Nuk
რა იწვევს გულის არითმიას

თარიღი: 01 თებერვალი, 2023

არითმია გულის რითმის არევას ნიშნავს. ზოგჯერ სავსებით ნორმალურია, ადამიანს ჰქონდეს სწრაფი ან ნელი გულისცემა, მაგალითად, გულისცემა შეიძლება გაიზარდოს ვარჯიშის დროს ან შენელდეს ძილის დროს, მაგრამ არსებობს არითმია, რომლის უკანაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა იდგეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ნინო გორგასლიძე სწორედ ასეთ შემთხვევებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

 

ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს გულის არითმია?

არითმია გულის რითმის დარღვევაა. ის შეიძლება გამოიხატოს გულის „საკუთარი“ რითმის აჩქარება-შენელებაში. თუმცა ზოგჯერ ირთვება მექანიზმი, რაც ანაცვლებს ნორმალურ, ფიზიოლოგიურ იმპულსებს და ამ დროს ვითარდება საკმაოდ სახიფათო არითმიები.

 

გულის არითმია ვითარდება მაშინ, როდესაც ელექტრული სიგნალები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულისცემას, სწორად არ მუშაობენ. გაუმართავი სიგნალი იწვევს გულის რითმის აჩქარებას (ტაქიკარდია), შენელებას (ბრადიკარდია) ან არარეგულარულ ცემას.

 

რა შეიძლება გახდეს არითმიის მიზეზი?

არითმია შესაძლოა იყოს სრულიად უწყინარი, მაგალითად, სინუსური არითმია [გულის შეკუმშვების სიხშირის ცვლილება, სუნთქვის სტადიასთან ერთად]. ეს არის გულის ჩვეულებრივი რითმის აჩქარება ან შენელება და ხშირია ჯანმრთელ მოსახლეობაში. ის არ არის საშიში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პოპულაციაში. მაგრამ როცა გულის ნორმალურ რიტმს ანაცვლებს პათოლოგიური იმპულსები, ამ შემთხვევაში ვითარდება (შედარებით) საშიში და სახიფათო არითმიები.

 

არითმიის მიზეზები შეიძლება იყოს კარდიული და არაკარდიული. რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო კარდიული მიზეზებია, მათ შორის არის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი, მიმდინარე მწვავე ინფარქტი, დაბალი განდევნის ფრაქცია, გულის მძიმე უკმარისობა. ამ შემთხვევაში მეტი ალბათობაა და მაღალია რისკი იმისა, რომ განვითარდეს საშიში არითმიები.  არაკარდიული მიზეზები საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს: სტრესი, ენდოკრინული პრობლემები, ალკოჰოლის და კოფეინის ჭარბი გამოყენება, მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფი და ა.შ.  

 

როგორი გამოვლინება აქვს არითმიას?

არითმია ძირითადად გულის ფრიალისა და გულის აჩქარების შეგრძნებით ვლინდება, ასევე შეიძლება პაციენტს აღენიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ სახიფათო არითმიას პაციენტი სუბიექტურად ვერ აღიქვამს. 

 

არითმიის ძირითადი ნიშნებია: აჩქარებული ან შენელებული გულისცემა; ტკივილი მკერდის არეში; ჰაერის უკმარისობა; არითმიის სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: შფოთვას, დაღლილობას, თავბრუსხვევას, ოფლიანობას, გულის წასვლის შეგრძნებას.

 

რა სიხშირით განვითარებული არითმია არის საყურადღებო/რაიმე დარღვევის მანიშნებელი?

არითმიის სიმპტომების გაჩენისთანავე სასურველია მივმართოთ ექიმს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა  გულის ძლიერი ფრიალი უეცრად იწყება და ხანგრძლივდება. შესაძლოა ესეც „უწყინარი“ არითმია იყოს. თუმცა ამის განსაზღვრა ჯობია სამედიცინო პერსონალს მივანდოთ და ჩავიტაროთ საბაზისო კვლევები (ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ჰოლტერის 24 სთ-იანი მონიტორინგი). თუმცა აღნიშნული კვლევებით შეიძლება ვერ მოხდეს არითმიის ვერიფიცირება. ამ შემთხვევაში კვლევების მასშტაბი ფართოვდება.

 

ზოგჯერ საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო არითმიებთან, მაგალითად, ვენტრიკულური (პარკუჭოვანი) ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) და ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული არითმიების აღმოცენებისთანავე მათი იდენტიფიცირება.

 

რა ხდება მოციმციმე არითმიის დროს?

გულს აქვს ერთი სინუსის კვანძი, საიდანაც ხდება გულის ძირითადი იმპულსების გენერირება. მოციმციმე არითმიის დროს ჩათვალეთ, რომ ეს კვანძი გათიშულია და იმპულსები წინა გულებიდან მოდის აბსოლუტურად არათანაბრად, არარეგულარულად, აქვს ინსულტის განვითარების ძალიან მაღალი რისკი, განსაკუთრებით არანამკურნალევ პაციენტებში.

 

NCDC: მოციმციმე არითმია  ოთხი-ხუთჯერ  ზრდის ინსულტის რისკს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებთან.

 

რა იწვევს მას?

მოციმციმე არითმიის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის პათოლოგიებია, მაგრამ ასევე ხშირად შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, ენდოკრინული პათოლოგიების შემთხვევაში და ა.შ. 

 

როგორია მკურნალობა მოციმციმე არითმიის დროს? 

ახლად დაწყებული (<48სთ-ზე) არითმიის შემთხვევაში უნდა ვეცადოთ აღვადგინოთ გულის ნორმალური (სინუსური) რითმი. ვაკონტროლოთ გულის შეკუმშვათა სიხშირე, ასევე შევამციროთ ინსულტის რისკი, ეს გამოიხატება სისხლის ადეკვატურ „გათხელებაში“. მედიკამენტები აუცილებლად უნდა დანიშნოს ექიმმა, პროტოკოლების შესაბამისად. ასევე არსებობს მკურნალობის ინვაზიური მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად, აბლაციის პროცედურა, რაც არითმოლოგების კომპეტენციაა. ამ დროს ხდება პათოლოგიური კერების, რომლებიც „ცუდ იმპულსებს გამოიმუშავებენ“,  სხვადასხვა მეთოდით „მოწვა“. 

 

რას არის გულის ჯანმრთელობისთვის საჭირო პრევენციული ღონისძიებები?

ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ჩივილების აღმოცენების შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობა. 

 

არარეგულარული გულისცემის მიზეზებია:

მიმდინარე გულის შეტევა ან ნაწიბურები წინა გულის შეტევით; კორონარული არტერიული დაავადება (დაბლოკილი არტერიები გულში); გულის სტრუქტურის ცვლილებები, როგორიცაა კარდიომიოპათია;

არაკარდიული მიზეზებია: შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (ჰიპერთირეოზი), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი); ძილის აპნოე; რეცეპტის გარეშე შეძენილი გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის გაციების და ალერგიის სამკურნალო საშუალებები; ალკოჰოლის ან კოფეინის ჭარბი მოხმარება; ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება; გენეტიკა; მოწევა; სტრესი ან შფოთვა.

NCDC: ინსულტის მიზეზით ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანი იღუპება, მოციმციმე არითმიის არსებობის შემთხვევაში ინსულტის განვითარების რისკი 5-ჯერ მატულობს.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, არითმიის დადგენა თვითკონტროლითაც შესაძლებელია, მაგალითად ასეთი ხერხია პულსის განსაზღვრა: პულსი ემთხვევა გულის შეკუმშვის სიხშირეს. 1 წუთის განმავლობაში ითვლი დარტყმების რაოდენობას, ასევე ადგენ რამდენად რითმულია დარტყმები. თუ პულსაცია არითმიულია და დარტყმების რაოდენობა ცდება 100-ს, მიმართეთ ექიმს.

 

პულსის გასინჯვა შესაძლებელია როგორც მაჯაზე, ისე მხრის არტერიის და საძილე არტერიის გაყოლებაზე.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge