Nuk
რატომ და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს, რომ იყოს დამოუკიდებელი

თარიღი: 16 ივნისი, 2020

დამოუკიდებლობა არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარი, რომლის სწავლება და განვითარება საჭიროა ადრეული ასაკიდანვე. ტერმინი აერთიანებს ისეთ სხვადასხვა მნიშვნელობას, როგორიცაა თვითმომსახურებისა და ჰიგიენისთვის საჭირო ყოველდღიური თუ დამოუკიდებლად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. დამოუკიდებლობის ეს ყველა ასპექტი არსებითია ბავშვისთვის და ხელს უწყობს მის თვითკმარ, ავტონომიურ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებლობის ჩანასახი და მისკენ მიდრეკილება შესამჩნევია ადრეული ასაკიდანვე - ჩვილები ცდილობენ დაიჭირონ ბოთლი ან მიწვდნენ საკვებს/სასურველ სათამაშოს თავისით. უფრო მოზრდილები აცხადებენ - „მე თვითონ“. წინასასკოლო ასაკი არის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ბავშვის მზარდი განვითარებისთვის, რადგან ამ დროს ის იძენს ისეთ შემეცნებით, ვერბალურ თუ სოციალურ-ემოციურ უნარებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს და წარმატებით გაართვას თავი უფრო მეტ და უფრო რთულ ამოცანას.
„არასოდეს დაეხმაროთ ბავშვს დავალების შესრულებაში, თუკი მას ჰგონია, რომ თავადაც წარმატებით გაართმევს თავს“ - გვეუბნება მარია მონტესორი, რომლის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდები დღესაც პოპულარულია და ერგება ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ხსენებული მეთოდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დამოუკიდებლობა, რომელიც მიიღწევა იმით, რომ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისა, რომ იმოძრაონ, ჩაიცვან თავისით, აირჩიონ, თუ რისი გაკეთება უნდათ, დაეხმარონ უფროსებს სხვადასხვა საქმეში და ა.შ. როდესაც ბავშვებს ნებას ვრთავთ განახორციელონ კონკრეტული აქტივობები თავისით, ისინი ხდებიან მეტად თავდაჯერებულები, იზრდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ხარისხი და უყალიბდებათ პოზიტიური თვითშეფასება, რომელიც, შესაძლოა, შენარჩუნდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
დამოუკიდებლობა არის ის უნარი, რომლის ჩამოყალიბება და განვითარება ხდება ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში, ბავშვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ადრეული ასაკიდან განახორციელოს ისეთი მცირე და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ყოველდღიური აქტივობები (რომელთა შორის თვითმოვლისა და თვითმომსახურების რუტინა განსაკუთრებით ყურადსაღებია), რომლებიც დროთა განმავლობაში განაპირობებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ მშობლის ამოცანა უნდა იყოს შუალედური პოზიციის დაფიქსირება ჰიპერმზრუნველობასა (როდესაც მშობლის გადაჭარბებული მონდომება, ყველაფრის ბავშვის ნაცვლად კეთება გამართლებულია ზრუნვის მოტივით და, შესაძლოა, დასწავლილი უსუსურობისა და მოზრდილობაში არაკომპეტენტურობის შეგრძნების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდეს) და ხელმიშვებულობას შორის. გარდა ამისა, პიროვნული და ფსიქიკური განვითარების გზაზე, შესაძლოა, შეფერხება გამოიწვიოს ზეწოლამ - განვითარების კონკრეტული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნულის ნაადრევად მიღწევის იძულებამ და ბავშვისთვის ზედმეტად რთული მიზნების დასახვამ.
პრაქტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამჟღავნებენ ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის ასაკისთვის შესაფერის დონეს, არიან მეტად ადაპტურები. გარდა ამისა, მათ აქვთ შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრებას თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარებენ, რაც განაპირობებს თვითპატივისცემის ჩამოყალიბებას. იმ ბავშვებს, რომლებიც არიან უფროსებზე დამოკიდებული, სჭირდებათ მეტი დრო, წაქეზება და წახალისება, რომ თავისით გაართვან თავი დავალებებს.
გთავაზობთ, ყოველდღიური აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში:
1. სამოსის არჩევა - მიეცით ბავშვს უფლება თავად აირჩიოს რას ჩაიცვამს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ძილის წინ და შეარჩიოთ ის სამოსი, რომელსაც ჩაიცვამს მომდევნო დღეს. შესაძლებელია, მისცეთ შეზღუდული არჩევანის საშუალება, როდესაც თქვენ მიერ შეთავაზებული 2 ფეხსაცმლიდან უნდა აირჩიოს რომელიმე.
2. დამოუკიდებლად ჩაცმა - იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებლად ჩაცმა არც ისე მარტივია და ბავშვები დიდ დროს ანდომებენ, მშობლები ხშირად, დროის მოგების მიზნით, თავად აცმევენ ბავშვს. ასაკიდან და განვითარების დონიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბავშვმა ვერ შეიკრას თასმა, თუმცა შეიკრას ელვა ან ღილაკებიანი შესაკრავი ქურთუკზე.
3. საუზმის მომზადება - მიეცით საშუალება ბავშვს დაგეხმაროთ საუზმის მომზადებაში. მაგალითად, მოათავსოს პურის ნაჭერი ტოსტერში, დაასხას რძე სიმინდის ბურბუშელას და ა.შ. გარდა თვითმომსახურებისა, ამ დროს ბავშვი სწავლობს რა სახის საკვებს ვიღებთ საუზმობისას.
4. კბილის ჯაგრისის მომზადება და კბილების დამოუკიდებლად გახეხვა
5. მაგიდის გაწყობა და ალაგება - მიეცით საშუალება ბავშვს თავისი თეფში და ჭიქა თავად დადოს მაგიდაზე, კვების დასრულების შემდეგ კი თავადვე ჩაყაროს ნარჩენები სანაგვეში და ჩაალაგოს ჭურჭელი ნიჟარაში.
6. სათამაშოების დალაგება - როდესაც ბავშვი თამაშს დაასრულებს, დაეხმარეთ მას თავადვე დააბინავოს სათამაშოები, ჩაყაროს კუბიკები ყუთში და ა.შ.
7. სახლის დალაგება - მიეცით საშუალება ბავშვს დაგეხმაროთ ისეთ საქმეებში, როგორიცაა თავისივე საწოლის მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა
8. აბაზანისთვის მომზადება, დამოუკიდებლად ბანაობა, თმის დავარცხნა, პიჟამოს დამოუკიდებლად ჩაცმა
9. სახლში დაბრუნებისას ქურთუკისა და ფეხსაცმელების დამოუკიდებლად გახდა
10. შინაურ ცხოველებზე ზრუნვა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ცხოველისთვის საკვებისა და წყლის მიცემას, საკვები ჯამის დასუფთავებას, გასეირნებას და ა.შ. ასე მათ დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გარდა განუვითარდებათ სხვაზე ზრუნვისა და თანაგრძნობის უნარი. 
მასალა მომზადებულია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის კესო ჭურღულიას მიერ.