Nuk
რა არის მოტივაცია და როგორ უნდა განვასხვაოთ ის ბავშვის “მოსყიდვისგან”

თარიღი: 05 აპრილი, 2021

ბავშვის აღზრდა, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც უსაზღვრო მოთმინებას მოითხოვს. ხანდახან ეს მარტივად გვეძლევა, თუმცა ზოგჯერ არის სიტუაციები, როდესაც სიტუაცია რთულდება. რა არის მოტივაცია და როგორ უნდა განვასხვაოთ ის ბავშვის “მოსყიდვისგან” ამ თემაზე ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი გვესაუბრება.

“როგორც ყველა დედამ, მეც კარგად ვიცი, რომ ბავშვის აღზრდა, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც უსაზღვრო მოთმინებას მოითხოვს. ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს იშვიათად მაინც გვითქვამს მსგავსი ტიპის წინადადება: “ამ თავს თუ წაიკითხავ, მერე შეგიძლია ითამაშო”, “მორჩი ტირილს და შოკოლადს გიყიდი”, “ოთახი დაალაგე და მერე დაგიბრუნებ ტელეფონს”, გვითქვამს და ხშირად არც კი დავფიქრებულვართ, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა მიდგომამ, რა თვისებას ვანვითარებთ ამ დროს ბავშვში.

,,ამას თუ გააკეთებ, მე ამას გაგიკეთებ” – ფრაზით ბავშვს ,,ვაჭრობის” მაგალითს ვაძლევთ. გავა დრო, ბავშვი წამოიზრდება და შეიძლება მსგავსი წინადადებით შემოგვიტრიალდეს: ,,მეგობართან გამიშვი და ოთახს დავალაგებ;” “ტელეფონი მომეცი, ცოტას ვითამაშებ და მერე წავიკითხავ”. გამოდის, რომ ჩვენ მსგავსი წინადადებებით, ვცდილობთ ერთი ქცევა წავახალისოთ ბავშვში, მოტივაცია აღვუძრათ, მაგრამ შედეგად მხოლოდ ვაჭრობას ვასწავლით. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

მაგალითი – “ამ თავს თუ წაიკითხავ, მერე შეგიძლია ითამაშო”. პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ჩვენი შვილები სარკესავით არიან. ისინი აირეკლავენ იმას, რასაც ჩვენში ხედავენ, ამიტომ თუ გვინდა, რომ ბავშვმა წიგნის კითხვა შეიყვაროს, პირველ რიგში ეს საქმიანობა უნდა გვიყვარდეს ჩვენ. თუმცა საკმარისი არ არის მხოლოდ გვიყვარდეს კითხვა, საჭიროა ბავშვი ამას კარგად ხედავდეს. სახლში, სადაც ჩვეული ტრადიციაა, რომ მშობლები წიგნებს კითხულობენ, სახლი წიგნებით არის მოფენილი, მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე უკითხავს წიგნებს, ნაკლებად წარმოიშობა მსგავსი პრობლემა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ტელეფონისა და კომპიუტერისადმი მიჯაჭვულობამ, გადაწონოს წიგნისადმი ინტერესი, თუმცა თუ დედა სახლში საღამოს გემრიელად ჩაჯდება სავარძელში, გვერდით მოიდგამს ჩაის, დაიწყებს კითხვას, წარმოუდგენელია ბავშვი ამ სანახაობამ არ მიიზიდოს, არ დაინტერესდეს, რას კითხულობს დედა და ცოტათი მაინც არ მოუნდეს, თვითონაც მსგავსად მოიქცეს.

მაგალითი – “მორჩი ტირილს და შოკოლადს(რამეს) გიყიდი”. ალბათ, ბევრს გვქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვი ქუჩაში რაღაცაზე განაწყენდა და ატირდა. გარშემო ბევრი ხალხია, უხერხული სიტუაციაა და ჩვენც ყველა ღონეს ვხმაროთ, რომ განვმუხტოთ მდგომარეობა. ხშირად, ასეთ დროს მივმართავთ ხოლმე პირობების დადების მეთოდს, სხვა სიტყვებით ვცდილობთ მოვისყიდოთ ბავშვი იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ – როგორმე დავაწყნაროთ. მოკლე ვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ეს გამოგვივიდეს კიდეც, იქნება ისეთი შემთხვევა, რომ ბავშვი შოკოლადისა, თუ სხვა პირობის ხათრით გაჩერდება, მაგრამ რა შედეგი ექნება ამას აღმზრდელობით პროცესზე. ჩვენ ხომ ბავშვის აღზრდა ამ წუთიერი დაწყნარებისა და გაჩერებისთვის არ გვინდა. აღზრდა გრძელვადიანი პროცესია, მას მიზნებიც გრძელვადიანი აქვს და შედეგებსაც უახლოეს წუთებსა და დღეებში კი არ უნდა ველოდეთ, არამედ წლების შემდეგ.

ასეთი მეთოდების გამოყენება უარყოფითად უბრუნდება მშობლებს. რეალურად, რა თვისების აღზრდას ვუწყობთ ხელს ამით? გავა წლები და ბავშვი მარტივად შეძლებს ჩვენს მანიპულირებას, მიხვდება, რომ ტირილისა, თუ სხვა მსგავსი საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერი რამის მოპოვება და გარკვეული დროის შემდეგ, უკვე გაგვიჭირდება მისი “მოსყიდვა”. მეტიც, ასეთი საშუალებით, ჩვენ ბავშვებს “ვაჭრობასა” და “მოსყიდვას” ვასწავლით.

განაწყენებულ და ატირებულ ბავშვს, ჩვენი თანადგომა სჭირდება და არა საჩუქრები. თანადგომა უფრო რთული განსახორციელებელია, ვიდრე “საჩუქრის” ყიდვა. მას მოთმინება სჭირდება. გრძელვადიანად, ბავშვს ეცოდინება, რომ მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება, რომ მშობელი არის ის უსაფრთხო ადგილი, სადაც ყოველთვის შეიძლება თავის შეფარება გაჭირვების ჟამს.

როდესაც ბავშვი უკვე მოზარდია, 16-17-18 წლის არის და რეალურ საფრთხეებს აწყდება ცხოვრებაში, მშობელი იქნება პირველი, ვისთანაც თავისი პრობლემით მივა. ჩაეხუტეთ ატირებულ ბავშვს, უთხარით რომ გესმით მისი მწუხარების, და უბრალოდ იყავით მის გვერდით, თანაუგრძენით და სასწაულიც არ დააყოვნებს – ბავშვი დაწყნარდება.

საყვარელო მშობლებლო, თუ სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს შვილებში რაიმე თვისება აღვზარდოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავებით უნდა დავიწყოთ. არ გამოგვივა ბავშვს შევაყვაროთ წიგნი, თუ ჩვენთითონ არ გვიყვარს; არ გამოგვივა ბავშვს დავალაგებინოთ სიამოვნებით ოთახი, თუ ჩვენით სიამოვნებით არ ვასრულებთ ამ საქმეს; წარუმატებელი იქნება ჩვენი დარიგება ბავშვმა არ მოწიოს სიგარეტი, თუ ყოველ დღე გვხედავს როგორ ვეწევით ჩვენ. ბავშვების აღზრდა, პირველ რიგში, საკუთარი თავის აღზრდით იწყება. და, რაც მთავარია, ემოციური თანადგომის გარეშე, აღზრდის პროცესი შეიძლება საერთოდ ჩაგვივარდეს. ამიტომ ჩემი რჩევა, პირველ რიგში ჩემი თავისათვის, როგორც მშობლისათვის, არის რომ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მაგალითი და მოთმინებით ვედგეთ მათ გვერდში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე რთულად გვეჩვენება.

კიდევ ერთი მეთოდზე მინდა ყურადღების გამახვილება, ჰუმანურ პედაგოგიკაში მას “შტრიხების დადების” მეთოდს ვუწოდებთ. ის ძალიან ეფექტურია როგორც ბავშვებთან, ისე უფროსებთანაც. თუ ბავშვს რაიმეს გაკეთება უჭირს, ან არ აკეთებს, შეგვიძლია ეს თვისება მას მივაწეროთ, “შტრიხი დავადოთ”. მაგალითად, თუ ოთახის დალაგება არ უყვარს, მაგრამ ერთხელ საწოლი გაასწორა, შევაქოთ ამისთვის, ვუთხრათ როგორ ვამაყობთ მისით, როგორ გაგვიხარდა გასწორებული საწოლის დანახვა. ადამიანებს გვიყვარს,როდესაც გვაქებენ და როდესაც ერთი ადამიანი მეორეს შეაქებს, მას სურვილი უჩნდება რომ კიდევ შეაქონ, რომ გაამართლოს შემქების იმედები. მეორედ კიდევ რაიმეს თუ მიალაგებს სახლში, ისიც შევიმჩნიოთ. მესამედ, მის ზურგს უკან შევიმჩნიოთ, ოღონდ ისე, რომ მანაც მოკრას ყური როგორ ვაქებთ. ეს გრძელვადიანი პროცესია, ისევე როგორც აღზრდა, მაგრამ ბევრად შედეგიანი, ვიდრე პირობებით და საჩუქრებით მოსყიდვა”.

წყარო: https://www.fortuna.ge