Nuk
ორსულობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები

თარიღი: 17 მაისი, 2020

ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს, განსაკუთრებით – პირველი სამი თვის განმავლობაში. იოლად დაღლა და დაძინების დაუძლეველი სურვილი იმით არის განპირობებული, რომ ქალის ორგანიზმს ახალ, ადრინდელზე გაცილებით დაძაბულ რეჟიმში უხდება მუშაობა. ხუმრობა ხომ არ არის ორის მაგივრად გარჯა?! თანაც ნაყოფის ორგანოები ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება.

 

თვალი გადავავლოთ მიზეზებს, რომლებიც მომავალ დედიკოს დაძინებაში უშლის ხელს
. შარდვის გახშირება. ორსულობისას თირკმელები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან ადრინდელზე გაცილებით მეტი სისხლის (ფეხმძიმობისას სისხლის მოცულობა 30-50%-ით იზრდება) გაფილტვრა უხდებათ. შარდიც, შესაბამისად, უფრო მეტი წარმოიქმნება. გარდა ამისა, გაზრდილი ნაყოფი აწვება ლამის მუდმივად გადავსებულ საშარდე ბუშტს და შედეგიც არ აყოვნებს!
თუ ნაყოფი ღამღამობით განსაკუთრებით აქტიურობს, გასაკვირი არ იქნება, რომ საშარდე ბუშტზე ხშირი “მიკაკუნების” შედეგად ადგომა და საპირფარეშოსკენ გასეირნება ხშირად მოგიხდეთ.
. გულისცემის გახშირება. მეტი სისხლის გადატუმბვას მეტი ენერგია სჭირდება. გულიც ერთიორად უფრო ინტენსიურად მუშაობს.
. სუნთქვის გაძნელება. ამას ორი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი: ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონები ღრმა სუნთქვას განაპირობებს, რაც უკმარისობისა და სუნთქვის გაძნელების ცრუ განცდას ბადებს; მეორე: გაზრდილი ნაყოფი რომელიც დიაფრაგმას ქვემოდან აწვება და ფილტვებს საკმაო სივრცეს აღარ უტოვებს, რომ ჩასუნთქვისას თავისუფლად გაფართოვდნენ.
. ტკივილი ქვედა კიდურებსა და ზურგის არეში. დისკომფორტის მიზეზი უპირატესად ზედმეტი წონაა, რაც ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით – სახსრებისთვის, ერთგვარი ტვირთია. გარდა ამისა, ფეხმძიმობისას გამომუშავდება სპეციალური ჰორმონი რელაქსინი, რომელიც მყესების მოდუნებას და  ორგანიზმის მშობიარობისთვის მომზადებას უწყობს ხელს. ამავე დროს, რელაქსინის ზემოქმედებით სხეული ეშვება, რის გამოც მაღალია ტრავმის ალბათობა. ყოველივე ამის გამო უხერხული მოძრაობის, მოუხერხებლად ჯდომისა თუ წოლისას ტკივილი იოლად წარმოიშობა.
. გულძმარვა, რომლის მიზეზიც რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკანვე, საყლაპავში ამოტყორცნაა, ორსულებში უფრო მძაფრად არის გამოხატული. ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, გაზარმაცებული და მოდუნებული საჭმლის მომნელებელი სისტემაა, რის გამოც საკვები კუჭში გაცილებით მეტხანს ყოვნდება, ვიდრე დაორსულებამდე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ნაყოფის კუჭზე ზეწოლაა, რაც დაწოლისას ძლიერდება – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაზრდილი საშვილოსნო უფრო მეტად ავიწროებს შინაგან ორგანოებს.

 

რჩევები კომფორტული ძილისთვის:
გვერდზე წოლა მუხლებში მოხრილი ფეხებით ორსულობის პირველ ნახევარში იდეალური პოზიციაა. ასე არა მხოლოდ კომფორტულად იგრძნობთ თავს, გულსაც დაზოგავთ და აი, რატომ: ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულიკენ მიაქვს.

ზოგჯერ ექიმი ორსულს მარცხენა გვერდზე წოლას ურჩევს, რათა ღვიძლზე (ის, მოგეხსენებათ, მარჯვნივ მდებარეობს) ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს.

იმაზე კი ნამდვილად ნუ იდარდებთ, თუ ძილის დროს გვერდს რამდენჯერმე იცვლით. თუ მუცელი ამის საშუალებას გაძლევთ, საწოლში ტრიალი არც თქვენ და არც თქვენს პატარას არაფერს გავნებთ, თუმცა მესამე ტრიმესტრში (ფეხმძიმობის ბოლო სამი თვის განმავლობაში) ამგვარი “ტრიუკების” შესრულება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

თუ ზურგზე წოლას ვერა და ვერ გადაეჩვიეთ და იმასაც გრძნობთ, რომ მუცლის ზრდასთან ერთად დაძინება სულ უფრო მეტად გიჭირთ, შესაძლოა, თქვენი პრობლემა მარტივად, ერთი პატარა ბალიშის საშუალებით გადაიჭრას. ამოიდეთ ბალიში ზურგს უკან, წელთან, ან ფეხები შეაწყვეთ მასზე. ორივე შემთხვევაში ღრუ ვენიდან სისხლის უკუდენა გაიოლდება და გულს ზედმეტი დატვირთვა მოეხსნება.

 

. მაქსიმალურად ერიდეთ კოფეინიან სასმელებს, მით უმეტეს – დღის მეორე ნახევარში.
. დაძინებამდე რამდენიმე (სულ მცირე, ორი) საათის განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სითხე სვით, დღის პირველ ნახევარში კი ეცადეთ საჭირო ოდენობის სითხე მიიღოთ.
. სასურველია, საღამოობით სუფთა ჰაერზე ფეხით გაისეირნოთ.