Nuk
ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები მათთვის, ვისაც დიეტის დაცვა სურს

თარიღი: 06 მარტი, 2017

ცნობილი ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გვიზიარებს იმ რჩევებს, რომლებიც არა მხოლოდ დიეტის მოყვარულებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ლაშა საუბრობს იმ ექსპრესდიეტების შესახებაც, რომლებიც ინტერნეტსაიტებზე ხშირად გხვდებათ და რომელთა გამოც, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ… ასევე გავიგებთ მის მოსაზრებას „დუკანის დიეტის“ შესახებ.

 

ამბობენ, რომ ზამთარში დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული,  ეს ასეა?

ლაშა უჩავა:

თუკი დიეტას განვიხილავთ, როგორც ჯანსაღ, სწორ და დაბალანსებულ კვებას, მას სეზონურობა არ ახასიათებს. ყველა სეზონზეა აუცილებელი სწორი კვების პრინციპების დაცვა. ზამთარშიც შესაძლებელია, რეკომენდებული და აუცილებელიცაა კვების პრინციპების დაცვა, რადგან გარემოფაქტორების გამო იმუნიტეტი ქვეითდება. საჭიროა მისი გაძლიერება, რომ ორგანიზმი ებრძოლოს ვირუსებს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ზამთარში დიეტის, ანუ სწორი კვების დაცვა, არ არის რეკომენდებული.

არსებობს სხვადასხვა დიეტა, დაბალკალორიული, სხვადასხვა დაავადების დროს მორგებული და ა.შ. ამ დროს უნდა იყოს გათვალისწინებული სეზონი, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ დიეტებზე, რომლებიც ინტერნეტში ხშირად გვხვდება და ეს დიეტა კი არა, შიმშილობა უფროა, ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სეზონი, რადგან ზამთარში ქვეითდება იმუნიტეტი და დიდია ვირუსებით დაავადების რისკი, ასეთი დიეტები კი იმუნიტეტის დაქვეითებას უწყობს ხელს.

 

რას ფიქრობთ მოკლეხნიან დიეტებზე?

მონოდიეტებზე, როგორც მათ უწოდებენ? შესაძლოა, ასეთი დიეტის დაცვა ადამიანს სურდეს ეფექტის მისაღებად, ვთქვათ, რომელიმე ღონისძიებაზე დასწრების წინ. შესაძლებელია 3-5 დღის განმავლობაში ამგვარი სწრაფი დიეტის დაცვა, 2-3- კილოს დასაკლებად, მაგრამ ზამთრის პერიოდში ეს დიეტა ხუთ დღეზე მეტს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან მოქმედებს იმუნური სისტემის დაქვეითებაზე. სხვა სეზონზე ხუთ დღეზე მეტი შესაძლებელია ამ დიეტის დაცვა, 9  დღის განმავლობაში, მაგრამ უნდა იყოს შედგენილი და რეკომენდებული სპეციალისტის მიერ.

 

არსებობს დაავადებები, რომელთა დროს არ შეიძლება გარკვეული პროდუქტების მიღება, რასაც მონოდიეტების დროს გამოიყენებენ. მაგალითად, თირკმლის დაავადების დროს არ შეიძლება ისეთი მონოდიეტა, რომელიც ძირითადად, ცილოვან პროდუქტებს შეიცავს. თუკი არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, გლუკოზის დონის დარღვევა, ამ დროს არ შეიძლება ხილი, რადგან დააზიანებს ჩვენს ორგანიზმს. ასეთი ტიპის დიეტები მაინც სასურველია, შეგირჩიოთ სპეციალისტმა, რათა ორგანიზმს არ მივაყენოთ ზიანი. ზოგადად, მე მონოდიეტების დიდი მოყვარული არ გახლავართ.

 

თქვენთვის ეფექტური ყველაზე მეტად რომელი მონოდიეტაა?

თუკი გვაინტერესებს წონის კლება, უფრო მეტად ისეთი მონოდიეტაა ეფექტური, რომელიც ცილოვან პროდუქტებს შეიცავს. იმავდროულად, აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რათა გააქტიურდეს ცხიმის დაწვა, რომ უფრო მეტი კილოგრამი დაიკლოთ, ვიდრე ჩვეულებრივი დიეტების დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დაიცვათ მონოდიეტა 9 დღეზე მეტი.

 

გყოლიათ ისეთი პაციენტი, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობა დაუზიანებია ინტერნეტში ამოკითხული დიეტით?

დიახ, ძალიან ბევრი, უფრო თინეიჯერული ასაკის პაციენტები, მათ ხშირად ემართებათ ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები. ასეთი დიეტების ხშირი დაცვა აჩენს ამგვარი დაავადებების გაჩენის რისკს. მაშინ, როცა სულ წიწიბურაზე არიან, ან თაფლსა და ყავაზე, ამ დროს მჟავიანობის მატების გამო ჩნდება ძირითადად, რკინის დეფიციტი და იწყება ანემია. მოზარდებისთვის მონოდიეტები განსაკუთრებით საშიშია!.. შესაძლოა, ზრდა შეაფერხოს, სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს ფრჩხილსა და თმაზე, ასევე კანზე…

 

რა უნდა შედიოდეს დღის რაციონში, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

მოზარდისა და ზრდასრულის შემთხვევაში, დოზირებასა და ზომიერებას აქვს მნიშვნელობა, წონისა და სიმაღლის მიხედვით, თორემ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები და წყალი. ეს ყველა კომპონენტი უნდა გაითვალისწინოთ დღის რაციონში, უნდა შევიდეს ჩვენს ორგანიზმში, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ და მიმდინარეობდეს სწორი ნივთიერებათა ცვლა.

 

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოვიღოთ ცხიმები – ეს არ არის სწორი მოსაზრება, ვინაიდან ცხიმები მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ნივთიერებათა ცვლისას. დე ვიტამინი, რომელიც ძვლების ზრდაზე მოქმედებს, ცხიმში იხსნება და თუკი ორგანიზმში ცხიმი არ ხვდება გარკვეული რაოდენობით, ეს ვიტამინი, ფაქტობრივად არ მოქმედებს.

 

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ცხიმი ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმოვან ქსოვილში ფორმირდება ქალის სასქესო ჰორმონები, რაც აუცილებელია ქალის სასქესო ორგანოების ჩამოსაყალიბებლად. როცა ნახშირწყლებზე უარის ამბობენ, ვითარდება ე.წ. ტვინის შიმშილი… დავიცვათ ზომიერება, მაგრამ მივიღოთ ყველა საკვები კომპონენტი, ნორმალური მეტაბოლიზმისთვის.

 

ახლა ძალიან პოპულარულია „დუკანის დიეტა“, რომელიც ძირითადად, ცილებს შეიცავს. რა აზრის ხართ მასზე?

ამ დიეტის მიმართ არ მაქვს პროტესტი, რადგან ის ფაზებადაა დაყოფილი და მეორე ფაზაში ბოსტნეულიცაა დაშვებული, რითაც ნახშირწყლებს იღებთ, ამიტომ ორგანიზმისთვის კატასტროფა არ არის. მაგრამ ვინაიდან ამ დიეტაში არის დიდი რაოდენობით ცილოვანი პროდუქტი,  გარკვეული დაავადებების დროს მისი დაცვა არ შეიძლება. კარგია, რომ მათ საიტზე ეს ჩამონათვალი არის. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მოვუწოდებ, რომ ჩამონათვალს აუცილებლად გაეცნონ. „დუკანის დიეტის“ დაცვა გარკვეული პერიოდი შესაძლებელია, მაგრამ სპეციალისტის ყურადღების ქვეშ, რადგან შესაძლოა, პრეპარატების სახით გახდეს საჭირო გარკვეული მიკრო-მაკროელემენტებისა და ვიტამების დამატება.

 

ჩვენი საიტის მკითხველს ხომ არ ურჩევთ, მათ, ვისაც სხვადასხვა დაავადება არ აწუხებს, საგაზახულოდ რაიმე ეფექტურ დიეტას.

თქვენი საიტის მკითხველს შემიძლია ვურჩიო, რომ კვება დღის განმავლობაში უნდა იყოს ჯერადი, მცირე ულუფებით დღეში ოთხ-ხუთჯერ მაინც უნდა იკვებოთ. საუზმე უნდა იყოს სრულყოფილი, უნდა შედგებოდეს ცხიმებისგან, ცილებისა და ნახშირწყლებისგან, მაგალითად, შეიძლება იყოს ნებისმიერი ბურღულეული, გარდა ამისა, რძის პროდუქტი და ა.შ. სადილი უნდა შეიცავდეს  ხორცსა და ბოსტნეულს, შეგიძლიათ დაუმატოთ ბურღულეული, ვახშამი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი, რძის პროდუქტით ან ბოსტნეულით. რაც შეეხება ხილს, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რაციონში და უნდა გამოიტანოთ, როგორც ცალკე კვება, რათა ორგანიზმმა შეითვისოს დადებითი მისგან. ხილი არ უნდა მიირთვათ, როგორც დესერტი, სადილის შემდეგ. რეკომენდებულია, ყველაფერი მიიღოთ შაქრისა და მარილის გარეშე, ესაა საკვები დამატება ჩვენი გემოვნებისთვის და არ წარმოადგენს არანაირ აუცილებლობას, მიიღეთ წყალი, რადგან ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება და მისი მიღება გადამწყვეტია. ეს არის ჯანსაღი კვების პრინციპი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმაში ჩასადგომად.

წყარო: http://fortuna.ge