Nuk
როგორ უნდა გაუზარდოთ ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია

თარიღი: 07 სექტემბერი, 2020

ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. გვესაუბრა ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ.

რა ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ ბავშვისთვის  სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე?
შესაბამისი სამოტივაციო სიტუაციის შექმნა ბავშვისთვის მცირე ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. მშობლების ნაწილი მხოლოდ მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის აშავებს, ხოლო კარგად მოქცევისა ან დავალების შესრულების შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენენ. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ მინუს ნიშნით ხდება მისი შეფასება. რაც შეეხება მშობლების მეორე კატეგორიას,  ასეთი მშობელი სულ აქებს საკუთარ შვილს და ეუბნება, რომ „ყველაზე მაგარია და ყველაფერი შეუძლია“. უნდა იცოდეთ, ორივე მიდგომა არასწორია.

რამდენად ამართლებს ბავშვთან ურთიერობისას მკაცრი მიდგომა?
მკაცრი დამოკიდებულების დროს, მშობლები ხშირად უარყოფით შეფასებებზე გადადიან. ბავშვს არ უნდა უთხრათ კარგია ის თუ ცუდი. შეაქეთ, როდესაც კარგად გააკეთებს დავალებას. აუხსენათ რა არ გამოსდის და რაზე უნდა იმუშაოს უფრო მეტად.

როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს?
სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგისა და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მას სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს. ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა.

ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. ბავშვის შედარება შეიძლება მისსავე თავთან, როგორი იყო გუშინ და როგორია დღეს, რა გააკეთა გშინ და რას აკეთებს დღეს. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ  ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას.

რჩევები თამარ გაგოშიძისგან:
1. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
2. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
3. დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
4. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
5. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
6. აუცილებელია აღნიშნოთ ბავშვის კარგი ქცევა და ძალისხმევა.
 

წყარო: https://fortuna.ge