწილად, როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვის.

ძალდატანებით ჭამის უარყოფითი შედეგებია: 

ღებინება;

საკვების უარყოფა;

გემოვნების დაკარგვა;

უარყოფითი ემოციები;

არაჯანსაღი კვებითი ჩვევების ხელშეწყობა და კონტროლის დაკარგვა;

კვებითი დარღვევები, როგორიცაა ანორექსია და ბულემია;

საკვები ულუფების ან კვების სიხშირის კლება;

ბევრი სახეობის საკვებზე უარის თქმა;

მშობლის კონტროლი საკვებზე შესაძლოა მოზარდობაში დაბალი თვითშეფასების მიზეზი გახდეს, რადგან ბავშვი კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.


რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენმა ბავშვმა იკვებოს სწორად, თქვენი ძალდატანების გარეშე?

 

ზოგადი რეკომენდაციები:

პირველ რიგში გამორიცხეთ კვებითი პრობლემების სამედიცინო მიზეზი. ჩაიტარეთ სტომატოლოგის კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ზრუნვა სხვა საკითხებზე;

დათანხმდით გუნდურ მუშაობას, სადაც ჩართული იქნებიან ფიზიკური თუ ოკუპაციური თერაპევტები; შეეცადეთ შეხედოთ პრობლემას სხვადასხვა კუთხიდან - ხომ არ არის ორალურ-მოტორული ან/და სენსორული პრობლემები?

აუცილებლად დაამყარეთ ნდობა! დააკვირდით და შეაფასეთ სიტუაცია. თუ ბავშვი ყოყმანობს საკვების გასინჯვისას, მნიშვნელოვანია ესაუბროთ, ეთამაშოთ, რათა თავი იგრძნოს კომფორტულად;

იყავით მშვიდი და მხარდამჭერი: ბავშვებს ადვილად ეუფლებათ იმედგაცრუება, ამიტომაც აკონტროლეთ თქვენი ემოციები და შექმენით მშვიდი ატმოსფერო;

არასოდეს აიძულოთ ბავშვი, გააღოს პირი, მოკბიჩოს და გასინჯოს რაიმე მისი სურვილის გაუთვალისწინებლად!

იყავით მოქნილები: თუ ბავშვი იჩენს ინტერესს თოჯინის მიმართ, გამოიყენეთ ეს თოჯინა კვებაზე მუშაობის პროცესში, მაგ: "როგორი საჭმელები მოსწონს თოჯინას?"

შეჭამეთ ბავშვთან ერთად. ეს დაეხმარება მას სწორი ქცევის მოდელირებაში;

დაიხმარეთ ოჯახის დანარჩენი წევრები დადებითი ქცევების როლური მოდელების შესაქმნელად;

გახსოვდეთ, საკვებზე უარის თქმა ხშირად რეალურ/სერიოზულ შიშებს უკავშირდება. პატივი ეცით ბავშვის შიშებს და იყავით მისი მხარდამჭერი ნებისმიერ სიტუაციაში;

როგორც ყოველთვის, კვების დროსაც მიჰყევით ბავშვის ინიციატივას: თუ მას მოსწონს კარტოფილის ჩიფსი - შესანიშნავია! დავიწყოთ აქედან. თუ ბავშვი ავლენს შემდეგ ქცევებს: თავს აქნევს ან არ აღებს პირს რეალური მიზეზის გამო, შეწყვიტეთ და განაგრძეთ მოგვიანებით; თვალი ადევნეთ, რომ ეს ქცევები თავის არიდების მიზნით არ მეორდებოდეს.

 

 

კვების დაწყებამდე:

ჩამოაყალიბეთ რუტინა, მაგ.: გამოიყენეთ ვიზუალური გრაფიკები კვებამდე ხელის დასაბანად. რუტინა თანმიმდევრულს ხდის ბავშვს, მას აღარ ეშინია ცვლილებების, იცის რას უნდა ელოდოს. ამით თქვენ ხელს უწყობთ ბავშვის დამოუკიდებლობას;

დარწმუნდით, რომ ბავშვმა იცის ტერმინები: "ჩაკბიჩე", "დაღეჭე", "გადაყლაპე". შეგიძლიათ აჩვენოთ: ამით მას უბიძგებთ, რომ შეასრულოს ეს მოქმედებები;

საჭიროების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაიწყეთ ლაპარაკი საკვების შესახებ;

ჩართეთ ბავშვი სამზარეულოს საქმიანობებში; სთხოვეთ მოგიტანოთ თასი სამზარეულოს მაგიდიდან, წაახალისეთ რომ სცადოს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, თუნდაც შეხება სხვადასხვა საკვებთან. თუ ის ამას ცდილობს, ესეც პროგრესია;

კვებამდე დაიწყეთ მასტიმულირებელი თამაშები, მაგ: ტუჩებისა და ენის მოძრაობა;

თუ საჭირო გახდება, შეამოწმეთ სენსორულ სტიმულები სპეციალისტის დახმარებით; თუ სენსორული პროცესები დარეგულირებულია, ბავშვს აქვს მზაობა ახალი საკვების გასასინჯად.

როგორ მოაწყოთ გარემო?

გამოიყენეთ სპეციალური საჭრელები, რათა საკვებს მისცეთ სხვადასხვა ფორმა. ეს ძალიან სახალისოა ბავშვისთვის (სურ. 1).

გამოიყენეთ დანაყოფებიანი თეფში. ბავშვისთვის, რომელსაც არ მოსწონს გარკვეულ საკვებზე შეხება, პირველად გასინჯვამდე ეს საკვები მოათავსეთ ერთ-ერთ სექციაში; გახსოვდეთ, ახალი საკვების თეფშზე ყოფნაც კი პროგრესია (სურ. 2).

დაარქვით სასაცილო სახელები საკვებს ერთად, მიეცით სხვადასხვა ფორმა (სურ. 3).

დააგემოვნეთ საკვები იმის დასტურად, რომ ის მართლა გემრიელია. აღნიშნეთ მისი სუნის, ფერისა და გემოს შესახებ;

შესთავაზეთ უცხო ვარიანტები: აიღეთ საყვარელი საკვები და მოათავსეთ რაიმე ახალ საკვებზე, ეს უკვე რაღაც ახალისა და საყვარელი საკვების კომბინაციაა, რისი გასინჯვის შანსიც დიდია;

გამოიყენეთ პატარა, ზედაპირული კოვზები, საიდანაც საკვების მოშორება მარტივია;

ისაუბრეთ საკვები ნივთების შესახებ (დანა, ჩანგალი, კოვზი);

გამოიყენეთ გამჭვირვალე ჭიქები, ბოთლები, რომ ბავშვმა დაინახოს რა არის შიგნით. ეს შეუმცირებს შფოთვას;

თუ ბავშვი კოვზის გამოყენების წინააღმდეგია, ეცადეთ გამოიყენოთ სხვა რამ, რაზეც ის თანახმაა, შეიძლება ეს იყოს მისი თითები.


კვების დრო:

დარწმუნდით, რომ ბავშვის ფეხები ეყრდნობა იატაკს, ბავშვი გამართულია და მყარად ზის სწორ პოზაში;

ახალ საკვებზე გადასვლისას, აუცილებლად გამოიყენეთ ის საკვებიც, რაც მას უკვე მოსწონს;

შეეცადეთ ძალიან მცირე ცვლილებები შეიტანოთ ახალ საკვებში; ცვლილებები შესაძლოა იყოს ფერის, ფორმის, ზომისა და კონსისტენციის მიხედვით;

არ დაგავიწდეთ, რომ უნდა მისცეთ არჩევანის საშუალება: რომელი კოვზით ჭამოს, წყალი უნდა თუ წვენი და ა.შ

აუცილებლად გააფრთხილეთ ცვლილებების შესახებ, რა უნდა ჭამოს დღეს, რა უნდა გააკეთოს ჭამის შემდეგ; ამის ცოდნა ეხმარება მას შფოთვის შემცირებაში;

ახალი საკვების გასინჯვა დაამთხვიეთ წახემსების დროს, რათა არ გამოიწვიოთ წინააღმდეგობები ძირითადი კვების დროს;

მოდელირება, საუკეთესო ხერხია. ბავშვები იმიტაციით სწავლობენ, იყავით მისთვის საუკეთესო მაგალითი;

გააკეთეთ შესვენებები ლუკმებს შორის; "გადაყლაპე", "დაითვალე სამამდე", "მოსვი ერთი ყლუპი წყალი", "ჩაკბიჩე კიდევ ერთხელ";

მიეცით ნება, გაჭამოთ თქვენ ან ოჯახის დანარჩენ წევრებს;

ასევე აჩვენეთ, როგორი უნდა იყოს ღეჭვის რიტმულობა. დააკვირდით, ამის საჭიროება მაშინაა, თუ ბავშვი ძალიან სწრაფად ღეჭავს საკვებს;

ნუ შეგეშინდებათ არეულობის, ჭუჭყიანი ტანსაცმლის ან მოთხუპნული პირის; საკვების დასრულებამდე არ შეეხოთ ბავშვის პირს, სახესა და ხელებს გასაწმენდად;

ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას, უთხარით, რომ თუ მას ეს არ მოსწონს შეუძლია გადმოაფურთხოს;

თუ ბავშვს არ სურს გასინჯოს რაიმე ახალი, არაუშავს! გასინჯვამდე, შესაძლოა ახალ საკვებს უბრალოდ შეეხოს;

ზოგიერთი ბავშვისთვის სახალისოა თუ დაუშლით კონკრეტული საკვების ჭამას იმ მიზნით, რომ მას გაუჩნდეს მოტივაცია - გააკეთოს რაიმე თქვენს საწინააღმდეგოდ;

როდესაც ბავშვი უარს ამბობს კვებაზე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, კომფორტულად იგრძნოს მან თავი. დაიწყეთ საკვების გაცნობით - წაახალისეთ ბავშვი შეეხოს, მოჭყლიტოს, გადაიტანოს მაგიდაზე ახალი საკვები; შესაძლოა დაგჭირდეთ დემონსტრირება და თამაშში ბავშვის ჩართვა. შეიძლება ბავშვმა ეს თამაში ახალი საკვების გასინჯვით დაასრულოს, ეს კი შესანიშნავია!

სანამ შეჭამს, ითამაშეთ საკვებით; აუცილებელია, საკვები გაასინჯოთ მხიარული, კომფორტული და არაძალადობრივი გზებით; გამოიყენეთ ხუთივე შეგრძნება საკვების აღსაწერად; თუ მას ხელით შეხებაც კი არ უნდა, გამოიყენეთ ბოსტნეული, მაგ: სტაფილო. აიღეთ სტაფილო და შეეხეთ ახალ საკვებს;

გამოიყენეთ სარკე და მიეცით ნება ბავშვს, უყუროს საკუთარი კვების პროცესს სარკეში;

კვების დროს წაახალისეთ ბავშვი, რომ ამოძრაოს ენა პირის ღრუში აქეთ-იქეთ;

და ბოლოს, იყავით შემოქმედებითი.

სხვა საყურადღებო საკითხები:

ზოგჯერ გამოიყენეთ კოქტეილის ჩხირები წყლის ყლუპობით დალევის ნაცვლად;

როდესაც ჭიქიდან დალევაზე მუშაობთ, თავიდანვე არ ჩაასხათ მასში წყალი. ჯერ გამოიყენეთ ოდნავ სქელი მასა, რათა ბავშვმა სცადოს სითხის კონტროლი და არ დაეღვაროს;

ზოგიერთ საკვებზე უარი შეიძლება დაკავშირებული იყოს გარემო ფაქტორებთან. მაგალითად, თუ დედას არ მოსწონს სოკო ან სტაფილო, ასევე შეიძლება იყოს ბავშვიც;

შეინარჩუნეთ მშვიდი გარემო. ეცადეთ რომ გარემო, რომელსაც აირჩევთ კვებისთვის, არ იყოს გადატვირთული ყურადღების გადამტანი სტიმულებით;

დააკვირდით სარკის გამოყენების მნიშვნელობას. ზოგიერთი ბავშვისთვის ის შეიძლება იყოს ყურადღების გადამტანი, ზოგიერთისთვის კი - ვიზუალური უკუკავშირი;

თუ ახალი საკვების გასინჯვის პირველი მცდელობა წარუმატებელია, არ შეშინდეთ, შესაძლებელია დაგჭირდეთ 8-10 მცდელობა, სანამ ბავშვს გასინჯვის სურვილი გაუჩნდება;

არ დაგავიწყდეთ შექება! გამოიყენეთ სხვადასხვა განმამტკიცებელი ბავშვის ინტერესის სფეროდან. აღტაცებით აღნიშნეთ სულ მცირე წარმატებაც კი.

მზად იყავით შეცდომებისთვის და კვლავ სცადეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს, ბავშვის ინიციატივას და რაც მთავარია, იყავით შემოქმედებითნი. არ დაგავიწყდეთ, რომ სახალისო გზებით, ბევრად მარტივი და სასიამოვნოა, ბავშვის სხვადასხვა კუთხით განვითარება. გახსოვდეთ, ის რაც ერთი ბავშვისთვის გამოსადეგია, შეიძლება არ იყოს ეფექტური მეორესთვის.

ასე რომ, ზემოთ მოცემული რეკომენდაციები არ არის ყოვლისმომცველი ან ყველასთვის გამოსადეგი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის დამატებითი საჭიროებები და მიმართეთ სპეციალისტს კონკრეტული ჩარევის დასაგეგმად.

მასალა მოამზადა ფსიქოლოგმა ანი ბებიაშვილმა, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა.

წყარო: https://www.facebook.com/მენტალური-ჯანმრთელობის-ცენტრი