Nuk
ორი თვის ასაკის ბავშვის განვითარება

თარიღი: 08 სექტემბერი, 2020

ორი თვის ბავშვი


სიცოცხლის პირველი კვირები გადის სმასა და ძილში. დაბადებიდან რამოდენიმე კვირაში, როდესაც დედა დახედავს თავის პატარას საწოლში, შეამჩნევს რომ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. ეს არის დედისთვის სიხარულის წამი. ამ დროს ხდება დედა-შვილის პირველი განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან დედა ხედავს უკვე ბავშვის პიროვნულ მარცვლებს. ასეთი შეხვედრების რაოდენობა შემდეგ თვეებში ინტენსიური ხდება.


ბავშვი უკვე ნელ-ნელა ეგუება გარემოს, როდესაც არ ძინავს ყველაფერს ხედავს და ესმის. მისი სიფხიზლის პერიოდები იზრდება. კარგად ცნობს დედას, უღიმის კიდეც და დედის სიხარულს აღიქვამს. შეიმჩნევა გამოხატული მიმიკა. ორივე თვალი ერთდროულად მოძრაობს, თუმცა ხანდახან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იხედება, ამიტომ წაუელმებს, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ეს ხდებოდა ერთი თვის ასაკში. თვალს აყოლებს საგნებს. ითხოვს უფრო მეტ კონტაქტს.


შეუძლია საგნების კარგად დაჭერა. ხელებისა და ფეხების მოძრაობა ისეთი ქაოტური აღარ არის, თუმცა ნაკლებად მიზანმიმართულია. იწყებს ღუღუნს. თანდათან იზრდება ,,აღუ“-ს თქმის სიხშირე, რაც ოჯახის წევრების აღფრთოვანებას იწვევს. გამოხატავს უკმაყოფილებას ტირილით, როდესაც შია ან საფენი გამოსაცვლელია.  ტირილის დროს დალაპარაკება ან ხელში აყვანა ამშვიდებს. ორი თვის ბოლოს მისი ღიმილი უკვე მიზანმიმართულია. ღიმილისა და სიცილის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.


ბავშვი თუ არ იცინის, ეს ნიშანია იმისა, რომ ის არ ვითარდება ნორმალურად. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება.


ორი თვის ბავშვთან ძილის ხანგრძლივობა 16-18 საათს შეადგენს. ღამით უჭირს ექვს საათიანი კვების შუალედის გაკეთება. საკვების მიღების შემდეგ ადვილად აგრძელებს ძილს. დღის განმავლობაში იძინებს ბევრჯერ, დაახლოებით 5-9 ჯერ, მაგრამ ეს ძილი არის ხანმოკლე. ბავშვს 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ეძინოს ხანგრძლივად 4-6 საათი. ორი თვის ასაკში ჯერ კიდევ  შესაძლებელია ძილის რიტმი არ იყოს დარეგულირებული. ამის შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის ხშირად სასეირნოდ გაყვანა ან თუ შესაძლებელია დღის ძილი ჰქონდეს ჰაერზე. პირველ თვეს არსებული აქტიური მეტეორიზმი, მეორე თვეს შემცირებულია.


შესაძლებელია, რომ შეამჩნიოთ პატარას სახეზე წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც 5-6 კვირაში გაქრება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის სისხლი თავისუფლდება დედის ჰორმონებისაგან.


კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.


შესაძლებელია, ორი თვისთვის, ბავშვს თავზე გაუჩნდეს ქერცლები, რომელმაც შემდეგ თვეებში მოიმატოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ პედიატრს.


ორი თვის ასაკში პატარა უკვე ცდილობს თავი წამოწიოს, განსაკუთრებით მუცელზე წოლის დროს. მართალია, თავის დაჭერა სულ რამოდენიმე წამით ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს ასე არ ხდება აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


ორი თვის ბავშვის წონა არის   5-6 კგ.   სიგრძე მერყეობს 57-60 სმ-ის ფარგლებში.


ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვეები განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი