Nuk
ნარკომანია

თარიღი: 21 სექტემბერი, 2017

"სიცოცხლედ ღირებული “სიამოვნება”

გაეროს მონაცემებით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს: მარიხუანას 150 მლნ კაცი ეტანება, სინთეზურ ნარკოტიკულ საშუალებებს – 30,5 მლნ, კოკაინს – 13 მლნ, ხოლო ჰეროინითა და ოპიატებით 15 მლნ-მდე კაცი ერთობა. მდგომარეობა არც საქართველოშია სახარბიელო. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა სპეციალისტთა აზრით (რასაც რიგითი მოქალაქეების დაკვირვებაც ადასტურებს), “კაიფის” მოყვარულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა.

რას დავაბრალოთ ნარკომანიის ასეთი მძლავრი შემოტევა? რა ტიპის ნარკოტიკებს ეტრფიან ქართველები? რატომ ჭირს “გადაგდება”? იკურნება თუ არა ნარკომანია? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგიისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმი-ნარკოლოგი მაია ბეგაშვილი.

 

. ნარკომანია ძალზე გავრცელებული სოციალური პრობლემაა. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ასეთი მომრავლება?

– ნარკომანიის ბუმი უმთავრესად ორი მიზეზით გახლავთ განპირობებული. პირველი ის არის, რომ ნარკოტიკული საშუალებები მოსახლეობის ფართო ფენისთვის მეტისმეტად ხელმისაწვდომია, ყოველ შემთხვევაში, ადრინდელთან შედარებით მაინც, მეორე მიზეზი კი გარკვეული წრეებიდან მიღებული დეზინფორმაციაა.

 

. გარკვეულ წრეებში ვის გულისხმობთ?

– ვგულისხმობ ე.წ. ქუჩის განმანათლებლებს, რომლებსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავთ და ნარკოტიკული თრობის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავენ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, ოჯახში, სკოლაში მიიღოს. ამისთვის მოსწავლეებს შეიძლება სალექციო კურსიც კი შევთავაზოთ. ზოგადად კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო იღებს – ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.

რატომღაც თითქმის ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ის ნარკოტიკს არ მიეჩვევა – დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდება, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როგორც კი მოისურვებს, გადააგდებს.

 

. მიჩვევა პირველივე გასინჯვისას ხდება?

– ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გარკვეულ წრესთან ან, ჟარგონზე რომ ვთქვათ, “სასტავთან” დამაკავშირებელი რგოლია. ყველა წრეს ცხოვრების თავისი წესი, თავისი კანონები აქვს. თუ ასეთი დაჯგუფება ნარკოტიკს მოიხმარს, ახალი წევრიც იძულებული ხდება, “იკაიფოს”, ამიტომ თავდაპირველად ხშირად არამოტივირებულ მოხმარებასთან გვაქვს საქმე.

ნარკოტიკული საშუალების უკვე მეორე-მესამე მოხმარების შემდეგ ყალიბდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სოციალურ გარემოსთან ანუ “სასტავთან” შეხებისას პიროვნებას ნარკოტიკის მიღების სურვილი უჩნდება, შემდეგ ეტაპზე კი ფიზიკური დამოკიდებულებაც ყალიბდება.

 

. ფიზიკურ მიჩვევას ყველა ნარკოტიკი იწვევს?

– პრაქტიკულად ყველა. მათ შორის – ე.წ. სუსტი ნარკოტიკებიც: კანაფი, ჰალუცინოგენები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი სამკურნალო პრეპარატი, რომელთაც ადამიანი ხანგრძლივად და არამიზნობრივად მოიხმარს. უბრალოდ, ფიზიკური დამოკიდებულების სიმპტომატიკა ამ შემთხვევებში სუსტად არის გამოხატული, თუმცა თუ კანაფის კაიფიდან გამოსვლის ფაზას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ისეც ხდება, რომ ადამიანს, რომელიც თავიდან კანაფს მოსინჯავს (ამას მოსინჯვის ფაზა ეწოდება), უჩნდება სურვილი, მეტი ეფექტისთვის სხვა ნარკოტიკსაც გაუგოს გემო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანაფი შედარებით ძლიერ ნარკოტიკზე გადასასვლელი ერთგვარი ტრამპლინია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც “სუსტი” ნარკოტიკების მოხმარებას ახლავს, დოზის გადაჭარბებაა, რაც ძალიან მძიმე ფსიქოზს იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდები, რომლებიც ცდილობენ, “მაგარი ბიჭები” იყვნენ, თავდაპირველად ძალიან აქტიურად და ხშირად “ბოლდებიან”. შესაბამისად, არც შედეგი აყოვნებს.

 

. უპირატესად რა ასაკში მოიხმარენ ნარკოტიკებს?

– ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებელთა ძირითად კონტინგენტს 25 წელს გადაცილებული პირები შეადგენდნენ, ამჟამად 18-25 წლის ნარკომანები უფრო გვხვდებიან, რაც ისევ და ისევ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობისა და არასწორი ინფორმაციის ბრალია.

არცთუ იშვიათად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას 40 წლის ასაკშიც იწყებენ – ადამიანს, რომელიც გარკვეულ კაპიტალს აგროვებს, უჩნდება სურვილი, სხვა ამქვეყნიურ სიამეებთან ერთად “კაიფიც” მოსინჯოს.

 

. ნარკომანია მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა შვილი უფრო მეტად ეტანება “წამალს”. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი ბავშვზე ნეგატიურ გავლენას ახდენს?

– მართალია, დაავადება მემკვიდრეობით არ გადაეცემა, მაგრამ ნარკომანიით დაავადებულთა ოჯახში აღზრდილ ბავშვებს ერთგვარი მზაობა უყალიბდებათ ამ მანკიერი გარემოსადმი ანუ ადაპტაციას განიცდიან ნარკოტიკების მომხმარებელთა წრესთან. ასე ხდება ასიდან დაახლოებით 70 შემთხვევაში, დანარჩენ 30%-ს კი, პირიქით, აგრესიაც კი უჩნდება ნარკომანიის მიმართ.

 

. ალბათ ქალბატონები გაცილებით იშვიათად მოიხმარენ ნარკოტიკს...

– ბოლო დროს ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი მალავს დაავადებას. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი ძალზე შთამბეჭდავია. 

სუსტი სქესის წარმომადგენლები იმავე მიზეზით იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, რა მიზეზითაც მამაკაცები, მხოლოდ, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ორმოცს გადაცილებული ქალბატონები, როგორც წესი, ნარკოტიკულ ნივთიერებას აღარ ეკარებიან.

 

. ქალი, მომავალი დედა, ნუთუ არ ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რომ შეიძლება, ავადმყოფი შვილი გაუჩნდეს ან საერთოდ არ ეყოლოს?

– თავიდან ადამიანი სიამოვნების განცდის მიზნით იღებს ნარკოტიკს, შემდეგ, როდესაც წამალზე დამოკიდებულება ყალიბდება – იმისთვის, რომ გარემოში შეძლოს, წონასწორობა არ დაკარგოს. როგორ ფიქრობთ, ან პირველ, ან მეორე შემთხვევაში შეიძლება, ადამიანს ჯანმრთელობა აღელვებდეს? თუმცა ნარკომანებს შორისაც არის ხალხი, რომელიც საკუთარ მდგომარეობას განიცდის და ყოველნაირად ცდილობს, თავი დააღწიოს ნარკომანიის ბორკილებს.

 

. ნარკოტიკების მომხმარებლებს ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ?

– მოგეხსენებათ, ნარკოტიკი ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს. ცნობილია, რომ ნარკოტიზაციის შედეგად ჯირკვლები, რომლებიც ე.წ. შინაგან ნარკოტიკებს (ჰორმონების გარკვეული ჯგუფის) გამოიმუშავებდნენ, ზარმაცდებიან და ჰორმონების პროდუქციას წყვეტენ.

ნივთიერებათა ცვლის მოშლის ეს ტიპი თავისუფლად შეიძლება შვილსაც გადაეცეს. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელმა ქალმა აღკვეთის (იმავე “ლომკის”) მდგომარეობაში მყოფი ბავშვი შვა.

 

. ზემოთ ნარკომანიის დაავადება ახსენეთ. მოხმარების დაწყებიდან რამდენ ხანში შეიძლება ჩამოყალიბდეს იგი?

– ეს საკმაოდ ინდივიდუალურია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ ყოვლისა – თავად პიროვნებაზე: მის ბუნებაზე, ტემპერამენტის (აქცენტუაციის?) ტიპზე, მსოფლმხედველობაზე.

დაავადების ჩამოყალიბების დრო აგრეთვე დამოკიდებული გახლავთ თავად ნარკოტიკის რაობაზე. ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს ე.წ. სუფთა და ბინძური ნარკოტიკი. რაც უფრო სუფთაა “წამალი”, მით მეტია მასში აქტიური ნივთიერების შემცველობა და მით უფრო იოლად და სწრაფად ხდება დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბება.

რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, ნარკომანიის დაავადების ჩამოყალიბების ძირითად “დამნაშავე” ფაქტორად მაინც ის გარემო მიმაჩნია, რომელშიც ადამიანს უხდება არსებობა.

 

. რა მეთოდებით წარმოებს ნარკომანიის მკურნალობა?

– ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს გარკვეული დროის განმავლობაში ნარკომანიით დაავადებული ადამიანისთვის საკმაოდ მაღალი ტოქსიკურობის ნივთიერების – მეტადონის – მიწოდებას. თუკი ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ თუ ის გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია. 

ამ რამდენიმე ხნის წინ ამუშავდა მეტადონის მოკლევადიანი პროგრამა, რაც, ჩემი აზრით, მთლად ეფექტური არ უნდა იყოს და აი, რატომ: მართალია, მეტადონი ამსუბუქებს აღკვეთის სინდრომისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ მოკლე ვადით მიღების შემთხვევაში თავადვე იწვევს აბსტინენციის სინდრომის ჩამოყალიბებას. ამიტომ თუკი პროგრამა მოკლევადიანი იქნება, უმჯობესია მკურნალობა გაცილებით სუსტი მოქმედების ნარკოტიკული ნივთიერებით განვახორციელოთ.

რაც შეეხება დეტოქსიკაციას, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. ჩანაცვლებითი თერაპიაც შეიძლება დეტოქსიკაციის ერთ-ერთ მეთოდად განვიხილოთ.

 

. რომელი მეთოდი უფრო ეფექტურია?

– თუკი ნარკომანიის მძიმე ფორმასთან ანუ ჭკუასუსტობასთან არ გვაქვს საქმე, მაინც სჯობია, დეტოქსიკაციას მივმართოთ. ზოგადად კი შედეგი შერჩეულ მეთოდზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოტივირებულია მკურნალობა. ეს უკანასკნელი სრულიად უშედეგო აღმოჩნდება, თუკი ადამიანს სათანადო მოტივაცია არ ექნა. ვიღაცის ხათრით, შიშით ან თუნდაც “წამლის” შესაძენი ფულის უქონლობის გამო მკურნალობის დაწყება გაუმართლებელია. თერაპიის ყოველი ასეთი მცდელობა თავიდანვე კრახისთვის არის განწირული, რადგან ნარკომანიით დაავადებულის ფსიქიკა ყოველთვის იტოვებს შანსს, რომ თუკი მდგომარეობიდან ამჯერად გამოვა, ნარკოტიკს მომავალში ათასში ერთხელ მაინც გაიკეთებს.

მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების მხარდაჭერას. არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც ნარკომანიით არის დაავადებული, ეჩხუბო, შეურაცხყოფა მიაყენო, იძულებული გახადო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია ოჯახის წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ მკურნალობა მოტივირებული გახადოს. 

ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა რეაბილიტაციის კურსია, რომელსაც სულ მცირე სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ. 

იმისთვის, რომ ნარკომანიისგან ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება, ჯანსაღი დამოკიდებულება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ, დაუშვებელია მათი ათვალწუნება, გარიყვა; ნარკოტიკების ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მკურნალობის შემდეგ არ გაუჭირდება სამსახურის პოვნა, არავინ წამოაძახებს, რომ ყოფილი ნარკომანია.

 
ნარკორეაქცია - ანუ: კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა

“ოდესღაც ხალისიანი და მოსიყვარულე ბიჭი საკუთარ თავში ჩაიკეტა. დღეები ისე გადის, რომ თავისი ოთახიდან ცხვირსაც არ ყოფს, შემდეგ რამდენიმე დღით გადაიკარგება ხოლმე, მისი არც ასავალი ვიცით, არც დასავალი. ვრეკავთ ბავშვობის მეგობრებთან – ამაოდ, არც თანაკურსელებთან დაკავშირებას აქვს აზრი... როგორც ჩანს, ახალი წრე გაიჩინა. ხასიათისა ხომ ხსენებაც არ ღირს: ჯერ – არნახული აგრესია, მერე – მეტისმეტი, თითქმის საეჭვო სიმშვიდე, საუბარიც კი არ უნდა ჩვენთან. თანაც საოცრად გულმავიწყი გახდა. ავიწყდება ყველაფერი, მათ შორის – სახლში დარეკვა და მშობლების გაფრთხილება, რომ შეიძლება დილამდე არ დაბრუნდეს შინ... და, რაც მთავარია, ბოლო დროს სახლიდან ნივთები იკარგება. ერთი სიტყვით, ნამდვილი მოჯადოებული წრეა!”

ის, რაც ახლა წაიკითხეთ, სულაც არ გახლავთ ამონარიდი ავადმყოფობის ისტორიიდან, თუმცა კი ძალიან ჰგავს. ეს ერთი ქალის გულისტკივილია, რომლის ვაჟიშვილიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკზე “შეჯდა”. და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მშობელია ჩვენს გარშემო...

ნარკოტიკი არ არის ჭირი, რომელსაც, თუ კარი მიუხურე, შეიძლება ფანჯრიდან გადმოძვრეს. მისგან თავის დაღწევა შეიძლება. მთავარია, გონება მოიხმო, ახლოს არ გაეკარო და ყველა კარი საიმედოდ ჩაურაზო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში მოზარდია.


რაშია საქმე?

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ნარკომანია საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. მოზარდები “წამალს” აქტიურად უსინჯავენ გემოს. თავდაპირველად ერთობიან (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობენ), მერე კი.. ამ თამაშ-თამაშში მძიმე დაავადების მსხვერპლნი ხდებიან.

ნარკომანიის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბარი აღარ ღირს, – ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ რაც შეეხება ნიშნებს, რომლებიც ნარკოტიკის მომხმარებელთა ახალ გატაცებაზე მეტყველებს – მათზე ყურადღების შეჩერება ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

 

მოზარდი, რომელიც აქამდე დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, გულჩათხრობილი გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა.

შინიდან უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება, სახლში კი გვიან ღამით ბრუნდება – მაშინ, როცა, მისი აზრით, ოჯახის წევრებს უკვე სძინავთ და ძალიან აღიზიანებს შეკითხვა: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”

ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ხოლო თუ ფსიქოსტიმულატორებს იყენებს, ძილი სიახლოვესაც არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს.

გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები მკვეთრად უუარესდება. მეცადინეობა არ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვეღარ ახერხებს, რადგან მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.

ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), აღარ აინტერესებს. 

წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა აქვს.

ხასიათი უჩვეულოდ ეცვლება: კონფლიქტური სიტუაციის დროს, თუნდაც პირადად მიაყენონ შეურაცხყოფა, მეტისმეტად მშვიდია. სამაგიეროდ, სრულიად უწყინარ ვითარებაში შეიძლება უმიზეზოდ იფეთქოს და ჩხუბი დაიწყოს, მეტწილად კი უგუნებოდ არის და დათრგუნულის შთაბეჭდილებას ახდენს.

სულ უფრო და უფრო მეტ ფულს გთხოვთ, თუმცა შინ არავითარი ფასეული შენაძენი არ მოაქვს. მეტიც: თქვენი საფულიდან იკარგება ფული, შინიდან კი – ძვირფასი ნივთები, სამკაულები.

ჰყავს ახალი მეგობრები, მაგრამ არ ჩქარობს გაგაცნოთ, ტელეფონზე კი თითქმის ჩურჩულით ესაუბრება.

თუკი თქვენს შვილს ასეთი ცვლილებები შეატყვეთ, ეცადეთ, გულახდილად დაელაპარაკოთ. არამც და არამც არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, ნურც დასჯის დესპოტურ მეთოდებს მიმართავთ – თავქარიან მოზარდთან ურთიერთობისთვის ეს გზა ნამდვილად არ გამოგადგებათ. უმჯობესია, მასთან საერთო ენა გამონახოთ, დაარწმუნოთ, რომ გვერდით უდგეხართ და ყოველნაირად დაეხმარებით, ამ მავნე ჩვევას სძლიოს.

 

ნარკოპორტრეტი

თუკი საიდანღაც დაბრუნებული თქვენი შვილი მეტისმეტად უჩვეულოდ, მთვრალივით იქცევა, თუმცა ალკოჰოლის სუნი არ ასდის, ნამდვილად ღირს გარკვევა, რა სჭირს. 

“კაიფისთვის” დამახასიათებელი პატარ-პატარა ნიშნები ასეთია:

. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული რქოვანა, დაშვებული ქუთუთოები;

. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზინისა;

. ძილიანობა. ნარკოტიკით გაბრუებულებს, ფაქტობრივად, ფეხზე ეძინებათ. შეიძლება თვალგახელილმაც ჩათვლიმონ;

. ძლიერი აგზნება, ეიფორია;

. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე მოყვითალო ელფერით;

. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის ძლიერი ქავილი;

. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;

. მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროდან გამოთიშვა;

. ღებინების შეგრძნება;

. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;

. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით ინექცია შეიძლება ფეხებზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზეც გაიკეთონ.

 

ნარკო-კონკრეტიკა

მოდით, გადავხედოთ ნიშნებს, რომლებიც ამა თუ იმ სახის ნარკოტიკისთვის არის დამახასიათებელი.

კანაფის მოხმარებისას ადამიანს აღენიშნება გუგების გაფართოება, თვალების სიწითლე, პირის სიმშრალე (ე.წ. სუშნიაკი). დაბოლილი მოძრავია, აქტიური, სწრაფად მეტყველებს, მადა უძლიერდება, ამიტომ უზომოდ ბევრს მიირთმევს.

ოპიატების (ჰეროინის, კოდეინის, მორფინის) მიღების შემთხვევაში თავს იჩენს ძლიერი ძილიანობა: ადამიანმა შეიძლება ჩათვლიმოს მჯდომარემ, მდგომარემ, საუბრის დროსაც კი, დროდადრო გამოფხიზლდეს და საქმიანობა (საუბარი, ტელევიზორის ყურება და ა.შ.) გააგრძელოს, მეტყველებს ნელა, სიტყვებს ჭიმავს, შეუძლია ერთსა და იმავე საკითხზე საათობით (მხოლოდ – ნელა) ისაუბროს, “კაიფის” დროს საოცრად თბილი და გულისხმიერია. გარდა ამისა, აღენიშნება გუგის სივიწროვე – გუგები სინათლეზე არ რეაგირებს, არ ფართოვდება.

ფსიქოსტიმულატორების მიღებისას ადამიანი მეტისმეტად აქტიურია, ერთ ადგილას გაჩერება უჭირს, ციბრუტივით ტრიალებს, სწრაფად საუბრობს, ერთი თემიდან მეორეზე ხტება, თვალის გუგები უფართოვდება და, რაც მთავარია, მოჭარბებული აქვს ლიბიდო.

ჰალუცინოგენების მიღებისას, როგორც მათი სახელწოდებაც მიგახვედრებთ, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება. ზოგიერთი ცხოველებს “ხედავს”, ზოგიერთი შეიძლება იატაკზე დაწვეს და თავი უხსენებლად წარმოიდგინოს, ზოგს კი მოეჩვენოს, რომ ფილმის გმირები ტელევიზორიდან გადმოვიდნენ... სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს ეჩვენება, რომ მას ესაუბრებიან და ისიც, თავის მხრივ, უცნობ ხმასთან დიალოგს აბამს. ჰალუცინოგენების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხშირია დეპრესია, ფსიქოზი.

საძილე საშუალებების დიდი ოდენობით მიღებისას ალკოჰოლური თრობის მსგავსი ნიშნები იჩენს თავს: ადამიანი გაუგებრად ლაპარაკობს, უჭირს წონასწორობის დაცვა, პირი უშრება, შეიძლება, ჰალუცინაციებიც დაეწყოს.

ტოქსიკომანიის ანუ შესასუნთქი ტოქსიკური ნივთიერებებით (აცეტონით, წებოთი, ბენზინით) გაბრუების შემთხვევაშიც თრობის მსგავსი ნიშნები ვლინდება – ადამიანი მეტისმეტად გამომწვევად იქცევა, ხშირად უვითარდება ჰალუცინაციები, რომლებსაც “მულტფილმებს” უწოდებენ (სწორედ ამ “მულტსეანსების” გამო კაიფობენ მოზარდები).

 

ცოტა რამ ჰალუცინაციის შესახებ
ჰალუცინაცია ბერძნული სიტყვაა და ბოდვას ნიშნავს. სამედიცინო სიტყვახმარებაში ასე უწოდებენ მცდარ მხედველობით, სმენით, ყნოსვით ან შეხებით აღქმას, რომელსაც ტვინის მოქმედების დარღვევა იწვევს. ჰალუცინაცია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სიმპტომია, ჩნდება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში. მისი გამოწვევა ხელოვნურად, ჰალუცინოგენების მიღებითაც შეიძლება.

ჰალუცინაცია ასე იწყება: თავიდან საგნების შეფერილობა საოცრად მკაფიო ხდება, ბგერები კი – უჩვეულოდ ხმამაღალი, მძაფრდება გრძნობათა ორგანოების შეგრძნებებიც და, რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს ერწყმის: ბგერები ფერადდება, განსაკუთრებით ფერადოვანი ხდება მუსიკა.

თუმცა ყველაფერი მთლად ასე მიმზიდველი როდია! ეიფორია, შიში, განგაში, აგრესია – აი, იმ ??? გამოვლინებათა ნაწილი, რომლებიც ჰალუცინაციას სდევს თან. ჰალუცინოგენების გამოყენების შემდეგ კი თავს იჩენს უსიამოვნებათა ახალი ტალღა: ძლიერი აგრესია (აუტოაგრესიაც კი), პარანოია, დეპრესია, _ და არც აფექტური ფსიქოზია შორს. ასე რომ, თავდავიწყების მიზნით ჰალუცინოგენების მიღება მეტისმეტად სარისკოა, რისკი კი ყოველთვის კეთილშობილური საქმე როდია...

 

სიკვდილის კვალდაკვალ
გაქვს სახლი, სადაც მყუდროებას ვერ გრძნობ, ოჯახი, რომელიც დიდად არც (აღარც!) კი გაღელვებს, სამსახური, რომელიც სრულებით არ გაინტერესებს, გყავს მეგობრები, ვისიც კარგა ხანია აღარაფერი გესმის; სამაგიეროდ, შეიძინე რამდენიმე ახალი მეგობარი, უფრო სწორად – თანამოაზრე. ისინი გიცვლიდნენ სახლსაც, ოჯახსაც, სამსახურსაც და, რაღა თქმა უნდა, ბავშვობის მეგობრებსაც. მაინც, რით მოგხიბლეს ასე? ნუთუ უნაკლონი არიან? ან ეგებ მეტისმეტად საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ? არა, მიზეზი სულ სხვაა – ისინი შენ გაჭრილი ვაშლივით გგვანან. გარეგნობით არა, თუმცა არც ეს არის გამორიცხული; უბრალოდ, თქვენ საერთო ინტერესები გაკავშირებთ – ერთნაირი თავდავიწყებით გიყვართ... ნარკოტიკი!

 

რატომ?

ის, რომ ადამიანის ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა და ათასგვარი რთული ბიოქიმიური პროცესი, უკვე ყველასთვის ანბანური ჭეშმარიტებაა. ნარკოტიკული ნივთიერებაც, მოხვდება თუ არა ორგანიზმში, დაუყოვნებლივ ერთვება ცვლით პროცესებში და დიდი წარმატებით ენაცვლება ჰორმონებს, მათ შორის – ენდორფინებსა და ენკეფალინებს, ე.წ. კმაყოფილების მედიატორებს. ორგანიზმი, რომელიც აქამდე თავად გამოიმუშავებდა სიამოვნების ჰორმონებს, ნარკოტიკების მიღებას შეჩვეული ზარმაცდება – საჭიროდ აღარ მიიჩნევს, იზრუნოს იმ ნივთიერებათა წარმოქმნაზე, რომელთა ანალოგები ისედაც ჭარბად ხვდება სისხლში – და თანდათანობით წყვეტს მათ პროდუქციას.

გადის დრო, ორგანიზმი უფრო და უფრო იფიტება, მეტ ნარკოტიკს მოითხოვს და საბოლოო ჯამში მასზე ხდება დამოკიდებული – საკმარისია საჭირო დოზა ვერ მიიღოს, რომ... იწყება ნამდვილი “თავდავიწყება” – მდგომარეობა, რომელსაც ხალხში უფრო “ლომკის” სახელით იცნობენ, მედიკოსთა ენაზე კი აბსტინენციის სინდრომი ჰქვია.

ამგვარად, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი დამოკიდებული ხდება არა ცხოვრების პირობებზე, არა კვებასა თუ მის მიმართ გამოჩენილ მზრუნველობაზე, არამედ სულ სხვა რამეზე. ამ “რამეს” ნარკოტიკი ეწოდება.

ნარკოტიკულ ნივთიერებას მოწყურებული ორგანიზმი მორიგ დოზას ვერ მიიღებს და აბსტინენციაც არ აყოვნებს: კუნთებისა და სახსრების აუტანელი ტკივილი, ძლიერი შემცივნება (რაც არ უნდა ჩაიცვას და დაიხუროს, ვერ გათბება), ცივი ოფლი, მუცლის ტკივილი, რომელსაც ხშირად ფაღარათი, გულისრევა და ღებინებავ ერთვის, სურდო, დეპრესია, უძილობა... ისეც ხდება, რომ “ლომკის” დროს ნარკოტიკს მოწყურებული ადამიანი თავს იკლავს.

 

ნარკოტიკიც არის და ნარკოტიკიც
“ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ისევე როგორც შეყვარებული, ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ “პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, საოცრად ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ “მასთან” ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს... ამგვარი განცდა ეუფლებათ მათ, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება”, – ასეთი რამ განაცხადა ერთ-ერთმა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ, რომელიც ნარკომანიის პრობლემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეისწავლის.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შემთხვევით არ გვიხსენებია; არსებობს შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებანი, რომლებიც სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას იწვევს და არა ფიზიკურს. ასეთია, მაგალითად, კანაფი (ჰაშიში და მარიხუანა). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ საშუალებებით “გართობა” უსაფრთხოა ან “გადაგდებაა” უფრო იოლი.

“სუსტი” (?) ნარკოტიკი კანაფი ჯანმრთელობისთვის მაინც საზიანოა, თუმცა შესაძლოა, ოდნავ უფრო ნაკლებად. ის ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე – დგება დღე, როცა ერთადერთი, რაც ჰაშიშის მწეველს ახსოვს, მორიგი ულუფის მიღების დროა. 

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანაფით გატაცება ერთგვარი “ტრამპლინია” შედარებით ძლიერმოქმედი ნარკოტიკების (ჰეროინის, ოპიუმის, მორფინის და ა.შ.) მოხმარებისთვის. 

ასეა თუ ისე, დღეს ამ ბალახს აქტიურად ეწევიან, თანაც მისი აქტიური მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ როცა მოისურვებენ, მაშინ დაანებებენ თავს.

თუკი რჩევას კვლავ სპეციალისტებს ვკითხავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნარკოტიკის “გადაგდება” სწორედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოა რთული. “ლომკის” გადატანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან, ისევე როგორც სიყვარულისგან, გათავისუფლება წარმოუდგენლად ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი.

 

ერთჯერადი შპრიცები და „გამთიშველი“ აბები 
ნარკოტიკის მიღების მრავალი გზა არსებობს: ინექცია, მოწევა, აბების დალევა, შესუნთქვა... მოწევაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ. ახლა ორიოდე სიტყვით სხვა მეთოდებსაც შევეხოთ.

ინექცია ანუ ნემსის ჩხვლეტა „კაიფის“ მისაღწევად დიდი ხანია წარმატებით აითვისა ჩვენი საზოგადოების „გამორჩეულმა“ ნაწილმა. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ყველაზე სწრაფი გზაა. არის შემთხვევები, როცა ადამიანს, გარდა ნარკოტიკისადმი დაუძლეველი ლტოლვისა, ჩხვლეტის მოთხოვნილებაც უყალიბდება.

ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერება კიდევ უფრო ადვილი მისაღებია: გადაყლაპავ აბს, მიაყოლებ წყალს და ნელ-ნელა “კაიფიც” მოვა...

პრობლემას წარმოადგენს დამამშვიდებელი ტაბლეტების დიდი ოდენობით თვითნებური მიღებაც. ხდება ხოლმე, რომ აფორიაქებულ ნერვულ სისტემას დამშვიდება სჭირდება. ეს ჩვენს სტრესებით სავსე სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ ამისთვის გამოიგონა ჭკვიანმა ხალხმა ტრანკვილიზატორები და საძილე საშუალებები. მაგრამ მათი უსისტემო, თვითნებური მიღება არამც და არამც არ შეიძლება. დოზის მართებულ შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ადამიანი, რომელიც თავდაპირველად ერთი აბის მიღებისთანავე „ითიშება“, ცოტა ხანში მეტი ეფექტისთვის უკვე 2-3 ცალს ყლაპავს, შემდეგ ესეც არ აკმაყოფილებს და გასაბრუებლად ლამის მთელი კოლოფი სჭირდება. ასეთ უჩვეულო თერაპიას უმეტესად 40 წელს გადაცილებულნი მიმართავენ. მათი განკურნება ძალზე რთულია, ხშირად წარმოუდგენელიც. 

აბებს ჰალუცინაციათა მოსაგვრელადაც სვამენ. ციკლოდოლი, ელ-ეს-დე, კალიფსოლი – ეს ყველაზე ცნობილი ჰალუცინოგენები გახლავთ, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მეტია და ყველა მათგანი ფსიქიკის ღრმა აშლილობას იწვევს. არ არის გამორიცხული, ტვინარეულმა ადამიანმა თავი „ადამიან-ობობად“ წარმოიდგინოს და ფანჯრიდან ხელებგაშლილი გადაეშვას... როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პრეპარატები, რომლებიც სამკურნალო მიზნით საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება, ძლიერ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს.

 

ტოქსიკომანია ჩვენს საზოგადოებაში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოიჭრა. წებოსა და სხვადასხვა ქიმიური გამხსნელების მოტრფიალე მოზარდები პირველად აშშ-სა და ევროპაში გამოჩნდნენ. ტოქსიკომანების ძირითად ნაწილს უსახლკარო ბავშვები შეადგენენ, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება (თუკი ქუჩებში კარგად მიმოვიხედავთ, ამას თავადაც შევამჩნევთ). ეს თითქოსდა უწყინარი წებო და აცეტონი თავის ტვინის მძიმე ტოქსიკურ მოწამვლას იწვევს. ვითარდება ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სინდრომი. მოზარდები, რომელთა თვალები „არსაით“ იყურებიან, მოზარდები, რომლებიც თაობებს შორის ჩაიკარგნენ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მათზე გული ყველას შესტკივა, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიძლება მათი გადარჩენა.
წყარო:aversi.ge