Nuk
ქალის ცხოვრების ხარისხის კავშირი მიომასთან

თარიღი: 30 იანვარი, 2023

ქალის ცხოვრების ხარისხის კავშირი მიომასთან – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, ციცი მესხი.

 

რას წარმოადგენს საშვილოსნოს მიომა?

საშვილოსნოს ფიბროიდები (მიომა, ლიომიომა, ფიბრომიომა) – საშვილოსნოს ტანის ან ყელის კედელში, კუნთოვანი გარსიდან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია. იგი შეადგენს გინეკოლოგიურ დაავადებათა 12-25%-ს და რეპროდუქციული ასაკის ქალების 70-80% -ში გვხვდება. ე.წ. მიომატოზური კვანძი, ქაოტურად გადახლართული, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისგან შექმნილი გორგალია. კვანძების ზომა რამდენიმე მმ-დან რამდენიმე სმ-მდე მერყეობს. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია გიგანტური ზომის კვანძებიც. მიომის ყველა კვანძი, ერთი გლუვკუნთოვანი უჯრედის არასწორი დაყოფის შედეგად აღმოცენდება და აქედან გამომდინარე, კვანძის ყველა უჯრედი იდენტურია.

 

საშვილონოს მიომა ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნედ მიიჩნევა. ამას ამყარებს შემდეგი ფაქტორები:

 

• სიმსივნურ წარმონაქმნში აღმოჩენილია სასქესო ჰორმონების რეცეპტორები;

• ვითარდება რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც ესტროგენების დონე მაღალია;

• რეგრესირებს მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ესტროგენების დონე იკლებს;

• შეიცავს დიდი რაოდენობით ციტოქრომ პ 450 არომატაზას, რომელიც ანდროგენებს ესტროგენებად გარდაქმნის.

 

რა წარმოადგენს მიომის განვითარების რისკ-ფაქტორს?

მიიჩნევა, რომ მიომის განვითარების რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს:

 

• გენეტიკური წინასწარგანწყობა;

• ადენომიოზი;

• სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;

• ქრონიკული სისტემური დაავადებები;

• ნეოპლაზიური პროცესები, რომლებიც ანდროგენების ჰიპერპროდუქციით მიმდინარეობს;

• ჭარბი წონა, უმოძრაობა;

• ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;

• სშს-ის ხანგრძლივი გამოყენება;

• D ვიტამინის დეფიციტი.

ქალის რეპროდუქციული სისტემის რა ნაწილში შეიძლება განვითარდეს ის?

განასხვავებენ საშვილოსნოს მიომის ერთეულოვან და მრავლობით ფორმებს.

 

კვანძების განლაგების მიხედვით კი გამოიყოფა:

 

• სუბმუკოზური ანუ ლორწქვეშა მიომები, რომლებიც საშვილოსნოს ღრუსკენ არიან განთავსებული, ზოგჯერ წვრილი ფეხი აქვთ და საშვილოსნოს ყელში ან საშოში ეშვებიან – მბადი მიომა;

ინტერსტიციულ-ინტრამურული (კუნთშიდა) მიომები – კვანძები უშუალოდ კუნთოვან შრეშია განთავსებული;

• სუბსეროზული (სეროზული გარსის ქვეშმდებარე) მიომები, რომლების მუცლის ღრუსკენაა ლოკალიზებული, პერიტონეუმის ფურცლის ქვეშ. შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები დიამეტრის საფუძველი, ვიდრე საკუთრივ კვანძს – ,,კვანძი ფეხზე,,

• საშვილონოს ყელის მიომები.

ყველაზე გავრცელებულია ინტერსტიციალური მიომები – 51-61%-ში.

 

როგორია იმ ძირითადი სიმპტომების ჩამონათვალი, რითაც მიომამ შეიძლება გააუარესოს ქალის ცხოვრების ხარისხი?

50% შემთხვევებში საშვილოსნოს მიომა შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ასეთი მიმდინარეობა ძირითადად მცირე ზომის ერთეულოვან ან მრავლობით ინტერსტიციულ და სუბსეროზულ მიომებს ახასიათებს.

 

დიდი ზომის მიომები ყოველთვის იჩენს თავს. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია), მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება, დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი ცხოვრების დროს). მენორაგიით  ძირითადად სუბმუკოზური მიომები ხასიათდება. მიომის ზრდის პარალელურად მენსტრუაცია სულ უფრო ჭარბი და ხანგრძლივი ხდება, რაც, თავის მხრივ, რკინადეფიციტურ ანემიას და ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირების მოშლას იწვევს.

 

მუცლის ქვედა არის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება უფრო მეტად დიდი ზომის  სუბსეროზულ და ინტერსტიციულ მიომებს ახასიათებს. ტკივილი ყველაზე ხშირად მენსტრუაციის დროს აღმოცენდება და შეტევითი ხასიათისაა, შეიძლება მჭრელიც იყოს – მიომატოზური კვანძის ფეხზე შემოგრეხვის შემთხვევაში.

 

დიდი ზომის (გიგანტური) კვანძები იწვევენ ზეწოლას მიმდებარე მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, შეგუბებით პროცესს და თრომბოზულ დაზიანებას.

 

რა ძირითადი ფაქტორებია გასათვალისწინებელი მიომის მკურნალობის მეთოდის არჩევისას?

საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კვანძების ზომაზე, მდებარეობაზე, რაოდენობასა და გამოწვეული სიმპტომების ინტენსივობაზე.

 

წინათ საშვილონოს მიომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია (საშვილოსნო ამოკვეთა) წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში, თანამედროვე, ნაკლებტრამვული და მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვის გამო, ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

 

ენდოსკოპიური ჩარევით – სუბსეროზული კვანძების შემთხვევაში – ლაპარასკოპიულ, ხოლო სუბმუკოზური კვანძების შემთხვევაში – მკურნალობის ჰისტეროსკოპიულ მეთოდს მივმართავთ.

 

არსებობს საშვილოსნოს მიომის ემბოლიზაციის მეთოდით მკურნალობა. ამ დროს ხდება საშვილოსნოს არტერიათა დახშობა – ემბოლიზაცია. მიომატოზურ კვანძს სისხლის მიმოქცევა უწყდება და ის დროთა განმავლობაში გაიწოვება. ამ დროს ჩარევა ნაკლებინვაზიურია.

 

საშვილოსნოს მიომის ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ მისგან  გამოწვეული სიმპტომების მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში შედეგი არ დგება.

 

ხომ არ არის რაიმე სიახლე მედიცინაში მიომის მკურნალობის მედიკამენტოზურ მიდგომასთან მიმართებაში?

როგორც აღვნიშნეთ, მიომის მკურნალობის რამდენიმე მეთოდია (მედიკამენტოზური, ქირურგიული, ემბოლიზაცია, აბლაცია), თითოეული ინდივიდუალურად შეირჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს, პაციენტის ზოგად მდგომარეობას.

 

თანამედროვე კვლევებით დადგინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი არის საშვილოსნოს მიომის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორი და სისხლში მისი დონე უკუპროპორციულ კორელაციაშია მიომების მოცულობასა და რაოდენობასთან.

 

ამ დროისთვის გამოყოფილია 40-ზე მეტი ბუნებრივი შენაერთი, რომლებიც აბლოკირებენ ჰიპერ და ნეოპლაზიური პროცესების განვითრებას ადამიანის ორგანიზმში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგანია ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG). იგი აბლოკირებს პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს, ააქტიურებს სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს, ასევე გააჩნია ანთების საწიანააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. ეს თვისება ეფექტურია ქალის რეპროდუქციული სისტემის ყველა სახეობის სიმსივნის და დაავადების მიმართ. ეპიგალოკატეხინ გალატი (EGCG) იწვევს ფაგოციტოზის სტიმულირებას, ზრდის ფაგოციტების რაოდენობას, რის ხარჯზეც ჩერდება სისხლძარღვების ზრდის განვითარება, მიომატოზურ კვანძებში შეინიშნება სისხლძარღვების ზრდის ინჰიბირება და ამით იზღუდება სიმსივნის ზრდა. მას  აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცოგ-2-ზე პროსტაგლანდინების გავლენის ხარჯზე. ხდება ენდომეტრიალური უჯრედების ინვაზიური აქტივობის ინჰიბირება, რაც იწვევს, შესაბამისად, როგორც მიომის ზომის შემცირებას, ასევე მისგან გამოწვეული სიმპტომების ალაგებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.