Nuk
რა არის ,,ტომატისის მეთოდი" და როგორ ააქტიურებს ის მეტყველებას ბავშვებში

თარიღი: 12 სექტემბერი, 2021

რა არის “ტომატისის მეთოდი” და როგორ ააქტიურებს ის მეტყველებას ბავშვებში – საინტერესო შეკითხვებს ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ანა ოკრიბელაშვილი პასუხობს…

 

ანა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მოდით, საუბარი დავიწყოთ ე.წ. „ტომატისის მეთოდის“ შესახებ. რა ტიპის მეთოდია ეს, ვისთვისაა განკუთვნილი და რატომ გამოიყენება თქვენს კლინიკაში?
ანა ოკრიბელაშვილი: ტომატისის მეთოდი ძალიან კარგი საშუალებაა არა მხოლოდ მეტყველების გააქტიურებისათვის, თუმცა დღეს ძირითადად მის ამ ასპექტს შევეხებით. ეს მეთოდი ჩვენს რეალობაში ახალია, ევროპაში კი ჯერ კიდევ 2002 წელს დაინერგა. ტომატისის მეთოდის ავტორი ფრანგი ოტო-ლარინგოლოგი, პროფესორი ალფრედ ტომატისია, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა ამ აპარატის შექმნას დაუთმო. აპარატს იგი ელექტრონულ ყურს ეძახდა. აპარატი დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და საბოლოოდ ის სახე მიიღო, რომლითაც დღესაა წარმოდგენილი. ჩვენმა კლინიკამ ეს აპარატი ლუქსემბურგიდან ჩამოიტანა, სადაც მიმდინარეობდა სწავლება და გავიარეთ სერტიფიკაცია. აპარატის გამოყენება შეუძლიათ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოლოგებს,რადგან ტომატისის აპარატი ააქტიურებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს, სპეციალისტის ჩართულობა კი საჭიროა იმისათვის, რათა სწორი მიმართულება მისცეს ბავშვის კოგნიტური ფუნქციების განვითარებას. ტომატისის აპარატი ვიზუალურად ჩვეულებრივ დიდ ყურსასმენებს მოგვაგონებს, მაგრამ მას აქვს სიხშირეების ძვლოვანი და ჰაეროვანი გამტარობა. მისი საშუალებით პაციენტი სხვადასხვა მელოდიებს ისმენს, თუმცა ისინი არა მელოდიები, არამედ სიხშირეები და ტონალობებია. აპარატი მოქმედებს სიხშირეების ვიბრაციული გამტარობით. თხემის წილში დამაგრებულია აპარატურა, რომელიც ძვლოვანი ვიბრაციების გამტარობას ახდენს, ხოლო თვითონ ყურსასმენი ჰაეროვანი სიხშირეებისას. აპარატის გამოყენებით აქტიურდება შიდა ყური, რის შემდეგაც სიხშირეები და ვიბრაციები გადაეცემა იმ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც დაზიანებული ნეირონების ფუნქციებს იღებენ თავის თავზე. შედეგად აქტიურდება კოგნიტური ფუნქციები, მეხსიერება, მეტყველება და მოტორიკა. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ემოციურ ფაქტორებს და დისფუნქციებსაც. ტომატისის აპარატი ახდენს სამი ზონის გააქტიურებას. ყურსასმენში ჩამონტაჟებულია პროგრამები. როდესაც პაციენტს აქვს თავის ტვინის დისფუნქცია, მაგალითად ინსულტი, ცერებრალური დამბლა, ან სახეზეა აუტისტური სპექტრის აშლილობა, ჩვენ ვიყენებთ შედარებით მსუბუქ, ესერორ პროგრამას, რომელში ჩატვირთული ინფორმაციაც მოიცავს იმ სამ ზონას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ეს ყველაფერი ააქტიურებს არა ტვინის ქერქს, არამედ საჭირო ნეირონებს. შედეგები ნამდვილად ფანტასტიკური გვაქვს და მათი ნახვა „სკენარის“ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი. შედეგები ისეთ პაციენტებთანაც კი გვაქვს, რომლებზეც სხვა სპეციალისტებს უთქვამთ, რომ ის უკვე 11-12 წლისაა და მისი მეტყველება აღარ განვითარდება. მეტყველების გააქტიურება ასეთ შემთხვევაშიც ხდება სწორედ ამ აპარატის საშუალებით, რადგან ტომატისის მეთოდი ააქტიურებს სმენას, რომელიც პირდაპირ კავშირშია მეტყველებასთან, რადგან ჩვენ ვამბობთ იმას, რაც გვესმის. მეთოდის წყალობით აქტიურდება გაგების უნარიც, სწორად გაგების უნარი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ააქტიურებს ასევე ძალიან მნიშვნელოვან კონტაქტის უნარს. ის განსაკუთრებით პრობლემურია აუტისტური სპექტრის აშლილობისას, რადგან ასეთ დროს პაციენტები ნაკლებად კონტაქტობენ ადამიანებთან, მათ უფრო საგნები აინტერესებთ. გვყოლია ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც ჰქონდათ მეტყველების სრული არქონა, ბგერების გამოთქმის უნარის არქონა, მზერის გასწორების უნარის არქონა, მოტორული აღგზნება. ისინი იყვნენ თითქმის სრულიად უკონტაქტოები. პროგრამა გათვლილია 14 სეანსზე, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს ყოველდღე, ან დღეგამოშვებით. გააჩნია პაციენტის მდგომარეობას და მიწოდების სისრულეს. გაუმჯობესება სეანსიდან სეანსამდე შესამჩნევია.როგორც წესი, პირველი ორი სეანსის შემდეგ ბავშვები უკვე გადიან მზერით კონტაქტზე, შემდეგ უკვე ცდილობენ ბგერების ან სიტყვების წარმოთქმას დაა.შ.

ანა, ნებისმიერი ტიპის მეტყველების დარღვევის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ რით არის ის გამოწვეული, ერთ–ერთი მთავარი გამოსავალი არის მუდმივი რეაბილიტაცია და თერაპია. საინტერესოა, არის თუ არა ტომატისის მეთოდი ტრადიციული მედიცინის ნაწილი და თუ ის ასეთ შედეგს ასეთ მოკლე დროში დებს, რატომ არ არის ეს მეთოდი უფრო ფართოდ გავრცელებული იმის ფონზე, რომ ამ ტიპის პრობლემების რიცხვი მთელი მსოფლიოში ძალიან მაღალია.
ანა ოკრიბელაშვილი: ვერ დაგეთანხმებით, ტომატისის მეთოდი ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით ევროპაში,სადაც მისი დანერგვა სარეაბილიტაციო კლინიკების უმეტესობაში 2002 წლიდან მოხდა. ეს თერაპია ძალიან კარგ შედეგებს იძლევა და ეს უკვე დამტკიცებულია. მას იყენებენ არა მხოლოდ დაავადებულ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელი ადამიანების ტვინის ამა თუ იმ ფუნქციის გასააქტიურებლადაც. არსებობს რამდენიმე პროგრამა, ზოგიერთი მათგანი მძიმე პაციენტებთან გამოიყენება, ზოგი კი სრულიად ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებსაც უბრალოდ ტვინის გარკვეული ფუნქციების გააქტიურება სჭირდებათ. გააჩნია რა პროგრამას და სიხშირეებს ვიყენებთ ამა თუ იმ ადამიანთან. ბუნებრივია, რომ სერიოზული პრობლემების მქონე პაციენტებს და ჯანმრთელ ადამიანებს სხვადასხვა პროგრამა სჭირდებათ.

 

რა ტიპის მეტყველების დარღვევების დროს არის საჭირო პირველ რიგში ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია და შემდეგ უკვე ამ აპარატის ჩართვა მკურნალობაში?
ანა ოკრიბელაშვილი: მეტყველების დარღვევაზე საუბრის დაწყება შეგვიძლია უკვე მაშინ, როდესაც ბავშვი არ ამბობს აღუს, არ გამოთქვამს რაღაც ბგერებს. ასეთ დროს პირველ რიგში სმენა მოწმდება, რადგან სმენა პირველ რიგში მოქმედებს მეტყველების გამართულობაზე. როდესაც ბავშვი ერთი წლის ხდება, მას უკვე უნდა ჰქონდეს სიტყვების გარკვეული მარაგი, დაახლოებით 5-10 სიტყვა, 1,5 წლის ასაკში მარაგი უნდა იყოს 50 სიტყვა მაინც, 2-3 წლის ასაკში კი სიტყვათა მარაგი დაახლოებით 1000 სიტყვა უნდა იყოს. ცხადია ხდება ისეც, რომ ბავშვს შესაძლოა გენეტიკური განწყობა ჰქონდეს ლაპარაკის გვიან დაწყებისაკენ და თუ მისმა მშობლებმა ლაპარაკის დაწყება დააგვიანეს, მანაც შედარებით გვიან დაიწყოს მეტყველება, თუმცა სმენა ნებისმიერ ვარიანტში შემოწმებული უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, რომ სმენით დარღვევასთან არ გვაქვს საქმე. დარღვევა უკვე სახეზეა მაშინ, როდესაც სმენადობა და კონტაქტი, სოციალური თუ ემოციური კონტაქტი ბავშვთან სათანადოდ არ არის გამოხატული. ასეთ დროს უკვე საჭიროა სპეციალისტთან მიმართვა. მშობელს მეტყველების პრობლემის შემჩნევა 2 წლის ასაკში მაინც აუცილებლად შეუძლია, თუ უფრო ადრე არა. თუ ბავშვი ძალიან მიჯაჭვულია დედაზე, როდესაც 3 წლის ასაკში ბავშვს აქვს სიტყვების განმეორებადობა, ანუ იმეორებს ერთი და იმავე სიტყვებს ახლების სწავლის მაგიერ, აქვს სიტყვათა მარაგის ნაკლებობა, მშობელი ამ ყველაფერს აუცილებლად შენიშნავს და პრობლემის დანახვისთანავე უნდა მივმართოთ სპეციალისტს. როდესაც ბავშვს ვამჩნევთ სიტყვების და ბგერების ნაკლებობას და თანატოლებთან განსხვავებებს, უკვე უნდა ვიფიქროთ სპეციალისტის ჩართვაზე. ზოგადად, მეტყველების დარღვევები შეიძლება იყოს ემოციური ან ტვინის დისფუნქციით გამოწვეული. ემოციური დარღვევები ბავშვთა ასაკში მკვეთრად გამოხატული და შესამჩნევია. მაგალითად, არის დარღვევა ემოციური მუტიზმი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სმენაც კარგად აქვს განვითარებული, ბგერების საკმარისი მარაგიც გააჩნია, გამოთქმაც შეუძლია, მაგრამ ძალიან მკაცრ გარემოში იზრდება და სტრესის ფონზე ვერ მეტყველებს. ეს არის ეკლექტიკური მუტიზმი, რომელიც ემოციური დარღვევაა. ემოციური დარღვევებია ასევე ინტონაციური დარღვევები, ასევე ე.წ. ენაბლუობა, რომელიც 5-7 წლის ასაკში გამოიხატება განსაკუთრებით მკვეთრად და ასეთ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართვა. პირველი ბგერების განმეორება, პირველი სიტყვების განმეორება გამოწვეულია სხვადასხვა სახის შიშებით, რომლებსაც თერაპიისას ფსიქოლოგი ადგენს, შემდეგ ხდება უკვე ლოგოპედის ჩართვაც. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია თავის ტვინის ფუნქციების მდგომარეობის კვლევა, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია, ასევე გვაქვს მეთოდი – პერორალური მასაჟი და ა.შ. მეტყველების დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის დისფუნქციებით, სადაც ბუნებრივია უკვე ნეიროფსიქოლოგის ჩარევაა საჭირო. აქ შეიძლება გამოვყოთ აფაზია- ხშირ შემთხვევაში ინსულტის შედეგად გამოწვეული მეტყველების დარღვევა, რაზეც ასევე აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, არსებობს დაავადებები, რომლებსაც თან ახლავთ მეტყველების დარღვევა, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი. მაგალითად, ძალიან ხშირად ეს პრობლემა გვხვდება აუტისტური სპექტრის აშლილობისას, შესაძლოა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყოს, რომ მეტყველების არარსებობაც კი იყოს სახეზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტომატისის მეთოდი ასეთი შემთხვევებისათვისაც უნიკალური თერაპიაა.

ანა, ბუნებრივია განსხვავდება როგორც მეტყველების შეფერხების ხარისხები, ასევე ტვინის დისფუნქციისას დაზიანების ხარისხი. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში თერაპიის ხანგრძლივობა ერთი და იგივე ვერ იქნება, მაგრამ საინტერესოა, თქვენი დაკვირვებით, დაახლოებით რა ხანგრძლივობის თერაპია ან რამდენი სეანსია საჭირო იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს? ზოგადად, როგორია თერაპიის შედეგი და როდის უნდა ველოდოთ მას?

 ანა ოკრიბელაშვილი: როგორც აღნიშნეთ, გააჩნია მდგომარეობის სირთულეს. როცა ძალიან მძიმე პაციენტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ბგერებსაც კი ვერ წარმოთქვამენ, მათთან პირველი 2-3 სეანსის შემდეგ უკვე იწყება ბგერების სპონტანური წარმოთქმა. ეს მოსალოდნელი შედეგია, თუმცა მშობლები მაინც სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან ხოლმე. ბავშვი, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, მზერით კონტაქტს ამყარებს უკვე პირველი ორი სეანსის შემდეგ. ეს ყველაფერი მდგომარეობის სიმძიმის გარდა, ბავშვის ჩართულობაზეცაა დამოკიდებული. როცა ბავშვი მშობელთან ერთად აქტიურადაა ჩართული, ეს ძალიან კარგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედის ჩართულობა, რადგან დედის ხმის ზემოქმედება ტომატისს ძალიან კარგად აქვს აღწერილი. დედის ხმა ბავშვში ააქტიურებს დადებით ემოციებს. ეს ძალიან ეხმარება ბავშვს ალაპარაკებაში, მათ შორის ისეთ ბავშვებსაც, ვის მშობლებსაც უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდათ გადაწურული. ბგერა არის ვიბრაციის გავრცელება, ჰაეროვანი გამტარობა კი ყურიდან ხდება. როცა ბავშვი ვიბრაციის გამტარობას აქტიურად იღებს, შემდეგ ვრთავთ მიკროფონს, რაც ტომატისის მეთოდის ნაწილია. ბუნებრივია, როდესაც დარღვევა მსუბუქია, მის აღმოფხვრას უფრო ცოტა ხანი სჭირდება. ვცდილობთ, ბავშვებს მივაწოდოთ ის სიხშირეები, რომლებიც მათ ტვინს სჭირდება. არის ხოლმე საფრთხილო მომენტები, მაგალითად ეპილეფსია, ასეთ დროს დამატებითი რისკები უნდა იქნას გათვალისწინებული. ზოგადად ჩემი მიდგომა ასეთია – ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მუშაობის გეგმაა საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში დანერგილია ტომატისის მეთოდის პირველი და მეორე ეტაპები. ეს არის უახლესი მეთოდიკა, რომელიც ააქტიურებს არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ კოგნიტურ ფუნქციებს, ყურადღების კონცენტრაციას და ა.შ.

 

ანა, საინტერესოა მაქსიმუმ რა შედეგის მოცემა შეუძლია ტომატისის მეთოდს და როდის ითვლება მკურნალობა დასრულებულად? ნიშნავს თუ არა მკურნალობის დასრულება იმას, რომ ადამიანი სრულფასოვნად იმეტყველებს?
ანა ოკრიბელაშვილი: მკურნალობის მეთოდიკაში განსაზღვრულია, რომ პირველი კურსის შემდეგ თვენახევარი უნდა შევისვენოთ.აღსანიშნავია, რომ ტომატისის მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში, ბუნებრივია თუ არის სათანადო ჩართულობა პაციენტის და მშობლის, განსაკუთრებით დედის მხრიდან, პირველი კურსის შედეგად მიღწეული გაუმჯობესება ნარჩუნდება. განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც პაციენტის მკურნალობა ხდებოდა მხოლოდ ფსიქოთერაპიით,აპარატის გარეშე.ასეთ დროს ტვინის შესაბამისი უბნების გააქტიურება ნამდვილად ხდება, მაგრამ შედეგის შენარჩუნება უფრო ჭირს. გარდა ამისა, ტომატისის მეთოდი და აპარატი არის უნიკალური იმიტომაც, რომ შედეგსაც გაცილებით სწრაფად იძლევა. თუ აპარატის გარეშე რაღაც შედეგს ნახევარ წელში მივიღებდით, მისი გამოყენებით იგივე შედეგის მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე სეანსია საჭირო.

 

საინტერესოა, როგორია მომართვიანობა?
ანა ოკრიბელაშვილი: სხვათა შორის საკმაოდ მაღალი და ამიტომ ასისტენტების აყვანაზეც ვფიქრობ. თერაპიის შედეგები ნამდვილად გასაოცარია და სრულიად ბუნებრივია, რომ მომართვიანობა არის ისეთი, როგორიც არის. მკურნალობისას ვიყენებთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას. შესაძლოა აპარატი გამოვიყენოთ ერთდროულად რამდენიმე პაციენტთან, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ. შესაძლოა თერაპია ინდივიდუალურადაც ჩატარდეს.

 

შეჯამების სახით ვთქვათ, თუ ვინ შეიძლება იმკურნალოს ტომატისის მეთოდით, ვის სჭირდება ეს და ვინ არიან თქვენი პოტენციური პაციენტები?
ანა ოკრიბელაშვილი: ტომატისის მეთოდის იმედი შეიძლება გვქონდეს მეტყველების ნებისმიერი დარღვევის დროს. ის ასევე ძალიან ეფექტურია სხვა კოგნიტური ფუნქციების გასააქტიურებლად, მაგალითად ტომატისის მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს კოვიდის გადატანის შემდგომ მეხსიერების დაქვეითებაზე. ეს მეთოდი გვეხმარება ყურადღების კონცენტრირებაშიც, ასევე სხვადასხვა ემოციური ფაქტორების დარღვევის, ნევროზების, შფოთვების დროსაც კარგად მუშაობს.

 

როგორც ბრძანებთ, 14 სეანსიანი კურსის შემდეგ ტომატისის მეთოდი ითვალისწინებს თვენახევრიან შესვენებას. მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება ტომატისის მეთოდით კურსის გავლა?
ანა ოკრიბელაშვილი: ტომატისის მეთოდში თვითონაა გათვლილი, თუ როდის, რა ხანგრძლივობით და რა პროგრამა უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ფსიქოთერაპიულ განათლებასაც, რათა სწორად მივუდგეთ პაციენტებს. ყველა შემთხვევაში შედეგი ინდივიდუალურ დროში დგება. შესაძლოა პირველი 14 სეანსის და თვენახევრიანი პაუზის შემდეგ საჭირო იყოს კიდევ 14 სეანსი. თუმცა შემდეგ უკვე 3 თვიანი პაუზაა საჭირო და კიდევ ერთი 14 სეანსი. ასეთ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსი დასრულდა. თუმცა თუ კიდევ ვხედავთ თერაპიის გაგრძელების საჭიროებას, მორიგი 14 სეანსის ჩატარება და თერაპიის თავიდან დაწყება უკვე ერთი თვის შემდეგაა შესაძლებელი.