Nuk
რა იწვევს თანდაყოლილ სიმახინჯეებს

თარიღი: 17 აპრილი, 2018

ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევს, შეეგუოს გარემოს ცვალებად პირობებს, ჰქონდეს შეხება უამრავ მავნე ნივთიერებასთან, ვირუსსა თუ ბაქტერიასთან. ორგანიზმი დამცავი მექანიზმების წყალობით ყველაფერ ამას ეფექტურად იგერიებს.

ორსულობის დროს ქალი გაცილებით მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, რადგან იმუნურ სისტემას დედასთან ერთად ნაყოფის დაცვაც უწევს, ამიტომ ორსულს უფრო რთულად გადააქვს ესა თუ ის მდგომარეობა.

აგენტს, რომელიც ნაყოფს აზიანებს, ტერატოგენულს ვუწოდებთ. მას შეუძლია გამოიწვიოს თანდაყოლილი პათოლოგიები, უარეს შემთხვევაში კი – ორსულობის შეწყვეტა.

ტერატოგენული ზემოქმედება შეუძლია ავადმყოფობას, წამალს, გარემო ფაქტორს. ეფექტი ძლიერი იქნება თუ სუსტი, ესეც, თავის მხრივ, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ზემოქმედების ხანგრძლივობაზე (მაშასადამე, იმაზე, რამდენი ხანი ჰქონდა შეხება ორსულს ამა თუ იმ ტერატოგენთან), დოზაზე, ორსულობის ვადაზე...

კვლევები მოწმობს, რომ ტერატოგენული ზემოქმედება განსაკუთრებით საშიშია ემბრიონული პერიოდის მესამე-მერვე კვირას.

 

სტატისტიკა

ყოველწლიურად ახალშობილთა 3-5% თანდაყოლილი დეფექტებით იბადება. ჯამში ეს საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვს აღწევს – დაახლოებით 120 000-ს. ამის ერთ-ერთი მიზეზია მედიკამენტების გამოყენება ორსულობის პერიოდში. თანამედროვე მონაცემებით, ორსულობის დროს ქალების 65-94% იღებს, სულ მცირე, ერთ წამალს. ამის გამო ორჯერ იმატებს თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. ვინაიდან რისკი ახლავს ნებისმიერი წამლის გამოყენებას და ყველა რისკი ჩვენთვის ცნობილი არ არის, ორსულობის პერიოდში ნებადართული მედიკამენტების ნუსხა საკმაოდ შეზღუდულია.

არის შემთხვევები, როდესაც ორსულისთვის ესა თუ ის მედიკამენტი აუცილებელია. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უსაფრთხო ვარიანტი, რათა ნაყოფი მაქსიმალურად ავარიდოთ ტერატოგენულ გავლენას.

 

ნაყოფის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს:

* ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) – აზიანებს თირკმელს;

* მაალკილირებელი აგენტები (წამლები, რომლებსაც იყენებენ სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიაში) – იწვევს უამრავ ანომალიას, მათ შორის – თითების განუვითარებლობას;

* ამინოგლიკოზიდები (ანტიბიოტიკების ერთ-ერთი ჯგუფი) - ოტოტოქსიკურია, აზიანებს შიგნითა ყურს, რითაც გავლენას ახდენს როგორც სმენის, ისე წონასწორობის ფუნქციაზეც;

* ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები - იწვევს ნერვული მილისა და გულის დეფექტებს, გაყოფილ სასას, ჩონჩხის პათოლოგიებს (არასრულყოფილად განვითარებულ ხელის თითებსა და ფრჩხილებს);

* დიეთილსთილბესტროლი (არასტეროიდული ესტროგენი, რომელსაც იყენებდნენ სპონტანური აბორტების საწინააღმდეგოდ, თუმცა დღესდღეობით აღარ გამოიყენება) – იწვევს ვაგინის კარცინომას, კვერცხსავალი მილებისა და საშვილოსნოს ანომალიებს;

* ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9-ს) ანტაგონისტები - ვიტამინ B9–ს ორსულებს უნიშნავენ ნერვული მილის განვითარების ანომალიების თავიდან ასაცილებლად, წამლები კი, რომლებიც ხელს უშლის ფოლიუმის მჟავას გამომუშავებას, წარმოშობს ამ ანომალიის ჩამოყალიბების რისკს. ეს წამლებია მეთოთრექსატი, პროგუანილი და ტრიმეტოპრიმი, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მათ გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს: ანენცეფალია – ტვინისა და თავის ქალას დიდი ნაწილის განუვითარებლობა, სპინა ბიფიდა - ზურგის ტვინისა და ხერხემლის დეფექტი, მენინგოცელე – თავის ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების გამობერვა;

* იზოტრეტინოინი (გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ; ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტესტი ორსულობის გამოსარიცხად) – იწვევს: სახის ასიმეტრიას, ყურის ნიჟარის განუვითარებლობას, ყურის გარეთა ხვრელის სტენოზს, პატარა ყბას, თვალების ერთმანეთისგან ფართოდ დაშორებას, ფალოს ტეტრადას, დიდი სისხლძარღვების გადანაცვლებას, მიკროცეფალიას (თავის ნორმაზე პატარა გარშემოწერილობას), ჰიდროცეფალიას (სითხეს თავის ტვინში), გონებრივ ჩამორჩენას;

* ლითიუმი (იყენებენ ბიპოლარულ აშლილობათა სამკურნალოდ) – იწვევს ეპშტეინის ანომალიას, როდესაც გულის საკნებს შორის არსებული საკმარიანი სარქველი ქვემოთ გადაინაცვლებს და არასწორად ფუნქციონირებს;

* მეთიმაზოლი (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჭარბი გამოყოფის შესაჩერებლად) – ადვილად გადალახავს პლაცენტას და იწვევს ჩიყვს, კრეტინიზმს, კანის თანდაყოლილ აპლაზიას (არასაკმარის განვითარებას), განსაკუთრებით – თავზე, საყლაპავის ატრეზიას (ბუნებრივი ხვრელის უქონლობას) ან ფისტულას საყლაპავსა და ტრაქეას შორის – ხვრელს, რომლითაც საკვები საყლაპავიდან ფილტვში ხვდება;

* ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკების ერთ-ერთი ჯგუფი) ფერს უცვლის კბილებს და აფერხებს ძვლების ზრდას;

* თალიდომიდი (იმუნომოდულატორი, რომელიც დღესდღეობით ორსულებთან აღარ გამოიყენება ტერატოგენული ეფექტის გამო, თუმცა სხვა დანიშნულება მოუძებნეს და აქტიურად იყენებენ სიმსივნეების სამკურნალოდ) – იწვევს კიდურების დეფექტებს, მათ დეფორმაციას, დამოკლებას;

* ვარფარინი (ანტიკოაგულანტი – სისხლის გამათხელებელი) იწვევს ძვლების დეფორმაციას, ნაყოფის სისხლდენას, აბორტს, ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებს.

 

მავნე ნივთიერებები

ალკოჰოლი უშუალო გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. ეფექტი დამოკიდებულია ალკოჰოლის რაოდენობაზე, ორსულობის პერიოდზე, ნაყოფისა და დედის გენეტიკაზე (შესწევს თუ არა ორგანიზმს ალკოჰოლის მეტაბოლიზმის უნარი), დედის რაციონზე (იკვებება თუ არა სრულყოფილად, ხომ არ განიცდის ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტს).

 

ალკოჰოლს მთელი ორსულობის განმავლობაში შეუძლია ნაყოფზე მავნე ზემოქმედება. ის იწვევს ე.წ. ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს. ამ დროს ბავშვებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: პატარა თავი, გლუვი ღარი ცხვირის ქვეშ, თხელი ზედა ტუჩი, წვრილი თვალის ჭრილი, კიდურების ამოვარდნილობა, გულსა და ფილტვს შორის ფისტულა. ახასიათებთ გონებრივი ჩამორჩენილობაც. ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეინიშნება ჰოლოპროზენცეფალია –თავის ტვინის ჰემისფეროების გაერთიანება.

 

კოკაინი, ნიკოტინი იწვევს მასანაკლული ახალშობილის დაბადებას, ნაადრევ მშობიარობას, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას, პლაცენტის დეფექტებს. სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ემბრიონის განვითარების დროს კოკაინთან კონტაქტი მოგვიანებით ქცევითი და შემეცნებითი უნარების დარღვევას იწვევს. ორსულობისას ამ ტიპის წამლების გამოყენებას მივყავართ ე.წ. ნეონატალური აბსტინენციის სინდრომთან – ნაყოფს ამ ნივთიერებებზე ერთგვარი დამოკიდებულება უყალიბდება და დაბადების შემდეგ „მოხსნის“ სიმპტომები იჩენს თავს.

 

სხვა ფაქტორები

ვერცხლისწყალს ნეიროტოქსიკური ეფექტი ახასიათებს. ორსულობისას მასთან კონტაქტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებას. ამიტომ მიზანშეწონილია, ორსული ერიდოს ზვიგენის, ხმალთევზას, სკუმბრიის ხორცს, მიირთვას ზღვის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც ნაკლები ვერცხლისწყალია: ორაგული, ლოქო, კრევეტები, თინუსი.

რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს: სპინა ბიფიდა, გაყოფილი სასა, სიბრმავე, ხელებისა და ფეხების ანომალიები, მიკროცეფალია, გონებრივი ჩამორჩენილობა, ამიტომ რენტგენოლოგიური გამოკვლევისას საჭიროა მუცლის დაფარვა დამცავი ფარით რადიაციის ეფექტის შესამცირებლად.

დიაბეტიან ქალს, განურჩევლად იმისა, სათანადოდ კონტროლდება თუ არა მისი მდგომარეობა, მაინც აქვს თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი. როცა შაქრის დონე ცუდად კონტროლდება, რისკი უფრო დიდია.

დიაბეტიან ქალებს ზოგად პოპულაციასთან შედარებით 3-ჯერ ხშირად უჩნდებათ თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ბავშვი (მიზეზი უცნობია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ორსულობის დროს აღმოცენებული დიაბეტი ან დიაბეტი კლინიკური გამოვლინების გარეშე, ასეთი საფრთხე არ ემუქრებათ). ბავშვები იბადებიან ანალური ატრეზიით (ანალური ხვრელის თანდაყოლილი უქონლობით), სირენომელიით (შეწებებული ფეხებით), გულის თანდაყოლილი დეფექტებით, ნერვული მილის დეფექტებით. დაბადებისას ახალშობილს აქვს დიდი მასა და სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.

 

ინფექციები

ორსულები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ, რომლებსაც ნაყოფისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამ ინფექციებს თOღჩH ინფექციებად მოიხსენიებენ. აბრევიატურა ასე იშიფრება:

T - ტოქსოპლაზმა;

O (ოტჰერ) - სხვა ინფექციები (სიფილისი, ვარიცელა, პარვოვირუს B 19, ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ზიკას ვირუსი);

R – (რუბელლა) წითურა;

C - ციტომეგალოვირუსი;

H - ჰერპესი.

 

ტოქსოპლაზმა პარაზიტია. დედის ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს ნახევრად მომზადებული ხორცის პროდუქტებიდან ან კატასთან კონტაქტის შედეგად და გამოიწვიოს ნაყოფის დეფორმაციები: ტვინის დაზიანება, სიბრმავე, ჰიდროცეფალია (სითხე თავის ტვინში), გულყრები.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაბადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან, აღენიშნებათ პნევმონია, ლიმფური კვანძების შეშუპება.

თანდაყოლილი სიფილისით დაბადებულ ბავშვებს აქვთ ანემია, მენინგიტი, გამონაყარი, სიყრუე, სიბრმავე, დეფორმირებული ძვლები.

ჩუტყვავილას, რომელიც გამოწვეულია ვარიცელა ზოსტერის ვირუსით, ახასიათებს დაბადებისას მასანაკლულობა, კიდურების დეფორმაციები, კანის პათოლოგიები, განუვითარებელი ნერვული სისტემა.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადატანილი წითურა დიდ ზიანს აყენებს ნაყოფს – იწვევს გულისა და ნერვული სისტემის პათოლოგიებს, სიყრუეს, სიბრმავეს.

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსით ბევრი იბადება, თუმცა სიმპტომები ხუთიდან მხოლოდ ერთ ახალშობილთან შეინიშნება. ინფექცია იწვევს სმენისა და მხედველობის დაკარგვას, სიყვითლეს, წონის დეფიციტს, ფილტვის პათოლოგიებს, გულყრებს, კუნთების სისუსტეს, მენტალურ დარღვევებს.

ჰერპესვირუსული ინფექცია ახალშობილებთან საკმაოდ რთულად მიმდინარეობს - მაღალი სიცხით, გულყრით, მივარდნილობით. არ არის გამორიცხული ტერმინალურ მდგომარეობამდე მისვლა.

 

პრევენციისთვის

ორსულობამდე ჩავიტაროთ გამოკვლევა განსაზღვრულ ინფექციებზე, ვერიდოთ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, მივიღოთ ჯანსაღი საკვები, ინფექციის თავიდან ასაცილებლად ხშირად დავიბანოთ ხელები, ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ცხოველებთან კონტაქტს. ყოველივე ამით სავალალო შედეგებს თავიდან ავიცილებთ და ჩვენი პატარაც ჯანმრთელი მოევლინება ამ ქვეყანას.

 

წყარო: https://www.aversi.ge