Nuk
ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს – რა ვიზუალური სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს

თარიღი: 02 მარტი, 2018

ქალთა პოპულაციაში, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ყველაზე გავრცელებულია ფილტვის სიმსივნის შემდეგ.

ეს დიაგნოზი საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი, ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი და ა.შ. ამ დაავადებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადრეული ან გვიანი მენსტრუალური ციკლი, ადრეული ან გვიანი მშობიარობა. შეინიშნება გაახალგაზრდავების ტენდენცია.

 

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია სკრინინგი და მისი ერთ–ერთი ინოვაციური მეთოდია სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ელასტროგრაფიული გამოკვლევა. ელასტოგრაფია სარძევე ჯირკვლის სიმკვრივის განსაზღვრაა, რომელიც ადგენს ფიბროზული მასტოპათიის გავრცელების ხარისხს და ამის ფონზე წარმოქმნილი კვანძის სიმკვრივეს. მიღებული მონაცემებით ხდება სიმსივნური პროცესების პრევენცია. სარძევე ჯირკვლების ელასტოგრაფია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი ულტრაბგერითი კვლევის ტოლფასია. 

ამ ინოვაციური მეთოდის და ძუძუს კიბოს სიმპტომების შესახებ გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–რადიოლოგი ეკა ტყეშელაშვილი.

 

– სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგში ნამდვილი ინოვაციაა. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ რას ნიშნავს სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია?

– სკრინინგის ერთ–ერთი ინოვაციური მეთოდია სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ელასტოგრაფიული გამოკვლევა, რომლის წყალობითაც ვადგენთ ფიბროზული მასტოპათიის სიმძიმეს. ელასტოგრაფიული გამოკვლევით ვადგენთ ამ დაავადების ფონზე აღმოჩენილი წარმონაქმნების სიმკვრივეს და რამდენად საშიშია ეს წარმონაქმნი. თუ წარმონაქმნი გამკვრივებულია, მაშინ იგი მიგვანიშნებს კიბოს ტიპის წარმონაქმნზე, ხოლო თუ შედარებით რბილია მაშინ ადენომის ტიპის წარმონაქმნზე. ძუძუს კიბოს პრევენციაში ელასტოგრაფია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევაა. 

ელასტოგრაფიული კვლევა უსაფრთხოა და წარმოადგენს ულტრაბგერას, რომელიც აღწევს კანქვეშა ქსოვილში. ის არ არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და შეგიძლიათ ეს პროცედურა იმდენჯერ ჩაიტაროთ რამდენჯერაც საჭირო იქნება შედეგისთვის. აუცილებელია, რომ ულტრაბგერითი ელასტოგრაფია წელიწადში ორჯერ ყველა ჯანმრთელმა ქალმა ჩაიტაროს.

 

– ქირურგიის ეროვნული ცენტრი რომელი აპარატურითაა აღჭურვილი და რა უპირატესობით გამოირჩევა ის?

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეს გამოკვლევა კეთდება უახლესი ულტრაბგერითი აპარატით Toshiba Aplio 500. აღჭურვილია ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

 

– როგორი ტიპის სიმსივნეები არსებობს?

– სიმსივნე არის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი. ძუძუს ავთვისებიანი კიბო სამწუხაროდ, მკვეთრად გავრცელებულია და მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ, ხოლო ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: კისტა, ფიბროადენომა, ფიბროლიპომა, გალაქტოცელე, ფიბროზულ–კისტოზური კვანძოვანი მასტოპათია და ა.შ. წინა წლებთან შედარებით მამაკაცებში ძუძუს კიბოს შემთხვევები გაზრდილია. ვსაუბრობთ გინეკომასტიაზე (მამაკაცთა პათოლოგია), რომლის დროსაც კაცი აღნიშნავს ტკივილს მკერდის არეში და შეშუპებას დვრილის ირგვლივ, აგრეთვე სიმაგრეს.

 

– რა სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?

– ძუძუს კიბოს სიმპტომებია:

• დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;

• დვრილიდან გამონადენი (სისხლიანი ან უსისხლო);

• ძუძუს ან დვრილის გამკვრივება ან შეშუპება;

• ძუძუს ფორმის შეცვლა;

• ხელების ზემოთ აწევისას მკერდზე ღრმულების გაჩენა;

• კანის დანაოჭება ძუძუს პერიმეტრზე;

• მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში;

• იღლიებსა და რეგიონულ არეებში ლიმფური კვანძების გადიდება;

• იღლიის და ბეჭის არეში შესიება.

 

– ექოსკოპიურ დასკვნებში ხშირად ვხვდებით დიაგნოზს ფიბროზული მასტოპათია. განგვიმარტეთ რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?

– ფიბროზული მასტოპათია სარძევე ჯირკვლის მიდამოში მკვრივი ქსოვილების ჭარბად ჩანაცვლებაა. ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება და უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს აღენიშნებათ. ტკივილის შეგრძნება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდება. მისთვის დამახასიათებელია კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენა, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებად. სიმკვრივეები და კვანძები სხვადასხვა კონსისტენციისაა და შეხებისას მტკივნეულია. შორსწასული ფორმებისა და კვანძოვანი მასტოპათიის შემთხვევაში ტკივილი ბეჭსა და იღლიაში გადაეცემა. მკერდის ოდნავ შეხებაც კი ტკივილს იწვევს. სამწუხაროდ, ფიბროზული მასტოპათია გვხვდება ნაადრევ ასაკშიც. ადრე იყო 30 წელს ზემოთ და ეხლა 16 წლის ასაკიდან ფიქსირდება. აუცილებელია ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა გაიაროს სკრინინგი ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევა 16–დან 70 წლამდე და 35 წლიდან 70 წლამდე ამ გამოკვლევას დამატებული რენტგენომამოგრაფია. ფიბროზულ მასტოპათიას სჭირდება მუდმივი კონტროლი. აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა ჩაიტაროს 6 თვეში ერთხელ. თუ სარძევე ჯირკვალში არის წარმონაქმნი, ამ გამოკვლევით მისი დიაგნოსტირება მოხდება და დროული მკურნალობის წყალობით თავიდან ავიცილებთ ძუძუს კიბოს.

 

ჩემი რჩევაა 6 თვეში ერთხელ დაუყოვნებლივ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ეს პროცედურა მხოლოდ 10–15 წუთი გრძელდება. აუცილებელია ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა თვეში ერთხელ ჩაიტაროს სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა. თუ წარმონაქმნს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ–რადიოლოგს, ეკა ტყეშელაშვილს ნომერზე 599 50 90 91.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!