Nuk
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

თარიღი: 02 ივნისი, 2017

ანი ჭოხონელიძე: სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს.

ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს. იშვიათად, რომ ბავშვი მაღალი ქოლესტერინით იტანჯებოდეს. რაც შეეხებათ ზრდასრულებს – როგორც წესი მაღალი ქოლესტერინის მიმართ მიდრეკილები ქალებთან შედარებით მამაკაცები არიან.

ორგანიზმში ქოლესტერინის ფუნქციაზე, მის დასაშვებ ნორმაზე, ჭარბი ქოლესტერინის საფრთხესა და ჯანსაღი კვების რაციონზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი, ანა ჭოხონელიძე.

 

– რა არის ქოლესტერინი და რა ფუნქცია აკისრია?

– ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს  ასრულებს.  იგი შედის უჯრედების პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ქოლესტერინი აუცილებელი სუბსტანციაა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისთვის, ნაღვლის მჟავებისა და ვიტამინი D გამომუშავებისთვის. ასევე აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.

საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის – ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის – კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის არსებული დისბალანსიც საჭიროებს გამოსწორებას. 

 

– როგორია ქოლესტერინის დასაშვები ნორმა?

– სისხლში საერთო, დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შეფასების კრიტერიუმები (მგ/დლ – მმოლ/ლ).

 

საერთო ქოლესტერინი

200–239   (5.17–6.18)   მაღალთან მიახლოებული

240    (6.2)   მაღალი

 

დსლპ ქოლესტერინი      (ცუდი ქოლესტერინი)

100–129  (2.58–3.33)   ოპტიმალურთან მიახლოებული

130–159  (3.36–4.11)   მაღალთან მიახლოებული

160–189  (4.13–4.88)   მაღალი

190 (4.91)   ძალიან მაღალი

 

მსლპ ქოლესტერინი   (კარგი ქოლესტერინი)

60   (1.55)   მაღალი (ამცირებს რისკს)

 

ტრიგლიცერიდები

150–199 მგ/დლ   მაღალთან მიახლოებული

200–499 მგ/დლ   მაღალი

500 მგ/დლ   ძალიან მაღალი

 

– რა იწვევს ქოლესტერინის მატებას?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა შესაძლებელია იყოს პირველადი და მეორადი მიზეზებით გამოწვეული. პირველადად მისი დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა რისკ–ფაქტორებმა როგორიცაა: ასაკი (ძირითადად 40 წელს ზემოთ), სქესი (მამაკაცებში უფრო ხშირია), გენეტიკური განწყობა (ოჯახური ანამნეზი), თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, არასწორი კვება, უმოძრაობა. მეორადად შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.

 

– რა საფრთხეს გვიქმნის ქოლესტერინის ცვლის დარღვევა?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა (იგულისხმება ცუდი ქოლესტერინის სიჭარბე და/ან კარგის დაქვეითება) იწვევს ათეროსკლეროზს. ამ დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ხელს უშლის სისხლის განვლადობას, ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

 

– როგორ მკურნალობთ ქოლესტერინის ცვლის დარღვევას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ჩვენს კლინიკაში ხდება პაციენტის ანამნეზის და რისკ–ფაქტორების შეფასება, ტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები. ამის შემდგომ ინდივიდუალურად ვარჩევთ მკურნალობის ტაქტიკას: ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვების ინდივიდუალურ რაციონს, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ვრთავთ მედიკამენტურ თერაპიას.

 

– რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ ჭარბი ქოლესტერინის პრევენციისთვის და რა უნდა მივირთვათ მის დასაქვეითებლად?

– სასურველია, კვების რაციონში შეზღუდოთ ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, კვების რაციონის საერთო კალორაჟის 50% ნახშირწყლებზე, 20% ცილებზე, ხოლო ცხიმებზე არა უმეტეს 30%–ისა უნდა მოდიოდეს. ნაჯერი და ტრანსცხიმები საერთო კალორაჟის 10%–ზე ნაკლები უნდა იყოს.

მამაკაცები საშუალოდ დღის განმავლობაში უნდა იღებდნენ ნაჯერ ცხიმებს არაუმეტეს 30 გრამისა, ხოლო ქალები არაუმეტეს 20 გრამისა.

მაღალი ნაჯერი ცხიმების შემცველობით ხასიათდება შემდეგი ტიპის პროდუქტები:

•    ხორცის ქონიანი ნაჭრები.

•    ხორცის პროდუქტები, ძეხვეული და ხორციანი ღვეზელები და ა.შ.

•    კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი.

•    ყველი, განსაკუთრებით კი მაგარი ყველი.

•    არაჟანი, ნაღები და ნაყინი.

•    ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

 

ნაჯერი ცხიმების მსგავსად, ტრანსცხიმებსაც შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება და ამის გამო რეკომენდირებული დასაშვები ენერგიის რაოდენობა მიღებული ტრანსცხიმებისგან, არ უნდა აღემატებოდეს მთელი ჩვენი მიღებული ენერგიის 2%–ს.

 

ტრანსცხიმებს უმეტესწილად მოჭარბებით შეიძლება შეიცავდნენ: ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმები, მცენარეული მარგარინების და ცხიმის შემცველი პროდუქტები.

 

ცხიმები, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ მეტი რაოდენობით (უჯერი ცხიმები).

 

გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, პირიქით ზოგიერთი ცხიმი აუცილებელია და ზოგჯერ მეტის მიღებაცაა საჭირო.

 

ნაჯერი ცხიმების უჯერით ჩანაცვლება შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს სისხლში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაში და კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდაში.

 

უჯერი ცხიმები, როგორიცაა ე.წ. ომეგა 3, ცნობილი როგორც აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:

•    ცხიმოვანი თევზები, როგორიცაა ორაგული, სარდინები და სკუმბრია.

•    თხილი, მიწისთხილი, მზესუმზირა, კაკაი და ა.შ.

•    მზესუმზირის და ზეითუნის ზეთები.

უჯერი ცხიმები გვხვდება ხილსა და ბოსტნეულშიც.

 

ზოგიერთ პროდუქტს ცუდი ქოლესტერინის შემცირება შეუძლია, მაგალითად, ავოკადოს, ჩაის, ნიგოზს, თევზს, შავ შოკოლადს, სოიოს, ლობიოს, ხილს (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი, კენკრის სმუზი), ბოსტნეულს (განსაკუთრებით სასარგებლოა ბადრიჯანი).  

 

ენდოკრინოლოგის რამდენიმე სასარგებლო რჩევა ჩვენს მკითხველს:

•    ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობისა და კვებითი ღირებულების ჩამონათვალი.

•    როცა ხორცს ყიდულობთ, შეარჩიეთ მჭლე ნაჭრები.

•    აირჩიეთ დაბალი ცხიმის შემცველობის რძის პროდუქტები, მაგალითად, 1%–ზე ნაკლები ცხიმიანობის რძე ან ყველი.

•    ტაფაზე შეწვის ნაცვლად გამოაცხეთ, მოხარშეთ, შეწვით გრილზე ან ორთქლზე.

•    ხორცს მოაცილეთ ქონის ნაჭრები და კანი/ტყავი.

•    კერძები მაქსიმალურად გაამდიდრეთ ბოსტნეულით.

•    წვნიანს ზედაპირზე დაგროვებული ხილული ცხიმი მოაცილეთ.

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგს, ანა ჭოხონელიძეს ნომერზე 595 57 43 17