Nuk
პნევმონიები და მათი მკურნალობა

თარიღი: 07 ნოემბერი, 2017

შეკითხვებზე გვპასუხობს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო  გადაუდებელი და შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პულმონოლოგი ლიზა გოდერძიშვილი 

1.რა არის პნევმონია და როგორია მისი ეტიოლოგია?

- პნევმონია ფილტვების ანთებადი დაავადებაა და მისი ეტიოლოგია მრავალფეროვანია. ინფექციური აგენტები, ანუ მიკრობები იწვევს მწვავე ინფექციურ პნევმონიას.

- არსებობს არაინფექციური პნევმონიებიც, რომელთა მიზეზები ძირითადად არაინფექციურია,  შიძლება იყოს ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების, წამლების რადიაციული თერაპიის და სხვა ფაქტორების ზემოქმედება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი უცნობია, ასეთი ტიპის პნევმონიები, როგორც წესი, დარღვეული იმუნური პასუხის ფონზე ვითარდება. 

2. რა სიმპტომები ახასიათებს მწვავე ინფექციურ პნევმონიას?

- სიმპტომები შეიძლება სპეციფიკურ და არასპეციფიკურ სიმპტომებად დავყოთ: სპეციფიკურია: ხველა, ნახველი, ქოშინი, ჰაერის/სუნთქვის უკმარისობა. არასპეციფიკურია: ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, უმადობა. პნევმონიის გარკვეულ ფორმებს შეიძლება ახლდეს გულმკერდში ტკივილი.

3. რა გართულებები ახასიათებს?

- სუნთქვის უკმარისობა, რაც ძირითადად მძიმე ფორმის პნევმონიის, პნევმონიის დაგვიანებულ, უმკურნალებელ და არასწორად ნამკურნალებ შემთხვევებში ვითარდება. გარდა ამისა, უფრო მოსალოდნელია ეგრეთ წოდებულ მაღალი რისკის პაციენტებში: ფონური ქრონიკული დაავადებების მქონე (გულსისხლძართვთა სისტემის, თირკმლის,  ღვიძლის, სიმსივნური, დაავადებები, დიაბეტი და სხვა), ორსულ, მცირეწლოვან (5 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ (65 წელზე მეტი ასაკის) პაციენტებში.

4. როგორ ისმება პნევმონიის დიაგნოზი?

-პნევმონიაზე ეჭვის მიტანა ხდება სიმპტომების საფუძველზე, ეჭვს ზრდის ან ამცირებს ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა, ხოლო დიაგნოზს ადასტურებს გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ამას პნევმონიის დიაგნოსტიკის ოქროს წესი ჰქვია და უხშირესად საკმარისია დიაგნოზის დასასმელად. ლაბორატორიული ანალიზები საჭიროა პნევმონიის სიმძიმის შესაფასებლად და ეტიოლოგიის დასადგენად.

გარკვეული შემთხვევებში (ატიპიური მიმდინარეობა და ლოკალიზაცია, ზოგიერთი ფონური მდგომარეობა, და სხვა) პნევმონიის  დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გულმკერდის უფრო ღრმა რადიოლოგიური კვლევა - კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ექიმი უნდა იღებდეს. 

5. როგორ ხდება პნევმონიის მკურნალობა თბლისის ცენტრალურ საავადმყოფოში?

- პნევმონიების მკურნალობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ხდება თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების და გაიდლაინების შესაბამისად, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს პაციენტი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმის პასუხი მკურნალობაზე ყოველთვის ისეთი არაა, როგორც ჩვენ გვინდა, ეს განსაკუთრებით ატიპიური მიმდინარეობის პნევმონიებს და ზემოაღნიშნული მოწყვლადი  (მაღალი რისკის) ჯგუფის პაციენტებს ეხება. ასეთ შემთხვევაში პაციენტიც და მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობის ყველა ეტაპზე არიან ინფორმირებული მოსალოდნელი რისკების შესახებ. 

6. პნევმონიის პრევენცია და თქვენი რეკომენდაციები პაციენტებს.

პნევმონიის, როგორც ინფექციური დაავადების ყველაზე საიმედო პრევენციაა აცრა. საბედნიეროდ დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია პნევმონიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევების: პნევმოკოკის, ჰემოფილუს ინფლუენცეს  და გრიპის (ინფლუენცა) საწინააღმდეგო აცრები, რასაც შეუძლია მკვეთრად შეამციროს პნევმონიის ალბათობა. აცრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფის პაციენტებისათვის. აცრების შესახებ დეტალების დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმებს ან იმუნიზაციის ცენტრებს.

პრევენციის სხვა საშუალებებია: 

ფონური ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ცხოვრების ჯანსაღი წესით: ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, ჯანსაღი და ზომიერი კვება, წყლის მიღება საკმარისი რაოდენობით, სიგარეტის მოხმარებაზე უარი, წონის კონტროლი. 

ინფექციების გახშირებული შემთხვევების, ეპიდემიისა და პანდემიის შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის  რეკომენდაციების გათვალისწინება: ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან თავის შეკავება და სხვა.