Nuk
რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე

თარიღი: 25 აპრილი, 2018

რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი სპორტზე და რომელია სპორტის უნივერსალური სახეობა – თინათინ კუტიბიძის რეკომენდაციები

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის სწორი ზრდა-განვითარება, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები.
როგორ ამოვიცნოთ ტკივილი ადრეული ასაკის ბავშვებთან,  სასურველია თუ არა ბავშვის ფიზიკური დატვირთვა ადრეულ ასაკში და რომელი სპორტის სახეობაზე სჯობს არჩევანის გაკეთება, არის თუ არა  ფიგურული სრიალი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების „ეფექტური წამალი“, რამდენად მოქმედებს ჰალოთერაპია ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე – ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პროფესორმა, ექიმმა-რევმატოლოგმა, თინათინ კუტუბიძემ ისაუბრა.

პირველ რიგში მინდა გკითხოთ ტკივლის შეგრძნებაზე ბავშვებში, როგორ ამოვიცნოთ სტკივა თუ არა რამე ბავშვს, როცა ის უმიზეზოდ ტირის?
ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. ტკივილი ეს ის სასიგნალო ნიშანია, რომლითაც თქვენი პატარა გაძლევთ ნიშანს, რომ მას რაღაც უჭირს. ტკივილი სხვადასხვანაირი ტიპის, სიძლიერისა და ლოკალიზაციის არის. ბავშვი ტკივილს სხვადასხვანაირად გამოხატავს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნამდვილად სტკივა მას თუ არა, რადგან ცოტა მოზრდილი ბავშვები ყურადღების მიქცევასაც ცდილობენ.
ტკივილი არის აფერენტული რეფლექსი, რომლითაც ორგანიზმი პრობლემის შესახებ გამცნობთ. ის შეიძლება იყოს მწვავე, შედარებით ყრუ, ან ქრონიკული. პატარა ბავშვებში ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ჭირვეულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უარი საკვების მიღებაზე. პირველი რეაქცია, რომელიც მომვლელს აქვს, არის ის, რომ ბავშვს რაღაც სჭირს.მოზრდილი ასაკის ბავშვები სწავლობენ ტკივილის ლოკალიზაციის მითითებას და აღწერას.
პედიატრთან მიმართვიანობის მესამედი ტკივილს უკავშირდება. რევმატოლოგებთან მოდიან ბავშვები, რომლებსაც სტკივათ სახსრები. ჩვენ ვინტერესდებით, როდის სტკივათ, უშლის თუ არა ტკივილი ყოველდღიურ აქტივობაში ხელს და ა.შ. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავა ე.წ. ტკივილის შეფასების შკალა, სადაც ნახატებია გამოსახული და ბავშვი აღწერს, რომელი უფრო შეესაბამება მის ტკივილს.
ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ლოკალიზაციის და თვისობრიობის: შეიძლება იყოს მწვავე, მოვლითი ან დუნე ხასიათის. მაგალითად, თუ მოვიდა პატარა სახსრის ტკივილით, ვინტერესდებით, ხომ არ ახლავს თან ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ზედა სასუნქთი გზების ინფექცია და ა.შ. ტკივილი შეიძლება იყოს იზოლირებული სიმპტომი, ასევე ანთებითი პროცესის გამოვლინების ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ყველა კითხვა საჭიროებს ხოლმე შეფასებას და სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ წილად პასუხის გაცემას.

ყოველთვის საგანგაშოა თუ არა ტკივლი და რა დროს არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია?
შესაძლებელია ტკივილი იყოს მოვლითი ხასიათის და ძალიან სწრაფად გაიაროს. დედა უნდა დააკვირდეს ბავშვს, გაიარა ტკივილმა, თუ ის მეორდება. თუკი ბავშვი მიუთითებს ლოკალიზაციას, უნდა დავაკვირდეთ, რა სიხშირით მეორდება ტკივილი. თუკი ტკივილის დროს შეეცვალა ბავშვს ხასიათი, მოყვა ტემპერატურული რეაქცია, მოითენთა და ა.შ. ეს უკვე საგანგაშოა და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს.
ექიმები ხშირად გვირჩევენ, რომ საჭიროა მეტი ფიზიკური აქტივობა და ნაკლები  დრო გაჯეტებთან… რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას?
ცხოვრების თანამედროვე წესმა, რომელიც ჩვენს ბავშვებს ჩამოუყალიბდათ, გამოიწვია ის, რომ ბავშვები არიან ნაკლებად აქტიურები. დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. ჯანმრთელობაზე საუბარს ჩანასახიდანვე ვიწყებთ. აქ საინტერესოა ისიც, რომელი ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზეა საუბარი – ჯანმრთელ ბავშვზე, თუ ბავშვზე, რომელსაც რაიმე სხვა ქრონიკული პრობლემა აქვს. აქ პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა. არსებობენ ბავშვები იუვენილური იდიოპათიური ართრიტებით. წინათ მიიჩნეოდა, რომ მათი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, ახლა კი პირიქით, ამბობენ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ.
მივყვეთ თავიდან – თუკი ბავშვი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ასაკიდან გამომდინარე დატვირთვა განსხვავებულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანატოლებთან თამაშს, გუნდურობას. უკვე შემდეგ შეიძლება საუბარი ინდივიდუალურ სპორტზე, მაგალითად ცურვაზე, რომელიც უნივერსალური სპორტია და 4-5 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვი დაკავდეს მისით. ძალიან კარგია ცურვა ძვალ-სახსროვანი სისტემის ადეკვატური განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციით, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დატვირთვის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი. აშშ-ში 2006-2009 წლებში ჩატარდა კვლევა და 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების შესწავლა მოხდა. დადგინდა, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან და კლებულობს მისი ფიზიკური აქტივობა. 15 წლამდე ასაკის ბავშვების აქტივობა სამუშაო დღეებში, 40-50%-ში 60 წუთს შეადგენს, უქმეებზე კი აქტივობა იკლებს და 50 წუთზე ნაკლებია. რაც შეეხება სპორტულ დატვირთვას, დღეს ბევრი ბავშვი პრაქტიკულად პროფესიონალური სპორტით არის დაკავებული.
მინდა მშობლებს მივცე რეკომენდაცია – მანამ, სანამ ბავშვს სერიოზული სპორტით დააკავებენ, გაიროს სამედიცინო შემოწმება, რადან 3-4 საათი ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 12 წლის ასაკიდან ხშირად ჩნდება ე.წ. შლატერის დაავადება და ეს ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს ორივე მუხლში ძლიერი ტკივილი აქვს, აუცილებლად მიიყვანეთ ის ტრავმატოლოგთან.

ამბობენ, რომ ფიგურული სრიალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს..
ყველანაირი ადეკვატური სპორტული დატვირთვა ემსახურება იმუნური სისტემის გაძლიერებას, მათ შორის ფიგურული სრიალი. სანამ მეზობლებისა და ნათესავების რჩევებს გავითვალისწინებთ, ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. ნამდვილად პოპულარული ხდება ბოლო დროს ფიგურული სრიალი. ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქი კუნთების გაძლიერებასთან და ფილტვის სასიცოცხლო ტევადობას ზრდის, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მათ შორის ფიგურული სრიალი ნამდვილად არის მოწოდებული სასუნთქი გზების სისტემის დაავადებების პრევენციისათვის.

ასევე, ძალიან პოპულარული ხდება ჰალოთერაპია. აქვს თუ არა ამ ტიპის მკურნალობას რაიმე ეფექტი თუ ეს კომერციის ნაწილია?
ჰალოთერაპია ალტერნატიული მედიცინაა. იყო გარკვეული კვლევები ჩატარებული, რომ მარილის კრისტალოიდები გარკვეულ დადებით ეფექტს ახდენს სასუნთქ სისტემაზე. იმას, რასაც ევიდენსური მედიცინა ქვია, ამის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არის ჰალოთერაპიის შესახებ გარკვეული გამოცდილება დაგროვებული და აქვს არსებობის უფლება. მე როგორც ექიმი, ჰალოთერაპიას ალტერნატიული მედიცინის კუთხით შევხედავდი, რადგან სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის ტრადიციული.
შემდეგი თემა ასევე ბავშვის ზრდა–განვითარებას ეხება, როდესაც მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი მის თანატოლებ სიმაღლით ჩამორჩება, იწყებენ სხვადასხვა პროდუქტების მიცემას. მართალია თუ არა, რომ მაგალითად ჭარხლის წვენმა შეიძლება სიმაღლეში ზრდა გამოიწვიოს?
ბავშვის წონისა და ზომის შესაფასებელ სპეციალური შკალები არსებობს. სიმაღლეს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს გენეტიკა და გარემო ფაქტორები ადეკვატურ მოვლასთან ერთად. ბავშვმა ყველა მიკროელემენტი და ნუტრიენტი საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღო. მას ესაჭიროება ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ადეკვატური რაოდენობით. სპორტი ერთ-ერთი ხელშემწყობია მისი ზრდა-განვითარებისა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი რაოდენობით გვაქვს ხილი და ბოსტნეული და ბავშვმა ისინი სწორედ ასეთი სახით უნდა მიიღოს. მიმართეთ პედიატრსა და ენდოკრინოლოგს, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის ძვლოვანი ასაკი და გადაწყდეს, ესაჭიროება თუ არა რაიმე სხვა დამატებითი ჩარევა სამედიცინო თვალსაზრისით. თუ მან ადეკვატურად მიიღო ყველა ის საკვები, რომელიც მას ესაჭიროება, აღარ არის დანამატების მიღება რეკომენდებული.

თუ გენეტიკის მიუხედავად, სიმაღლეში საგრძნობი ჩამორჩენაა,  შეიძლება თუ არა ეს იყოს ფიზიოლოგიური პროცესი და არ საჭიროებდეს კონსულტაციას, თუ ყოველთვის სჯობს მივმართოთ სპეციალისტს?
უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების თავისებურებები. ხშირად ყველაფერს ვაძლევთ ბავშვს, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება სიმაღლეში. არსებობს გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ან თუ ანემია აქვს ბავშვს, ის ყოველთვის ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, უნდა გამოვრიცხოთ ყველა ასეთი დაავადება.

როდესაც ვსაუბრობთ რევმატიულ დაავადებებზე, რა ტიპის დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული და რა იწვევს მათ?
ბავშვთა რევმატიული დაავადება უამრავია. ეს არის ე.წ. ავტოიმუნური დაავადებების ჯგუფი, როდესაც ორგანიზმი ანტისხეულს თავისი საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები უცნობია. ყველაზე ხშირია იუვენილური იდიოპათიური ართრიტები, ანუ სახსრების ანთება, რომელსაც გარკვეული მიზეზი არ აქვს, ასევე არსებობს სისტემური ვასკულიტები, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ. ყველაზე გავრცელებულია ართრიტი, ანუ სახსრის ანთება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, ან ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექცია, რომელიც რევმატიულ ცხელებას, ან გულის რევმატიულ დაზიანებას იწვევს. რევმატიული დაავადებები არის ძალიან დიდი ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას. ძალიან ხშირად სახსრების ტკივილით ვლინდება, მაგრამ არსებობს დაავადებები ისეთი მიმდინარეობით, როგორიც არის ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება სახსროვანი კომპონენტი, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს სახსრების ტკივილი.