Nuk
მაია მაჭავარიანი: "როცა ბავშვს ეკრანს მოაშორებთ და დაელაპარაკებით პროცესი დაიწყება“

თარიღი: 31 მაისი, 2018

თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები გამართულად და ლამაზად მეტყველებდნენ საჭიროა ბევრი ვესაუბროთ და მათ მიერ დასმული შეკითხვები უპასუხოდ არ დავტოვოთ. იმისთვის რომ ბავშვის მეტყველება გამართული იყოს და ამ მიმართულებით მომავალში პრობლემები თავიდან აიცილოთ, კიდევ უფრო მეტი რამაა საჭირო.

გამართული მეტყველება და ხარვეზები, რომელიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს, ამ თემებზე გადაცემაში "FM პედიატრი" ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი საუბრობდა.

 

როგორია ენისა და მეტყველების განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და რა ასაკში შეიძლება იჩინოს თავის ბავშვის მეტყველების განვითარებაში სირთულეებმა?

მაია მაჭავარიანი: ენისა და მეტყველების განვითარება თვეების ასაკიდანვე იწყება. მოგეხსენებათ ამის პირველი გამოვლინება არის ,,აღუ“. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ღიმილი, თვალით კონტაქტი და უკვე მოგვიანებით თითქმის 1 წლის ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა პირველი სიტყვების წარმოთქმა. დაახლოებით 1,6 წლის ასაკისთვის უკვე უნდა ჰქონდეს თითო სიტყვით კომუნიკაციის შესაძლებლობა და უნდა ჰქონდეს დაგროვებული სიტყვებით საკმაო რაოდენობა. 2 წლის ასაკში მოსალოდნელია, რომ დაიწყოს წინადადებებით ლაპარაკი. თუკი 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ ახერხებს ფრაზებით დაგეკონტაქტოთ, გაურბის თვალებით კონტაქტს, ან არ რეაგირებს ინსტრუქციებზე აქ უკვე უნდა ავტეხოთ განგაში. მაგალითად უფრო ადრეც 1,6 წლის ასაკში თუ არ არის სიტყვიერი პროდუქცია უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ეს არის ის მნიშვნელოვანი ეტაპები რასაც უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება.

 

გარდა მეტყველების დარღვევისა თუ არის შესაძლებელი სხვა კუთხითაც იყოს დარღვევა, რომელიც შესაძლოა მშობელმა შენიშნოს?

მაია მაჭავარიანი: შესაძლებელია, თუმცა ეს სპეციალისტების სფეროა, რასაც შესაძლოა მშობელმა ყურადღება ვერ მიაქციოს. თუმცა უფრო მეტად თვალშისაცემია მეტყველების პრობლემები და ენის ათვისების დაგვიანება როგორც წესი. ასევე შესაძლებელია ბავშვმა დაჯდომა და დამოუკიდებლად ფეხის ადგმა დააგვიანოს. ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დეფიციტი, ანუ თუ ის ვერ ამყარებს კომუნიკაციას, არ იცინის სასაცილო გამომეტყველებაზე, არ ამყარებს თვალით კონტაქტს და ზოგადად არ აინტერესებთ ადამიანებთან კომუნიკაცია ასევე არის საგანგაშო ნიშანი და სიმპტომი იმისა, რომ მშობელმა რაც შეიძლება მალე მიაკითხოს სპეციალისტს. 

 

არის თუ არა რაიმე სახის სტატისტიკა, ხშირად ამბობენ რომ ბოლო წლებში ეს პრობლემა უფრო გააქტიურდა განსაკუთრებით ინტერნეტის და ტელეფონის შემოჭრის შემდგომ ჩვენს ცხოვრებაში. არის ეს სტატისტიკურად გამოხატული?

მაია მაჭავარიანი: სტატისტიკას სამწუხაროდ ვერ მოგახსენებთ რადგან ზუსტი მონაცემები არ გვაქვს თუმცა ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან იმატა და დამამძიმებელი ფაქტორი ნამდვილად არის ტექნიკის განვითარება. დღეისთვის შეუფასებელია კომპიუტერთან და ტელეფონთან პატარა ასაკის ბავშვების ურთიერთობა და ჩვენი საზღვარგარეთელი კოლეგები ურჩევენ მშობლებს რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ მისცენ საშუალება იკონტაქტონ ეკრანებთან იმიტომ, რომ ეს არის ისეთი სენსიტიური პერიოდი როდესაც ენა და მეტყველება ვითარდება რადგან მაშინ როდესაც ბავშვს სჭირდება გარემოსთან ურთიერთობა ეკრანთან ჯდომით ეს ყველაფერი ძალიან ფერხდება და ნელდება. მაშინ როდესაც თვეების და 1 წლის ბავშვს რამდენიმე საათი უწევს ეკრანთან ჯდომა შედეგად ვიღებთ XXI საუკუნის მაუგლის, რომელიც არის აბსოლუტურად არაადაპტირებული გარემოში, იმიტომ არ იცის როგორ უნდა ირეაგიროს ჩვეულებრივი გარემოს გამღიზიანებელზე.

 

შეიძლება ეს განვიხილოთ სწორედ მეტყველების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზადაც?

მაია მაჭავარიანი: შესაძლებელია იყოს. ასევე ხშირად როდესაც ხანგრძლივი დროით აქვთ ტექნიკასთან კონტაქტი, გარდა იმისა რომ მეტყველება იგვიანებს და არ ვითარდება დროულად ასევე მთელი რიგი ნიშნები არსებობს რაც დამახასიათებელია აუტისტური სპექტრისთვის და ხშირად ძალიან რთულია გარჩევა რომ არის ეს დეპრივაციის შედეგი ანუ ეკრანთან ჯდომის შედეგი თუ ეს არის აუტისტური სპექტრი.

 

თუ ეკრანთან მიჯაჭვულობის შემდეგ გაუჩნდა ბავშვს მსგავსი ტიპის სიმპტომები რამდენად გამოსწორებადია?

მაია მაჭავარიანი: გამოსწორებადია, შესაძლოა ინტენსიური თერაპიაც კი არ დასჭირდეს, უბრალოდ როგორც კი მოაშორებენ ბავშვს ეკრანს და დაელაპარაკებიან იწყება პროცესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ მეტყველების სტიმულირება.

 

როგორია ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების დიაგნოსტირების პროცესი?

თამაშით თერაპიის ფარგლებში ვახდენთ რეაბილიტირებას

მაია მაჭავარიანი: დიაგნოსტირების პროცესი ყოველთვის არის ნახევრად თამაშის პირობებში, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა ამ ასაკის ბავშვებისთვის და ამ შემთხვევაში სპეციალისტი აკვირდება რამდენად რეაგირებს ინსტრუქციაზე, რამდენად ესმის მიმართული მეტყველება, რამდენად შეუძლია სხვადასხვა საგნების გარჩევა და მითითება. მოთხოვნები სხვადასხვაგვარია, ასაკის შესაბამისად. მაგალითად 2 წლამდე ასაკის ბავშვს არ მოეთხოვება წინადადება გითხრას მაგრამ თითო სიტყვით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, უნდა შეეძლოს თითით ჩვენება, უნდა გიწვევდეს სათამაშოდ და ა.შ. 2 წლის შემდგომ ეს მოთხოვნები იზრდება და სადღაც 5-6 წლის ასაკისთვის გამართული, საკმაოდ რთული წინადადებებით მეტყველება უნდა შეძლოს, ასევე უნდა შეეძლოს სიუჟეტური სურათის აღწერა, იცოდეს ლექსი და ა.შ. არის შესაბამისი სპეციალური სტანდარტული ინსტრუმენტები რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავზომოთ ესა თუ ის უნარი, მათ შორის ენა და მეტყველება, რამდენად შეესაბამება ქრონოლოგიურ ასაკს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია რამდენად შეუძლია აზრის გადმოცემა მას და არა ის რამდენად კარგად იცის ესა თუ ის ლექსი.

 

როგორია მეტყველების განვითარებაში დარღვევის მქონე ბავშვების პერსპექტივა და პროცესი?

მაია მაჭავარიანი: პროცესიც მსგავსია, თამაშით თერაპიის ფარგლებში ვახდენთ რეაბილიტირებას. შეიძლება იყოს პარალელურად ნეიროფსიქოლოგის დახმარება საჭირო, ასევე შესაძლოა ვურჩიოთ მეტყველების თერაპევტის დახმარება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბგერების არტიკულირებასთან გვაქვს პრობლემა. 4 წლამდე შესაძლოა კარგად ვერ გამოთქვამდეს ბავშვი ბგერებს, თუმცა 6 წლის ასაკამდე უნდა მოხდეს მისი გამოსწორება, იმისათვის რომ შეძლოს შესაბამისი განათლების მიღება.

 

დაახლოებით რა ასაკის ბავშვებში გვხვდება მსგავსი პრობლემები. თქვენი დაკვირვებით რა ასაკის ბავშვები მოჰყავთ ცენტრში?

მეტყველებაა იწვევს შემდომში სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების დათრგუნვას, როგორიც შესაძლოა იყო აზროვნება, წერა-კითხვის ათვისება და ა.შ.

მაია მაჭავარიანი: ძირითადად უფრო მეტად მოჰყავთ 3 წლის ასაკიდან და ზემოთ. მანამდე როგორც წესი ელოდებიან და ზოგჯერ არის შემთხვევები საკმაოდ დაგვიანებულიც, როცა 5 წლის ასაკში მოუყვანიათ ან წინასასკოლოდ. გადადება ზოგადად ისეთი მნიშვნელოვანი უნარის როგორც ენა და მეტყველებაა იწვევს შემდომში სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების დათრგუნვას, როგორიც შესაძლოა იყო აზროვნება, წერა-კითხვის ათვისება და ა.შ.

 

შესაძლებელია რომ ორენოვან ოჯახში გაზრდილი ბავშვისთვის მეტყველების პრობლემა უფრო ხშირი იყოს?

მაია მაჭავარიანი: ესეც შესაძლოა იყოს დამამძიმებელი პრობლემა. თუ განვითარება არის ნორმალური მაშინ შესაძლოა ბავშვმა რამდენიმე ენაც კი ერთდროულად აითვისოს. თუკი მშობლები ატყობენ, რომ 2 წლის ასაკში არ გვაქვს წინადადებები, მაშინ ერთ ენაზე უნდა დაიყვანონ. ჩვენ ვურჩევთ რომ დატვირთვა შეამცირონ.

 

თუ დადგინდა რომ ბავშვს აქვს პრობლემა და დაიწყო მუშაობა მეტყველების პედაგოგთან ერთად, რამდენად შესაძლებელია, რომ მალევე დადგეს შედეგი? 

მაია მაჭავარიანი: თუ ეს არის ენის და მეტყველების დაყოვნება ასეთ შემთხვევაში როგორც წესი წარმატებით დაიძლევა, გააჩნია დაფიციტის ხარისხსს და ბავშვის განვითარების ტემპს. თუ ეს არის თანდართული პრობლემების ფონზე მაშინ შესაძლოა უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს, ეს დამოკიდებულია მშობელზეც რამდენად ჩართული იქნება ის ამ პროცესში, რადგან 80% ამ საქმეში მშობელს ეკისრება.

 

რა როლი აქვს ამ პროცესში ბაღს და თანატოლებთან ურთიერთობას?

მაია მაჭავარიანი: ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს და ჩვენი რჩევაც არის საკომუნიკაციო გარემოს უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ მშობელი არ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში ასეთ დროს უმჯობესია ის იყოს ჯგუფში ბავშვებთან ერთად სადაც იქნება ცოცხალი კომუნიკაცია და არ იქნება ეკრანი. ნებისმიერი საქმიანობის დროს შესაძლებელია სტიმულირება გავუკეთოთ მეტყველებას. 

მაშინ როდესაც დედა შლის სუფრას, ან აცმევს და ხდის ბავშვს, ან აბანავებს ბავშვს შესაძლებელია ყველა მოქმედების აღწერა, ყველაფრისთვის სახელი დარქმევა და ყველფერი ეს შესაძლოა ვაქციოთ თამაშად. ბავშვს არ მოვთხოვოთ გამეორება, ეს უნდა იყოს სასურველი და რაც უფრო მეტად ბუნებრივი იქნება ეს პროცესი, მით უფრო კარგად განვითარდება მეტყველების სტიმულირება. მცირე ადაპტაცია საჭიროა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ენის მოჩლექით ვესაუბროთ მას. ეს უნდა იყოს ბუნებრივი ინტონაცია, პატარა ასაკისთვის მარტივად ხოლო შემდგომში ასაკის შესაბამისად. უნდა მოვერგოთ კონკრეტულად ბავშვის შესაძლებლობებს.

წყარო: https://4u.ge