Nuk
რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად

თარიღი: 04 ივნისი, 2020

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად
აქციეთ საოჯახო საჭმლის კეთება სახალისოდ და სასარგებლოდ თქვენი შვილებისათვის. არა, ეს მხოლოდ გასართობი არ არის.

აი, რა სიკეთე შეიძლება მოგიტანოთ ამ პრაქტიკამ.

თქვენ შეგიძლიათ გააცნოთ და შეაყვაროთ ბავშვს ჯანმრთელი პროდუქტები, რომლებიც ხშირად ისეთი გემრიელი ვერაა, როგორც საყვარელი ნუგბარი, მაგრამ თუ თქვენ ადრეული ასაკიდან გააცნობთ სასარგებლო პროდუქტს პატარას, დიდი ალბათობით ის ამ საკვებს შეიყვარებს.
ახალი საკვების მომზადება ახლის შემეცენების სახალისო პროცესია - მოუყევით ბავშვს ამათუიმ პროდუქტის ისტორია - საიდანაა, როგორ მოჰყავთ. ზღაპარივით შეგიძლიათ უამბოთ აცტეკების ამბავი, ბოსტნეულის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ამ ტომების უძველესი სამზრეულოს ნაწილია.
სამზარეულოს საქმეებში ჩართული ბავშვი ბევრს იგებს ოჯახის ტრადიციებაზე. რა საკვებს ანიჭებთ უპირატესობას, როგორი წესით ამზადებთ და თუ ამას ოჯახური ერთობლივი სადილ-ვახშამიც ემატება, ბავშვი თავიდანვე ითვისებს ამ ტრადიციებს.
ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი საკვების მომზადების ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც სწავლობს, რაც ძალიან გამოადგება დამოუკიდებელად ცხოვრებისას.
საკვების მომზადება ხშირად სახალისო მათემატიკასაც გულისხმებს - თქვენ ხომ მასთან ერთად ითვლით, წონით ან ზომავთ სხვადასხვა პროდუქტს.
სამზარეულოში ფუსფუსი მშვენიერი გართობაა და შემეცნებითი თამაშია - პატარა ამ დროს ახალ სიტყვებსაც ისწავლის, თუ ხშირად გაუმეორებთ ამათუიმ პროდუქტის თუ საოჯახო ნივთის დასახელებას.

არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოება - ბავშვს ასაკის შესაბამისი დავალებები უნდა მისცეთ და არ მისცეთ საშუალება, მისწვდეს ბასრ იარაღებს.
დაავალეთ, მოგაწოდოთ ესათუის პროდუქტი, ჩაყაროს დაჭრილი პროდუქტები ქვაბში. ნარჩენები კი სანაგვე ურნაში მოათავსოს, მიეცით ცომის ნაჭერი. მოკლედ, დაასაქმეთ უსაფრთხოდ.

დაბოლოს, საკვების მომზადება ბავშვთან ერთად გატარებული სასიამოვნო წუთებია. არაფერი შეედრება შვილთან ერთად გატარებულ მხიარულ წუთებს.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე