Nuk
ორსულობა და კოსმეტიკური საშუალებები

თარიღი: 13 მაისი, 2019

რატომ უნდა გამოვიყენოთ არა-ტოქსიკური, უსაფრთხო კოსმეტიკური საშუალებები ორსულობის დროს?

მსოფლიოში ჩატარებული მასშტაბური კვლევების შედეგების მიხედვით ახალშობილთა სისხლში აღმოჩენილი იქნა 200-ზე მეტი ტოქსინი! 

გამოვლენილი ტოქსინების ნაწილს წარმოადგენდა პესტიციდები, ბისფენოლი A, ვერცხლისწყალი და სხვა კანცეროგენული ან ნეიროტოქსიური ბუნების მქონე ნივთიერებები.

ახალშობილების სისხლში აღნიშნული ტოქსიური ნივთიერებების ექსპოზიცია მოხდა დედის სისხლიდან ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.

ნაყოფის სისხლში მოხვედრილი ტოქსინების ნაწილს დაუყოვნებელი ეფექტი აქვს, რაც სხვადასხვა შედეგით გამოვლინდება, მათ შორისაა- ახალშობილის მცირე მასა დაბადებისას. ტოქსინების ნაწილი კი თავის ეფექტს ბავშვის ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე ავლენს. აღნიშნული ფენომენი ცნობილია, როგორც ბიოაკუმულაცია , რომლის დროსაც ტოქსინების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება, მაგრამ პატარის ზრდასთან ერთად, მის ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების ეს მცირე რაოდენობა იმატებს, რაც უკვე ამ ეტაპისთვის შესაძლოა გახდეს მეტად დამაზიანებელი ბავშვისთვის და შეუქმნას მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

მავნე ტოქსინების წარმომავლობა განსხვავებულია. მათ შეიცავს საკვები, ჰაერი, ასევე სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ, მათ შორისაა მაკიაჟის და სხვა კოსმეტიკური საშუალებებიც.

ორსულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს ფაქტორიც. გამოქვეყნებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდ ქალაქებში, იქ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, დაფიქსირდა მცირე მასის ახალშობილის დაბადების მნიშვნელოვნად მომატებული მაჩვენებელი. რაც ნათლად მიუთუთებს იმაზე, რომ ტოქსინების დონის გავლენა მძლავრია და მოქმედებს ნაყოფის ზრდის მაჩვენებელზე.

არის თუ არა ორსულობის დროს კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენება უსაფრთხო ნაყოფისთვის?

კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების გამოყენების გზით ქალის ორგანიზმში ყოველდღიურად დაახლოებით 168 სახის მავნე ტოქსინი ხვდება!

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, პერსონალური მოვლის საშუალებების უსაფრთხოების შესწავლა და შეფასება სამთავრობო დონეზე ხდება. FDA ატარებს აშშ-ის ბაზარზე არსებული ყველა სახის კოსმეტიკური საშუალების ტესტირებას, იმისთვის რათა აღმოაჩინოს მათში შემავალი ის სახიფათო ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ავთვისებიანი სიმსივნის, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკის ზრდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნებისმიერი სახის პროდუქციისთვის ფერის მისაცემად გამოყენებული ნივთიერებების კონტროლს და საღებავებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას. კოსმეტიკური ნაწარმიდან ამ კუთხით საყურადღებოა სხვადასხვა ტიპის ტუჩსაცხები, რომლებშიც ტყვიის განსაკუთრებით მაღალი შემცველობა ფიქსირდება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ, ერთი შეხედვით მოცულობით პატარა ტუჩსაცხის შემადგენლობაში შემავალმა ტყვიამ და სხვა ტოქსიურმა ნაერთებმა, შესაძლოა განიცადონ ბიოაკუმულაცია, ფენომენი, რომლის არსიც სტატიის დასაწყისში განვმარტეთ, შედეგად გარკვეულ დროში მიაღწიონ ტოქსიურ დონეს და გამოიწვიონ სერიოზული გართულებები როგორც ორსულობის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მშობიარობის შემდეგ-ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მაინც როგორ ხვდება კოსმეტიკურ საშუალებებში არსებული ტოქსინები ნაყოფის სისხლში?

ეს ხდება ტრანსდერმული აბსორბციის გზით. მაკიაჟის ან სხვა კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, კანზე მოხვედრის შემდეგ შეიწოვება და ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, მათ შორის აღწევს პლაცენტასაც. ტოქსიური ნივთიერებების ნაწილი გადის პლაცენტურ ბარიერში, რის შედეგადაც უკვე პლაცენტიდან გამომავალი ჭიპლარის მეშვეობით აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში.

კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებება შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმთელობაზე. ყველაზე ხშირად მათი გავლენით ფერხდება ნორმალური ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნების პროცესი და ვითარდება სხვადასხვა სახის ენდოკრინული დარღვევები.

ორსულობის საწყის ვადებზე, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, მავნე ტოქსინების ზემოქმედება შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის ნეიროგანვითარების დარღვევით.

ორსულობის დროს ფტალატებით, პარაბენებით სხვა უამრავი ტოქსინით რეგულარული ექსპოზიცია დაკავშირებულია ბავშვის რეპროდუქციული ანომალიების განვითარების განსაკუთრებით გაზრდილ რისკთან მომავალში.

ფტალატები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პროდუქციაში პლასტიკურობის მისაღწევად, ასევე ფერის და სუნის მდგრადობის შესანარჩუნებლად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, ამ ნივთიერებებს ხშირად შეიცავს ტუჩსაცხები, დეოდორანტები, ფრჩხილის ლაქები და სხვა კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები.

ევროკავშირის კლასიფიკაციის მიხედვით ფტალატები მიჩნეულია ენდოკრინული დარღვევების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებად, დადასტურებულია რა მათი მძლავრი უარყოფითი გავლენა ნორმალური ჰორმონალური ფუნქციის მიმდინარეობაზე, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდება ტოქსიური ეფექტით რეპროდუქციის უნარზე და იწვევს როგორც მუცლადმყოფი ნაყოფის სხვადასხვა სახის დაზიანებას, ასევე მისთვის უნაყოფობის პრობლემის განვითარებას მომავალში.

ფტალატებს უარყოფითი გავლენა აქვთ ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებაზეც.

კანადის მიერ მოწოდებული მონაცემებით კი ფტალატებით ორსულის ხანგრძლივი ექსპოზიცია დაკავშირებულია მუცლადმყოფი ნაყოფის ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის განვითარებასთან ჯერ კიდევ მისი ცხოვრების საწყის ეტაპზე, ადრეული ბავშობის პერიოდში.

პარაბენები კი ის ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ენდოკრინოლოგთა ასოციაციის მიერ ჰორმონულ ფუნქციაზე მოქმედ ნივთიერებათა სიაშია შეყვანილი. პარაბენები ესტროგენული მოქმედებით ხასიათდება. ესტროგენი, როგორც ვიცით, მთავარი ქალური სასქესო ჰორმონია. სწორედ ესტროგენული ბუნების გამო, პარაბენების ხანგრძლვი ზემოქმედება ორსულ ქალზე, მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, პარაბენები აღმოჩენილი იქნა სარძევე ჯირკვლის კიბოს ქსოვილებში, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კავშირი პარაბენების შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს შორის.

ორსულის პარაბენებით ხანგრძლივი ექსპოზიცია უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის იმუნური და ნერვული სისტემის განვითარებაზეც.

ცნობილია, რომ პარაბენები უარყიფითად მოქმედებს მამრობითი სქესის ნაყოფის რეპროდუქციულ ფუნქციაზეც მომავალში.

იქედან გამომდინარე, რომ პარაბენები ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში, თქვენი მაკიაჟის ან სხვა საშუალებებიც შეიძლება შეიცავდეს ამ მავნე ნივთიერებებს. ამიტომ, გირჩევთ, ყველამ, განსაკუთრებით კი ორსულებმა, ნებისმიერი მსგავსი სახის პროდუქციის შეძენამდე დაწვრილებით წაიკითხოთ სასურველი კოსმეტიკური საშუალების ეტიკეტი და თუ მის შემადგენლობაში აღმოაჩენთ პარაბენებს, არ შეიძინოთ ის.

საყურადღებოა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორსულს ეკრძალება და საერთოდ არ უნდა გამოიყენოს მაკიაჟის და სხვა კოსმეტიკური საშულებები. პირიქით, დღევანდელ პირობებში ხელმისაწვდომია ორსულებისთვის ნებადართული ალტერნატიული კოსმეტიკური პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, არჩევანი შეაჩეროთ მხოლოდ უსაფრთხო, არა-ტოქსიკურ საშუალებებზე, იმ პროდუქციაზე, რომელიც შექმნილია და ადაპტირებულია სპეციალურად ორსულებისთვის და არ შეიცავს ტოქსინებს, ტყვიას, ალერგენებსა და სხვადასხვა სახის გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს.

არჩევანის გაკეთება ნატურალური, ტოქსინებისგან თავისუფალი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება როგორც თქვენთვის, ასევე მუცლამყოფი ნაყოფისთვისაც, არა მხოლოდ ორსულობის დროს, არამედ სამომავლოდაც.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 579 14 77 07
ჩვენი მისამართია: თბილისი, ბახტრიონის ქ. 18
კლინიკა "ლაზერი"

 

სტატიის ავტორები: 
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე