Nuk
რატომ გვეხვევა თავბრუ წამოდგომისას

თარიღი: 27 დეკემბერი, 2020

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია
მრავალი ჩვენგანი პირად თუ ახლობლების მაგალითზე კარგად იცნობს მაღალი არტერიული წნევით გამოწვეულ პრობლემებს, თუმცა არანაკლები თავსატეხია დაბალი არტერიული წნევაც. ამ დროს გული, თავის ტვინი და სხვა ორგანოები იმაზე ნაკლებ სისხლს იღებს, ვიდრე გამართული მუშაობისთვის სჭირდება.

ამჯერად ჰიპოტენზიის ერთ-ერთ ტიპზე – ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიაზე გესაუბრებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მჯდომარე ან მწოლიარე ადამიანის წამოდგომისას არტერიული წნევა ერთბაშად ეცემა. სხეულის მდგომარეობის ცვლილებასთან კავშირის ხაზგასასმელად ჰიპოტენზიის ამ ფორმას პოზიციურსაც უწოდებენ.

რა იწვევს
მჯდომარე ან მწოლიარე ადამიანის წამოდგომისას სისხლი მიზიდულობის ძალის გავლენით ქვედა კიდურებსა და მუცლის ღრუში გროვდება და გულს აკლდება. ამის გამო ირთვება კომპენსატორული მექანიზმების მთელი წყება: გულსა და კისრის არტერიებთან მდებარე სპეციალური უჯრედები, ბარორეცეპტორები, გრძნობენ სისხლის წნევის დაქვეითებას და სიგნალს უგზავნიან თავის ტვინში არსებულ ცენტრებს, რომლებიც, თავის მხრივ, გულს აცნობებენ, რომ სისხლის წნევის სტაბილიზაციისთვის სწრაფი მუშაობა და მეტი სისხლის გადატუმბვაა საჭირო. იმავდროულად, ვიწროვდება პერიფერიული სისხლძარღვები.

არსებობს არაერთი ფაქტორი, როემლსაც ამ კომპენსატორული მექანიზმის მოშლა და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლია: გაუწყლოება – სხეულში სითხის მარაგის შემცირება (მაგალითად, ცხელების, ღებინების, ძლიერი დიარეის, ოფლის ჭარბი გამოყოფის დროს), ბრადიკარდია (გულისცემის გაიშვიათება), გულის სარქვლოვანი დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა... ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შესაძლოა ენდოკრინულ პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასთან (ადისონის დაავადება), სისხლში გლუკოზის დაბალ შემცველობასთან (ჰიპოგლიკემია), დიაბეტთან (მისი შორს წასული ფორმის დროს ზიანდება ნერვები, რომლებიც სისხლის წნევის დამარეგულირებელ სიგნალებს გზავნის). სისხლის წნევის რეგულაციის სისტემას ზოგჯერ ნერვული სისტემის პათოლოგიებიც არღვევს – პარკინსონის დაავადება, მრავლობითი სისტემური ატროფია, ლევის სხეულების დემენცია, წმინდა ვეგეტატიური უკმარისობა და ამილოიდოზი.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მონათესავე მდგომარეობაა პოსტპრანდიული ჰიპოტენზია: არტერიული წნევა ჭამის შემდეგ (15-90 წუთში) ეცემა. ასეთი რამ უმეტესად მოხუცებთან გვხვდება.

სიმპტომები
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ერთბაშად აღმოცენდება პოზიციის უეცარი ცვლილების დროს, თუმცა შესაძლოა, საკვების მიღებამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და ხანგრძლივმა დგომამაც გამოიწვიოს. ტიპობრივია საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობის დაბინდვა, თუმცა მძიმე შემთხვევებში გონების დაკარგვაც კია მოსალოდნელი.

მსუბუქი ორთოსტატიკური ჰიპოტენზია რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. წნევის უფრო ხანგრძლივი დაცემა სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს. სამედიცინო ჩარევა აუცილებელია მაშინაც, თუ სხვა სიმპტომებს ცნობიერების რამდენიმეწამიანი დაკარგვაც ერთვის.

მწვავე ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზი, ჩვეულებრივ, აშკარაა: დეჰიდრატაცია, ხანგრძლივი წოლა... ის ადვილად რეგულირდება. ქრონიკული ფორმა კი, წესისამებრ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიუთითებს და მკურნალობაც სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული.

რისკფაქტორები
* ასაკი – ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ხშირად აღირიცხება 65 წელს გადაცილებულებთან, რადგან ხანდაზმულთა ბარორეცეპტორები უფრო ნელა მუშაობს და გულსაც უფრო მეტად უჭირს სწრაფად შეკუმშვა

* ზოგიერთი მედიკამენტი – პოზიციური ჰიპოტენზია შესაძლოა წამლის გვერდითი ეფექტიც იყოს. ამგვარად მოქმედ მედიკამენტებს შორისაა მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატები (შარდმდენები, ალფა და ბეტა ბლოკერები, კალციუმის არხის ანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ნიტრატები), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, პარკინსონის დაავადების სამკურნალო, კუნთების მომადუნებელი პრეპარატები.

* სიცხე – გარემოს მაღალი ტემპერატურა ძლიერ ოფლიანობას და გაუწყლოებას იწვევს;

* ხანგრძლივი წოლა, მაგალითად ავადმყოფობისას;

* ორსულობა – ვინაიდან ორსულობისას სისხლის მიმოქცევის სისტემა სწრაფად ფართოვდება, ადვილი შესაძლებელია, სისხლის წნევა დაეცეს. ეს ნორმალური მოვლენაა. მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევა ორსულობამდე არსებულ დონეს უბრუნდება;

* ალკოჰოლის მიღება.

გართულებები
ქრონიკული ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ვნებს ცხოვრების ხარისხს. მაგალითად, გონების დაკარგვის გამო ადამიანი შესაძლოა წაიქცეს და დაშავდეს. თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლის ნაკადის შემცირება ინსულტის რისკფაქტორია. გულის არაბუნებრივი დატვირთვის გამო გულის რიტმის დარღვევა და გულის უკმარისობის განვითარებაც კია მოსალოდნელი.

დიაგნოსტიკა
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის შეფასებისას ექიმი ითვალისწინებს სიმპტომებს და პაციენტის სამედიცინო ისტორიას. მისი მიზანი წნევის დაცემის მიზეზის დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნაა. თუმცა ზოგჯერ მიზეზი უცნობი რჩება.

ექიმი ერთმანეთს ადარებს მჯდომარე და მდგომარე პოზიციაში გაზომილი წნევის მონაცემებს. ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის დიაგნოზს სვამენ, თუ 2-5 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომის შემდეგ ადამიანს უდასტურდება სისტოლური (ზედა) წნევის, სულ მცირე, 20 მმ-ით დაქვეითება, დიასტოლურის (ქვედა) წნევის 10 მმ-ით დაქვეითება ან ორივე ერთად.

დიაგნოსტიკის ლაბორატორიული და აპარატული მეთოდებია:

* სისხლის ანალიზი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად. არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ჰიპოგლიკემიამ (სისხლში გლუკოზის დაბალმა დონემ) და ანემიამ.

* ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) – მისი მეშვეობით ფასდება გულის რიტმი, სტრუქტურა, სისხლითა და ჟანგბადით გულის კუნთის მომარაგება. თუ გულის რიტმის დარღვევა არარეგულარულია და ეკგ-მ პრობლემა ვერ გამოავლინა, პაციენტს სთავაზობენ, ატაროს ჰოლტერის მონიტორი, რომელიც ყოველდღიური რუტინის ფონზე 24 საათის განმავლობაში აღრიცხავს მისი გულის ელექტრულ აქტივობას;

* ექოკარდიოგრამა – გულიდან წამოსული ხმოვანი ტალღები გულმკერდის კედელზე აირეკლება და ელექტრონულად მუშავდება. ასე მიიღება მომუშავე გულის ვიდეოგამოსახულება და ირკვევა გულის სტრუქტურული პათოლოგიის არსებობა-არარსებობა.

* სტრესტესტი – პაციენტს სარბენ ბილიკზე (ტრედმილზე) სიარულის დროს აკვირდებიან. ამგვარად მოწმდება გულის რიტმი, არტერიული წნევა, სუნთქვა, თვითშეგრძნება.

* ორთოსტატიკური სინჯი – პაციენტს აწვენენ სპეციალურ მაგიდაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლის სიმულაცია. ამ გზით ფასდება სხეულის რეაქცია პოზის ცვლილებაზე.

* ვალსლავას მანევრი – პაციენტს სთხოვენ, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს, მერე კი უმოწმებენ გულისცემის სიხშირეს და სისხლის წნევას. ეს ტესტი წარმოდგენას იძლევა ავტონომიური ნერვული სისტემის მუშაობაზე.

მკურნალობა
მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და ნორმალური არტერიული წნევის აღდგენაა. ხშირად ის მიზეზის (მაგალითად, დეჰიდრატაციის, გულის უკმარისობის) წინააღმდეგ არის მიმართული. მსუბუქი ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის დროს ხშირად დაჯდომა ან დაწოლაც საკმარისია. როდესაც დაბალი არტერიული წნევა წამლითაა გამოწვეული, საჭიროა დოზის შეცვლა ან, თუ შესაძლებელია, ამ წამალზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ცხოვრების წესიც: საკმაო რაოდენობის წყლის მიღება, ალკოჰოლის მინიმუმამდე დაყვანა, გადახურებისთვის თავის არიდება, საწოლის თავის წამოწევა, ფეხის ფეხზე გადაუდებლად ჯდომა, ნელა ადგომა. თუ პაციენტს ქრონიკული ჰიპერტენზია არ აქვს, ექიმმა შესაძლოა ოდნავ მეტი მარილის მიღება ურჩიოს. თუ ჰიპოტენზია ჭამის შემდეგ იჩენს თავს, რეკომენდებულია მცირე ულუფები და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის საკვები. კომპრესიული წინდების საშუალებით შესაძლებელია ხელი შევუშალოთ ქვედა კიდურებში სისხლის დაგროვებას.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მძიმე ფორმის დროს ინიშნება წამლები, რომლებიც ზრდის სისხლის მოცულობას ან ავიწროებს სისხლძარღვებს და ამგვარად მაღლა სწევს არტერიულ წნევას (ფლუდროკორტიზონი, მიდოდრინი, ერითროპოეტინი). თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია პარკინსონის დაავადებასთან, მრავლობით სისტემურ ატროფიასთან, ავტონომიურ უკმარისობასთან არის დაკავშირებული, სამკურნალოდ დროქსიდოპას იყენებენ.