Nuk
რა იწვევს სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეებს?

თარიღი: 14 ნოემბერი, 2020

რა ვიცით სანერწყვე ჯირკვლების შესახებ? გაგვიგონია, რომ ისინი გამოიმუშავებენ ნერწყვს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებასა და ბაქტერიების უვნებელყოფაში. ერთი შეხედვით, რა საფრთხეს უნდა მოველოდეთ მათგან?! არადა კისერზე გაჩენილი გამობერილობა შესაძლოა სწორედ სანერწყვე ჯირკვლების ბრალი იყოს.

სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე საკმაოდ იშვიათია და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია, აქტიურად იკვლევენ, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა თავისა და კისრის ქირურგებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება.

 

სანერწყვე ჯირკვლები ორგვარია: დიდი და მცირე. დიდი სანერწყვე ჯირკვლები სამი წყვილია – ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა, მცირე კი უამრავი, საშუალოდ 600-დან 1000-მდე. ისინი ჰაერსავალი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილშია განლაგებული.

ყბაყურა ჯირკვალი ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვალია. ის ყურის წინ მდებარეობს. მის ახლოს გაივლის სახის ნერვი, ამიტომ მასზე ქირურგიული ჩარევის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ყბისქვეშა ჯირკვალი და ენისქვეშა ჯირკვალი, როგორც მათი სახელები გვეუბნება, ყბის ქვეშ და ენის ქვეშაა მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ყბისქვეშა ჯირკვალი ყბაყურაზე პატარაა, ნერწყვის დაახლოებით 65-70% სწორედ აქ გამომუშავდება.

 

სტატისტიკა
სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეები თავისა და კისრის სიმსივნეთა დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ისინი ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ავთვისებიანი ფორმა უფრო ხშირად 60 წლიდან დიაგნოსტირდება, ქალებსა და მამაკაცებთან თანაბრად, კეთილთვისებიანი კი – 40 წლიდან, უმთავრესად ქალებთან. სიმსივნეების 80% ყბაყურა ჯირკვალში ვითარდება, 10%-15% – ყბისქვეშა ჯირკვალში, დანარჩენი კი – ენისქვეშა და მცირე სანერწყვე ჯირკვლებში. დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტების 72% საშუალოდ 5 წელიწადს ცოცხლობს.

 

რა იწვევს
სიმსივნეების ეტიოლოგია უცნობია. არსებობს თეორია, რომ ისინი ღეროვანი უჯრედების არასწორი დიფერენცირების შედეგად წარმოიშობა. ღეროვანი უჯრედები საწყისია ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა სპეციფიკური უჯრედისა. დნმ-ს მუტაცია ამ უჯრედების უკონტროლო გამრავლებას და სიმსივნური მასის ჩამოყალიბებას იწვევს.

მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სხივური თერაპია, რომლის ზემოქმედების შედეგებიც 15-20 წლის შემდეგ ვლინდება. ალკოჰოლისა და ნიკოტინის როლი არ არის დადასტურებული, თუმცა ცნობილია, რომ ნიკოტინი ასტიმულირებს კეთილთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის ჩამოყალიბებას. კიდევ ერთი რისკფაქტორია არასწორი კვება – ბოსტნეულით ღარიბი და ცხოველური ცხიმებით მდიდარი რაციონი.

 

სიმსივნის სიმპტომებია:
* გამონაზარდი ან შეშუპება პირში, ლოყაზე, ყბაზე, კისერში;
* სახის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების ასიმეტრია;
* სახის ნაწილის დაბუჟება;
* კუნთების სისუსტე სახის ცალ მხარეს;
* პირის ფართოდ გაღების შეუძლებლობა;
* ყლაპვის გაძნელება.

როდესაც სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეს ეჭვობენ, აუცილებლად უნდა მოხდეს სხვა პროცესებისგან მისი დიფერენცირება, მაგალითად, ინფექციისგან, ავტოიმუნური და ანთებითი დაავადებებისგან, რადგან სიმპტომურად ეს პროცესები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს ნელა მზარდ, უმტკივნეულო მასას სანერწყვე ჯირკვლის ადგილას. ყბაყურა ჯირკვლის სიმსივნე უმეტესად ჯირკვლის კუდის მიდამოში აღმოცენდება, ყბისქვეშა ჯირკვალი მთლიანად დიდდება, ენისქვეშა ჯირკვლის სიმსივნე კი პირის ფსკერზე წარმოშობს ხელით კარგად საგრძნობ მასას. პატარა სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეები, ადგილის შესაბამისად, სხვადასხვანაირად ვლინდება. ხშირად – უმტკივნეულო გამონაბერით სასაზე ან პირის ქვედა ნაწილში. თუ სიმსივნე ხორხში წარმოიქმნა, შესაძლოა გამოიწვიოს ჰაერსავალი გზების ობსტრუქცია (დახშობა), ყლაპვის გაძნელება ან ხმის ჩახლეჩა, ცხვირის ღრუსა თუ პარანაზალურ სინუსებში წარმოქმნილმა სიმსივნემ კი – ცხვირის გაჭედვა ან სინუსიტი. თუ სიმპტომებს დაემატა სახის დამბლა ან სხვა ნევროლოგიური დეფიციტი, საფიქრებელია, რომ ეს ავთვისებიანი ფორმაა.

ტკივილი ავთვისებიანობის მაჩვენებელი არ არის. ის როგორც ავთვისებიან, ისე კეთილთვისებიან ფორმასაც შეიძლება ახლდეს თან. ტკივილის გაჩენა დაჩირქებაზე, სისხლდენაზე ან ახლომდებარე ქსოვილში სიმსივნის გავრცელებაზე მიგვანიშნებს.

სანერწყვე ჯირკვლის კიბოს რამდენიმე ფორმა არსებობს. ექიმები მათ ჩართული უჯრედების ტიპის მიხედვით ყოფენ.

 

კეთილთვისებიანი სიმსივნეები
პლეომორფული ადენომა ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ათიდან 6 შემთხვევაში ყბაყურა ჯირკვალში გვხვდება, ხოლო 3-4 შემთხვევაში – ყბისქვეშა ჯირკვალში, ქალებსა და მამაკაცებთან – თანაბარი სიხშირით. მისი ტიპური ფორმაა ნელა მზარდი, უმტკივნეულო, გლუვი, მრავალსაკნიანი მასა. სიმსივნეს აქვს ფსევდოპოდიები, რომლებიც მისი კაფსულიდან გამოდის. სწორედ ამით აიხსნება ამოკვეთის შემდეგ მისი ხელახალი გაჩენის რისკი. ამიტომ ამოკვეთის დროს სიმსივნეს ჯირკვლის ჯანსაღ ქსოვილსაც აყოლებენ.

პაპილარული ცისტადენომა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სიმსივნეა სანერწყვე ჯირკვლების ნეოპლაზიებს შორის და ყბაყურა ჯირკვლს სიმსივნეების 6-10%-ს შეადგენს. ასიდან 12 შემთხვევაში ის ბილატერალურია. ყბისქვეშა და მცირე სანერწყვე ჯირკვლებში იშვიათად გვხვდება. მწეველობა მისი განვითარების რისკს ზრდის. უმთავრესად მამაკაცებთან გვხვდება – ქალებთან მიმართებით თანაფარდობაა 5:1. აქვს გლუვი კაფსულა და ლორწოვანი შიგთავსით არის ამოვსებული, ცისტებს შორის კი უამრავი ერთმანეთში გადახლართული პაპულაა. კარგად ემორჩილება ქირურგიულ მკურნალობას.

ონკოციტომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნეებს შორის მისი წილი 1%-ზე ნაკლებია. ქალებსა და მამაკაცებთან თანაბრად გვხვდება და შედარებით ხანდაზმულ ასაკში გამოვლინდება. გლუვი და მაგარი წარმონაქმნია, რომელსაც რეზინის კონსისტენცია აქვს. ხშირად აღმოცენდება ყბაყურა ჯირკვლის ზედაპირულ შრეში და კარგად ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას.

 

ავთვისებიანი სიმსივნეები
მუკოეპიდერმოიდული კარცინომა ყბაყურა ჯირკვლების ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მუკოიდური და ეპიდერმოიდული უჯრედებისგან შედგება. სიმსივნის ზრდისა და გავრცელების ხარისხი მათ რაოდენობასა და შეფარდებაზეა დამოკიდებული. რაც მეტია მუკოიდური უჯრედი, მით ნაკლებად აგრესიულია სიმსივნე, ეპიდერმოიდული უჯრედების მეტობის შემთხვევაში კი – პირიქით.

ადენოიდურ-ცისტური კარცინომა გავრცელების მიხედვით მეორე ადგილს იკავებს სანერწყვე ჯირკვლების ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მისი წილი დაახლოებით 6%-ს შეადგენს. უმეტესად ყბისქვეშა ჯირკვალში წარმოიშობა. მონაცრისფრო-მოვარდისფროა, ერთსაკნიანი და კაფსულა არ გააჩნია. ადენოიდურ-ცისტური კარცინომა ნელა იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში არ ვრცელდება, შორეული მეტასტაზები ახასიათებს. შესაძლოა, ნერვის ან სისხლძარღვის გასწვრივ გაიზარდოს და დააზიანოს ისინი. ეს საკმაოდ ართულებს ქირურგიულ მკურნალობას.

აცინური უჯრედების კარცინომა სანერწყვე ჯირკვლის ნეოპლაზიების 1%-ს შეადგენს. ის თითქმის ყოველთვის ყბაყურა ჯირკვალში გვხვდება. მკვრივი კონსისტენციისაა, მონაცრისფრო-მოთეთრო და კაფსულით შემოსაზღვრული. აქვს ბევრი საკანი, რომლებიც მრგვალი ერთგვაროვანი უჯრედებისგან შედგება. სიმსივნის ამ ფორმის შემთხვევაში პროგნოზი შედარებით უკეთესია.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა საკმაოდ იშვიათია. აუცილებელია მისი დიფერენცირება მუკოეპიდერმოიდული სიმსივნისგან, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისა და ზედა სასუნთქი გზების ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მეტასტაზებისგან.

ადენოკარცინომა იოლად არ ექვემდებარება კლასიფიკაციას. შემადგენელი უჯრედების თვისებების მიხედვით, ზოგი ნაკლებად ავთვისებიანია, ზოგი კი მეტად, თუმცა საერთო ჯამში საკმაოდ იშვიათი სიმსივნეა და, ამასთანავე, აგრესიული.

 

დიაგნოსტიკა
სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეები ადრევე დიაგნოსტირდება, რადგან ადვილი შესამჩნევია გამობერილობა რომელიმე სანერწყვე ჯირკვლის ადგილას. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და არც ერთი საეჭვო სიმპტომი არ უგულებელვყოთ.

დიაგნოსტიკის წამყვანი მეთოდებია რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული და კომპიუტერული გამოკვლევები. მათი მეშვეობით ადგენენ სიმსივნის ადგილმდებარეობას, ზომას, ფორმას, პოზიციას, ლიმფური კვანძების ჩართულობას, გავრცელებას და მკურნალობის ეფექტიანობას. დიაგნოზის გასამყარებლად კი საჭიროა ბიოფსია – სავარაუდო სიმსივნიდან ქსოვილის აღება და მიკროსკოპით დათვალიერება. თუ ამ ყველაფერმა სიმსივნის არსებობა დაადასტურა, ქირურგიული ჩარევას მიმართავენ. ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა კი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიასაც მოიცავს.

 

რეკომენდაცია
ვინაიდან დანამდვილებით არ ვიცით, რა იწვევს სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეებს, ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება ან, თუ შესაძლებელია, რა გზით, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ალკოჰოლისა და ნიკოტინის რაოდენობის შემცირება და სწორი კვება, აუცილებლად დასწევს მათი განვითარების რისკს.