Nuk
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

თარიღი: 17 მაისი, 2020

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი განეკუთვნება კომპლექსური აშლილობების რიცხვს, რომელიც ხასიათდება მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებით, რაც არ აიხსნება სამედიცინო მდგომარეობებით. ამასთან ფიზიკურმა თუ ინტელექტუალურმა მუშაობამ, შესაძლოა დაღლილობის შეგრძნება გაამწვავოს, თუმცა, დასვენება არ აუმჯობესებს მას. 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ არის ცნობილი, თუმცა, დარგის ექსპერტები საუბრობენ სხვადასხვა ფაქტორთა კომბინაციაზე,  რომელიც ზრდის ამ სინდრომისადმი მოწყვლადობას :

- იმუნური სისტემა.

- ჰორმონალური დისბალანსი. 

- ვირუსული ინფექციები - ებშტეინ ბარი, სხვადასხვა ტიპის ჰერპესული ვირუსები, წითურა.

განასხვავებენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევ შემდეგ რისკ - ფაქტორებს:

- გენეტიკური მოწყვლადობა.

- არახელსაყრელი გარემო ფაქტორები.

- ასაკი -  იმის მიუხედავად, რომ ქდს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვობაშიც შეიძლება წარმოიშვას, მისი აღმოცენების ასაკად ითვლება 20-40 წელი.

- სქესი - როგორც წესი, აღნიშნული სინდრომი ორივე სქესის წარმომადგენლებში გვხვდება, თუმცა ქალებთან ბევრად უფრო ხშირია , მამაკაცებთან შედარებით. 

- სტრესი - შესაძლოა სინდრომის აღმოცენება განაპირობოს  სტრესის მენეჯმენტის, მასთან გამკლავების სირთულეებმა. 

 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები :

ქდს ნიშნები ვარირებს პაციენტიდან პაციენტამდე და სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით ვლინდება, თუმცა ყველა შემთხვევაში წამყვან ნიშნად მუდმივი დაღლილობის შეგრძნება მიიჩნევა. ადამიანი მსუბუქი ფიზიკური და მენტალური საქმიანობის შემდეგ ისეთ დაღლილობას გრძნობს რომ ძალების აღსადგენად შესაძლოა სრული 24 საათი დასჭირდეს.  

ამ სინდრომის დროს მთავარ გამოწვევად ის რჩება, რომ მუდმივი დაღლილობა და ძალაგამოცლილობა, ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიური საქმიანობების წარმოებაში. მას უჭირს ფუნქციონირება ყველა სიტუაციაში, რაც ხელისშემშლელია, როგორც პროფესიულად, ისე მეგობრებთან, თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს. 

ძირითადად განასხვავებენ სიმპტომებს სხვადასხვა სფეროში:

ძილის დარღვევები. 
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი, თუნდაც მთელი დღის ძილის შემდეგ ადამიანი დაღლილი და ძალაგამოცლილი იღვიძებს:

- მუდმივი ძილიანობა.

- ქრონიკული ინსომნია. 

შემეცნებითი სირთულეები:

- ახალი მასალის ათვისების სირთულე

- მეხსიერების გაუარესება

- ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები

- საქმიანობის დაგეგმვისა და სტრუქტურირების სიძნელე.

ფიზიკური ნიშნები:

- აუხსნელი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში - კუნთების, ძვლების, სახსრების, თავისა და წელის ტკივილი

- გრიპის მაგვარი სიმპტომები - ყელის შეშუპება, გლანდების გადიდება, სისუსტე.

- თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის, ან გულისრევის შეგრძნება.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს, ან პირიქით სრულიად გაქრეს, თუმცა, როგორც წესი გარკვეული პერიოდის შემდეგ, რემისიას ისევ მოჰყვება რეციდივები, რაც აშლილობასთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს. 

 

დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტირება რამე სამედიცინო გამოკვლევებით ან ტესტებისთ, სამწუხაროდ არ ხდება. 

 უპირველეს ყოვლისა, ექიმები ცდილობენ გამორიცხონ სხვადასხვა ფიზიკური თუ სამედიცინო  დაავადებები. როგორც წესი დიაგნოზს სვამს ფსიქიატრი ან ნევროპათოლოგი, მას შემდეგ რაც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოირიცხება. 

დიაგნოსტირება ემყარება პაციენტის ანამნეზს და სიმპტომთა ერთობლიობას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სინდრომი ძალიან ჰგავს ისეთ გუნება-განწყობის აშლილობებს როგორიცაა დეპრესია, აპათია, ან სამსახურეობრივი გადაწვა, თუ ქრონიკული სტრესი, მისი დიფერენცირება და სწორი დიაგნოსტირება ან არ ხდება, ან ხდება დაგვიანებით. 

 

რაც შეეხება მკურნალობას, იქიდან გამომდინარე, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მნიშვნელოვნად განსხვავდება გამოვლინებებითა და მიმდინარეობით პაციენტიდან პაციენტთან, მკურნალობაც ინდვიდიაუალურად დგება, თითოეული ადამიანის შემთხვევაში. 

უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტები საუბრობენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ფსიქოთერაპიის კომბინაციაზე. ამ შემთხვევაში ერთ - ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად კოგნიტურ ბიჰევიორალური  - CBT- თერაპია ითვლება. 

მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. დარგის სპეციალისტების რჩევით, სასურველია პაციენტმა დღის მანძილზე თავი აარიდოს მცირე ხნიან ჩაძინების, ან თვლემის ეპიზოდებს, რათა ღამის ძილი იყოს უფრო ხანგრძლივი და სრულყოფილი. 

ამასთან, ხშირად პაციენტები პირადი მწვრთენელების დახმარებით ადგენენ მუშაობის, ფიზიკური აქტივობებისა და დასვენების ყოველდღიურ გეგმას. სადაც გაწერილია მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გონებრივი თუ ფიზიკური მუშობის ლიმიტები და განსაზღვრულია ასევე დასვენებისთვის საჭირო დრო. 

ხშირად, პაციენტებს უწევთ ცხოვრების წესის ცვლილებაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი სამსახურეობრივი თუ გასართობი აქტივობები ძლიერ დატვირთვას მოითხოვს, რაც შეუძლებელია ქრონიკული დაღლილობის სინდრომს დროს. 

იმის მიუხედავად, რომ აშლილობა საკმაოდ კომპლექსური და რთულად მიმდინარეა და ადამიანიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება, მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და რემისიის პერიოდებიც საკმაოდ ხანგრძლივი. უპირველეს რეკომენდაციად რჩება, ექიმისთვის დროული მიმართვა, დროული დიაგნოსტირება და ადრეულად დაწყებული რეაბილიტაცია. 

რაც შეეხება საზოგადოების წვლილს, ინფორმაციისა და მიმღებლობის გაზრდა, თანაგრძნობა და ემოციური მხარდაჭერა, სავსებით საკმარისია.

ავტორი: ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსი, ფსიქოდიაგნოსტი, ზანდა ჩეჩელაშვილი.