Nuk
მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე ქალებში - ჰიპერანდროგენემია

თარიღი: 19 აპრილი, 2019

ანდროგენები მამაკაცის სასქესო ჰორმონებია,რომელიც ნორმაში ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება გარკვეული რაოდენობით და უდიდესი როლი აკისრიათ. ანდროგენების ნაწილი გარდაიქმნება ქალის სასქესო ჰორმონებად,ნაწილი კი ცირკულირებს სისხლში თავისუფალი სახით ან ცილასთან შეკავშირებული.
 ქალის ორგანიზმში ანდროგენების წყარო ძირითადად საკვერცხეები ან თირკმელზედა ჯირკვლებია (მცირე რაოდენობით გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილშიც) ამ ორგანოებში ჰორმონების რეგულაციის პროცესს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური რგოლი აკონტროლებს.(თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები)
გარკვეული მიზეზების-თანდაყოლოლი პათოლოგიების,მემკვიდრული განწყობის,ფერმენტული დეფექტების დროს ქალის სისხლში ანდროგენების დონე მატულობს,ნორმის ზღვარს სცილდება ანუ ვითარდება ჰიპერანდროგენემია.
უნდა ავღნიშნოთ რომ თირკმელზედა ჯირკვლის (ქერქის) თანდაყოლილი
დისფუნქციის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში, ჰიპერანდროგენული ცვლილებები შეიძლება ცხოვრების განმავლობაში არც კი გამოვლინდეს და იყოს კომპენსირებული ორგანიზმის მიერ ან თავი იჩინოს მხოლოდ სტრესული სიტუაციების,ფიზიკური და გონებრივი გადაღლის,სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას,ორსულობის დროს,რომელიც შეიძლება თვითნებური აბორტით დასრულდეს.

ჰიპერანდროგენემია იწვევს:
1. მენსტრუალური ციკლის დარღვევას;(იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეგულარულიც)
2. ანოვულაციას;(როცა საკვერცხეში არ მწიფდება კვერცხუჯრედი ან მწიფდება და არ სკდება,შესაბამისად კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება ვერ ხდება საკვერცხის ქსოვილიდან და თუ არ არის კვერცხუჯრედი არ დგება ორსულობა)
3. უშვილობას,თუ მაინც დადგა ორსულობა, ხშირია ორსულობის თვითნებური შეწყვეტა.
4. ჰირსუტიზმს (ჭარბთმიანობა,ქალისთვის შეუფერებელ ადგილებში:სახეზე,გულმკერდზე,მუცელზე ზურგზე)
5.  ალოპეციას (თმის ცვენა)
6.  ჰიპერანდროგენულ დერმატოპათიებს.


აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ,რომ ქალს შეიძლება სისხლში ანდროგენები ჰქონდეს საკმაოდ მომატებული,მაგრამ კანის მხრივ პრობლემები არ ვლინდებოდეს,ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანის რეცეპტორების დაბალ მგრძნობელობასთან ანდროგენებისადმი,მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში კი კანისმიერი პრობლემები მკვეთრად ვლინდება,ამიტომ დიაგნოსტირებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებსა და შესაბამისად სწორ მკურნალობას.