Nuk
პრეტენზიული მჭამელი თუ კვებითი აშლილობა?

თარიღი: 27 ოქტომბერი, 2020

სწორი კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას უწყობს ხელს. მშობლები, როგორც წესი, ღელავენ, როდესაც მათი შვილი მხოლოდ ამოჩემებულ ან ძალიან მცირე ოდენობით საკვებს იღებს.

ბავშვთა ასაკში პრეტენზიული კვება (picky eating) არ არის უჩვეულო მოვლენა. ზრდასთან ერთად ბავშვები სინჯავენ ახალ საკვებს და უყალიბდებათ გემოვნება.

როგორც წესი, ბავშვები თანდათან გადალახავენ პრეტენზიული კვების ფაზას და იწყებენ საკვების ფართო ასორტიმენტის გასინჯვას, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულის, ბურღულეულისა და ცილების, რაც ბალანსირებულ კვებას წარმოადგენს.

ზოგ შემთხვევაში პრეტენზიული კვების პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს, იქცეს პრობლემად და გავლენა მოახდინოს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ქცევის შედეგების გათვალისწინება და იმის ცოდნა, თუ სად გადის ზღვარი პრეტენზიულ კვებასა და კვებით აშლილობას შორის.

პრობლემური ან „დარღვეული“ კვება“ (disordered eating) მოიცავს კვებასთან დაკავშირებული ისეთი უჩვეულო ქცევის ფართო სპექტრს, რომელიც არ აკმაყოფილებს რომელიმე კვებითი აშლილობის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს.

პრეტენზიული კვება შესაძლოა ჩაითვალოს დარღვეული კვების მსუბუქ ფორმად და ბავშვის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდეს დიეტოლოგის, თერაპევტის ან პედიატრის დახმარებით. პრობლემური კვების დროს ბავშვი შესაძლოა ცდილობდეს, თუმცა უჭირდეს ჭამა, რაც ვლინდება ისეთ მოვლენებში, როგორიცაა: პირღებინება, ზოგიერთი საკვების მიღებაზე უარის თქმა, კვებათა შორის ხანგრძლივი ეპიზოდები და სხვა. დროულ ჩარევას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება.

კვებითი აშლილობა (eating disorder) წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევას, რომელიც ხასიათდება ანომალური კვებითი ჩვევებით (მაგ.: საკვების შეზღუდვა ან პირიქით, საკვების დიდი ოდენობის მიღება (bingeing), მიღებული საკვებისგან გათავისუფლებაზე მიმართული ქცევა და სხვა), რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კვებითი აშლილობა გულისხმობს არაჯანსაღ წუხილს საკვებთან, წონასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ 95%-ში კვებითი აშლილობა ვითარდება 12-დან 25 წლამდე ასაკში, როდესაც პრეტენზიული კვების ეტაპი უკვე გადალახულია, ზოგიერთ შემთხვევაში ის შესაძლოა ადრეულ ასაკშიც დაიწყოს.

თუ საეჭვოა კვებითი აშლილობა, აუცილებელია პრობლემის დროული ამოცნობა და ჩარევა:
- ამოიცანით პრობლემური კვების უკან არსებული აზრები და განწყობები. ესაუბრეთ ბავშვს მის კვებით ჩვევებზე, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა არის მისი მოტივი, წონის დაკლების სურვილი, მშობლების და და-ძმების შეხედულებები და ქცევა თუ მედია, სადაც საყოველთაო „დიეტომანია“ ბატონობს.
- გაიარეთ დიეტოლოგის, პედიატრის ან ფსიქიატრის კონსულტაცია. ამ სპეციალისტებს შეუძლიათ დაგეხმარონ იმის შეფასებაში, თუ რამდენად უქმნის საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას შეზღუდული კვება და წარმოადგენს თუ არა კვების ეს შეზღუდვა კვებით აშლილობას.

არ გადადოთ სპეციალისტთან კონსულტაცია თუ ბავშვს აქვს კვებითი აშლილობა ან მისი განვითარების მაღალი რისკი ოჯახური ისტორიის, ბავშვის ტემპერამენტის ან სხვა ფაქტორის გამო.

თუ ბავშვს არა აქვს კვებითი აშლილობა, მაგრამ პრეტენზიული მჭამელია, პრობლემის დასაძლევად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები:

1) შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს მადის დაქვეითება
საკვებზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა უბრალოდ მადის არ ქონა იყოს. თუ ბავშვს არ შია, არ დააძალოთ მას ჭამა. ასევე, არ აიძულოთ მიირთვას რომელიმე კონკრეტული საკვები ან პორცია ბოლომდე. ასეთ მიდგომას შეუძლია გაამწვავოს კვების პროცესთან დაკავშირებული „ბრძოლა“ თქვენსა და ბავშვს შორის. შესაძლოა ბავშვმა დააკავშიროს კვების პროცესი შფოთვასა და იმედგაცრუებასთან და ნაკლებად სენსიტიური გახდეს შიმშილის ან სიმაძღრის შეგრძნების მიმართ. შესთავაზეთ საკვები მცირე პორციებით და მიეცით შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს დამატება.

2) ნამდვილად გემრიელია საკვები?
საკვებზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ბავშვს მისი გემო არ მოსწონდეს. ზოგადად, ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ ტკბილ გემოს და შესაძლოა არ მოსწონდეთ მწარე გემო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ამოვიღოთ მენიუდან ეს საკვები. სცადეთ ამ საკვების სხვადასხვა ფორმით ან სხვადასხვა კერძში (სუპი, სალათი, პიურე) მიწოდება.

3) მიჰყევით რუტინას
სასურველია, რომ ჭამა და წახემსება ბავშვს ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უწევდეს. თუ ბავშვს არ სურს სადილი, „ენერგიის მარაგი“ შეიძლება შეივსოს წახემსებით. შესთავაზეთ რძე ან ნატურალური წვენი საკვებთან ერთად, ხოლო კვების ეპიზოდებს შორის დაალევინეთ წყალი. გაითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე წვენის, რძის და სასუსნავების მიღება შეამცირებს ბავშვის მადას სადილის დროს.

4) იყავით მომთმენი, როცა ბავშვს ახალ საკვებს ასინჯებთ
ახალი საკვების პირველად გასინჯვისას ბავშვი შესაძლოა ჯერ შეეხოს, დასუნოს ან პატარა ლუკმა პირში ჩაიდოს და ისევ გამოიღოს. შესაჩვევად ბავშვს შესაძლოა დასჭირდეს უცხო საკვებთან განმეორებადი „შეხვედრები“, სანამ რეალურად გასინჯავს და მიირთმევს მას. წაახალისეთ ბავშვი საკვების ფერზე, ფორმაზე, სურნელსა და ტექსტურაზე საუბრით და არ ესაუბროთ მის გემოზე. სცადეთ უცხო საკვების საყვარელ საკვებთან ერთად მიწოდება.

5) არ დანებდეთ მარტივად
თუ ბავშვი უარს აცხადებს სადილის მირთმევაზე და თქვენ მაშინვე სთავაზობთ სხვა კერძს, ეს ბავშვში „პრეტენზიულ მჭამელს“ წაახალისებს. ამიტომ ნუ იჩქარებთ და ნუ შესთავაზებთ ალტერნატივას მაშინვე. შიმშილთან გასამკავებლად შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილი. ასევე, სთხოვეთ ბავშვს, რომ დარჩეს სუფრასთან, სანამ სადილი დასრულდება, იმის მიუხედავად, მიირთმევს ის თუ არა.

6) გახადეთ კვების პროცესი უფრო სახალისო
თუ ბავშვს არ უყვარს ბროკოლი ან რომელიმე სხვა ბოსტნეული, შესთავაზეთ ის მის საყვარელ საწებელთან/სოუსთან ან გარნირთან ერთად. მიეცით საკვებს სხვადასხვა ფორმა ან ფერი, დაჭერით ფიგურებად ან სცადეთ სხვადასხვა ფერის საკვებთან ერთად მიწოდება.

7) დაიხმარეთ ბავშვი
წაიყვანეთ ბავშვი საყიდლებზე და სუპერმარკეტში. სთხოვეთ, დაგეხმაროთ ხილის, ბოსტნეულისა და სხვა ჯანსაღი საკვების შერჩევაში. ნუ შეიძენთ იმ საკვებს, რომელიც არ გინდათ, რომ ბავშვმა მიირთვას. დაიხმარეთ ბოსტნეულის გარეცხვაში ან მაგიდის გაწყობაში. ჩართეთ ბავშვი სადილის მომზადების პროცესშიც. ასე ის მეტ კონტროლს იგრძნობს და მეტად მოუნდება იმ კერძის გასინჯვა, რომლის მომზადებაშიც თავად მიიღო მონაწილეობა.

8) აჩვენეთ კარგი მაგალითი
თუ მშობელი იკვებება მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვებით, უფრო მაღალია ალბათობა, რომ ბავშვის კვებაც სწორი და ჯანსაღი იქნება.

9) იყავით კრეატიული
მოამზადეთ ბავშვისთვის სასურველი და ნაკლებად სასურველი საკვების „მიქსი“ - მაგალითად, თუ ბავშვი ცალკე არ მიირთმევს ბოსტნეულს, დაჭერით ის მცირე ნაჭრებად და ჩაამატეთ მისთვის საყვარელ სპაგეტის სოუსში.

10) ყურადღების გამახვილება მხოლოდ კვების პროცესზე
კვების დროს გამორთეთ ტელევიზორი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ეს დაეხმარება ბავშვს, ყურადღება საკვებზე და კვების პროცესზე გაამახვილოს და „მიირთვას გააზრებულად“.

11) არ შესთავაზოთ ბავშვს დესერტი, როგორც ჯილდო
დესერტით ასეთმა მანიპულირებამ შესაძლოა გაზარდოს ბავშვისთვის მისი ღირებულება. ბავშვმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ დესერტი საუკეთესო საკვებია, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტკბილეულის მირთმევის სურვილს. უმჯობესია, რომ კვირაში 1 ან 2 საღამო შერჩეული იყოს „დესერტის საღამოდ“, დანარჩენ დღეებში კი ის ამოღებული იყოს მენიუდან. ასევე შეგვიძლია შევიყვანოთ ხილი, იოგურტები და სხვა ჯანსაღი საკვები „დესერტის“ კატეგორიაში და წავახალისოთ მათი მიღება. 

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა მარია ვართანიანმა.

წყარო: https://bit.ly/3e17oac