Nuk
კორონავირუსი ნამდვილად არ კლავს იმდენ ადამიანს, რამდენსაც თამბაქო

თარიღი: 29 ნოემბერი, 2020

როგორ შეიძლება გართულდეს კორონავირუსი გულის პრობლემების მქონე პაციენტებში, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე – ამ თემებზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა.

ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ცოტა ხნის წინ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ დღეს ყველა ტიპის ცხელება, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს ადამიანს, შესაძლოა იყოს კორონავირუსზე მანიშნებელი. არის თუ არა ყველა ცხელება კორონავირუსთან დაკავშირებული?
რასაკვირველია იმის თქმა, რომ ყველა ცხელება კორონავირუსითაა გამოწვეული, ცალსახად არ შეიძლება. ცხელების გამომწვევი სხვა უამრავი ფაქტორი არსებობს, მათ შორის სხვა ვირუსები. ზოგადად საქართველოში ადრე ამას სერიოზულ და საპატიო მიზეზად არ თვლიდნენ, სიცხის გამო ადამიანი სამსახურს თუ გააცდენდა, შესაძლოა პრობლემა შექმნოდა. სამწუხაროდ პანდემია დაგვჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ თუ ადამიანს სიცხე აქვს, ის შეიძლება იყოს გადამდები და უნდა დარჩეს სახლში, რამდენადაც შესაძლებელია იზოლირებულად.

რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ არ არის აუცილებელი ყველა ადამიანმა, ვისაც ცხელება აღენიშნება, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტაროს. რასაკვირველია მე არც ინფექციონისტი და არც ეპიდემიოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვსაუბრობ. თუ ადამიანს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მაგალითად მხოლოდ ტემპერატურა ან თავის ტკივილი, სულაც არ არის აუცილებელი რომ ტესტის გასაკეთებლად საათობით რიგში იდგეს. თუ გაქვთ ცხელება ან სხვა რაიმე სიმპტომი, უბრალოდ ჩათვალეთ, რომ გაქვთ კორონავირუსი და მოიქეცით შესაბამისად. როგორც მოგეხსენებათ, სპეციფიკური მკურნალობა კორონავირუსისთვის არ არსებობს და ტესტის პასუხი მკურნალობის ტაქტიკას ვერ შეცვლის. ბუნებრივია საუბარი მაქვს მსუბუქ შემთხვევებზე და ისეთ ადამიანებზე, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს არ ეკუთვნიან. მათ შეუძლიათ დარჩნენ სახლში და მოიქცნენ ისე, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტები. მათი ოჯახის წევრებიც ისე უნდა მოიქცნენ, როგორც დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტები. ეს თავიდან აგვაცილებს უსასრულო რიგებს ტესტირებაზე და არც ისედაც გადატვირთულ ჰოსპიტალურ სექტორს დავაწვებით ტვირთად.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანი სახლში რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ის?
რასაკვირველია ასეთ დროს სახელმწიფოს უნდა მივმართოთ, რომელსაც აქვს შესაბამისი შემოთავაზება კოვიდ-სასტუმროს სახით. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უნდა დაიტესტოს. თუმცა ვისაც აქვს საშუალება, რომ იყოს იზოლაციაში, უნდა დარჩეს სახლში. ასეთი ბევრი პაციენტი მყავს. მთელი ოჯახებია, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან. საბედნიეროდ, ეს მსუბუქი შემთხვევებია.

ალბათ ყველაზე მეტად საზოგადოებას ის აშინებს, რომ გაკეთებული ოპროგნოზები არ მართლდება ხოლმე. ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ცნობილია რისკ-ჯგუფები და შემთხვევები, როცა ძალიან ახალგაზრდები ან ბავშვებიც კი ეწირებიან ამ ვირუსს, პანიკას იწვევს მოსახლეობაში. სამწუხაროდ, ჩვენთანაც იყო შემთხვევები, როცა ახალგაზრდა პაციენტებში დაავადება ლეტალურად დასრულდა. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?
დიახ, სამწუხაროდ ჩვენც გვყავს გარდაცვლილი ახალგაზრდები, თუმცა საბედნიეროდ ასეთი ძალიან ცოტაა. ეს ვირუსი ძალიან ვერაგია იმითაც, რომ წინასწარ ვერ ვამბობთ, სად რა გართულების გამოწვევა შეუძლია. ამის დადგენაზე მთელი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, პანიკის თესვას ნამდვილად არ მივესალმები. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა სრულიად დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანეს, მთელი რიგი გართულებები დაუტოვა ვირუსმა. სინამდვილეში კორონავირუსი მსუბუქი ფორმით უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და რაიმე განსაკუთრებული გართულებები მათ არ აღენიშნებათ. ცხადია ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ერთი ან ორი წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ამ ინფორმაციის ასე ფრიალი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მე ექიმი ვარ და შესაბამისად, საკითხში ჩახედულიც, ჩემზეც კი მოქმედებს ეს ყველაფერი. უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის გაფილტვრა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა დაამარცხეს ეს ვირუსი და გამოჯანმრთელდნენ. თუმცა ვინაიდან არ ვიცით კონკრეტულ შემთხვევებში ვირუსს როგორი მიმდინარეობა ექნება, ყველა ჩვენთაგანი უნდა გაფრთხილდეს მაქსიმალურად. დავიცვათ ჰიგიენა, დიტანცია, სწორად ვატაროთ პირბადე… მინდა ყველას, ვინც ინფიცირებულია, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.


გიორგი, როგორც ვიცით, კორონავირუსი ძალიან ხშირად პნევმონიით რთულდება. თუ არსებობს პრევენციის რაიმე მექანიზმი, რომ უკვე კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მოვახდინოთ პნევმონიის პრევენცია?
კორონავირუსით ყველა ინფიცირებულს პნევმონია არ უვითარდება, თუმცა რაღაცა ნაწილში დაავადება ასე რთულდება. ის პაციენტები, რომლებიც სახლში მკურნალობენ, უნდა დააკვირდნენ საერთო მდგომარეობას. რასაკვირველია ყველა მათგანი კონტაქტზე უნდა იყოს ექიმთან, მიუხედავად იმისა, რომ თუ ადამიანს მარტო მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ არის. სახლში მკურნალობის და წესების დაცვის ფონზე ადამიანმა თვალი უნდა ადევნოს საკუთარ მდგომარეობას და თუ შენიშნავს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, გამოიკვეთა სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, საერთო სისუსტე და ა.შ, ამ შემთხვევაში პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს და შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა მოხდეს თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია. სახლში მკურნალობისას აუცილებელია სწორი კვება, კარგი ძილი, ოთახების ხშირად განიავება და ოთახში მოძრაობა. მთელი დღე წოლა მსუბუქ პაციენტს არც სჭირდება და არც მის ფილტვებს უხდება. მესმის, ადამიანებს ეშინიათ და ყველას უნდა მიაკითხოს საავადმყოფოს, მაგრამ პაციენტს, რომელსაც მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აქვს, საავადმყოფოში ისეთს ვერაფერს გაუკეთებენ, რასაც ის სახლში ვერ გააკეთებს, ჰოსპიტალური სექტორი კი გადაიტვირთება. ამიტომ ვიყოთ სახლში, ოღონდ აუცილებლად ვიყოთ კონტაქტზე ექიმთან. ბინაზე მეც უამრავ პაციენტს ვმართავ სატელეფონო ზარებით თუ სხვა ფორმით. ეს ცოტათი მაინც ეხმარება ჩემს იმ კოლეგებს, ვინც უშუალოდ მძიმე პაცინეტებთან, კლინიკებში მუშაობს.

არ შემიძლია არ გკითხოთ ზოგიერთი ვიტამინის და მედიკამენტის დეფიციტის შესახებ. დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ სააფთიაქო ქსელებიდან D ვიტამინი გაქრა. იგივე შეიძლება ითქვას თრომბოემბოლიის პრევენციისათვის განკუთვნილ ანტიკოაგულანტებზეც. საზოგადოებაში იმდენად დიდია შიში, რომ ზოგი მედიკამენტი და ვიტამინი აღარ იშოვება. რა შეიძლება მივიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე, იქნება ეს ციტრუსები, ლიმონიანი ჩაი, ვიტამინები თუ სხვა?
სამწუხაროდ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ D ვიტამინი რაიმე ფორმით შველის კორონავირუსს, ან ხელს უშლის ინფიცირებას, მტკიცებით მედიცინაში არ არსებობს. არის სულ რამდენიმე მედიკამენტი, რაზეც არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისას ეფექტურია, თუმცა მათ შორის D ვიტამინი არ არის. არსებობს მხოლოდ ვარაუდები, მაგრამ არა მტკიცებულებები. სხვათა შორის, ყველაზე მეტი დრო სატელეფონო კონსულტაციებისას იმაზე მეხარჯება, რომ პაციენტებს ვეუბნები: არ დალიოთ ანტიბიოტიკი, არ დალიოთ „ასპირინი“. სამწუხაროდ უმეტესად თვითნებურად და ზოგჯერ ექიმის დანიშნულსაც კი იღებენ, ოღონდ ჩემი აზრით, არასწორად დანიშნულს. თუ პაციენტი „ასპირინს“ აქამდე არ იღებდა, მას ის არც ახლა სჭირდება. ანტიბიოტიკები ვირუსს არ შველის, ისინი მხოლოდ ბაქტერიული პნევმონიისას გამოიყენება, ასე რომ ყოველგვარი ანალიზის და გამოკვლევის გარეშე ანტიბიოტიკების თვითნებურად დალევა არ შეიძლება. ყველა ამ პრეპარატს ბევრი გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლია იმ ადამიანებში, ვისაც ეს არ სჭირდება. ზოგადად არცერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. დავუჯეროთ ექიმს, რომელსაც ვენდობით და რომელთანაც გვაქვს კომუნიკაცია.

გიორგი, მინდა გკითხოთ მწეველების შესახებ. უკვე კარგა ხანია ამბობენ, რომ მწეველები რისკ-ჯგუფი არიან, რადგან მათი ფილტვები არ არის ბოლომდე ჯანმრთელი. თქვენ იყავით ერთ-ერთი აქტიურად ჩართული ექიმი თამბაქოსთვის თავის დანებების კამპანიაში და საინტერესოა თქვენი აზრი ამაზე, ურჩევთ თუ არა მწეველებს თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებებას ახლა?
გიორგი კაპანაძე:  მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ მწეველებში და განსაკუთრებით ძლიერ მწეველებში, თამბაქოზე უარის თქმა ორგანიზმში გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, ამიტომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მაინცდამაინც ახლა მოწევის შეწყვეტას მათ არ ვურჩევდი. ზოგადად, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მოწევას თავი დაანებოს, ძალიან კარგია. თუმცა თუ ადამიანს კორონავირუსი დაემართა და მაშინ დაანება თავი მოწევას, არ არის მაინცდამაინც კარგი. მაგალითად, მოწევისთვის თავის დანებებას შეუძლია  ხველის პროვოცირება გამოიწვიოს და სხვა თუ არაფერი, ადამიანი პანიკაში ჩააგდოს, ექიმმა კი ვერ გაიგოს ეს ხველა კორონავირუსითაა გამოწვეული თუ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით. ზოგადად, თუ ადამიანი მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტს, კარგი იქნება გაიაროს კონსულტაცია ექიმთან. საერთოდ, რაც მეტი ადამიანი დაანებებს თავს თამბაქოს, მით უკეთესი, რადგან კორონავირუსი ნამდვილად არ კლავს იმდენ ადამიანს, რამდენსაც თამბაქო და არა მხოლოდ თამბაქო, არამედ სხვა მავნე ჩვევები…

მოდით, უშუალოდ გულის პრობლემებზე გადავიდეთ. გულის რა ტიპის პათოლოგიებია საყურადღებო კოვიდთან მიმართებაში?
საყურადღებოა ყველა პრობლემა, რაც შეიძლება გულის დაავადებებს ეკუთვნოდეს, რადგან თვითონ გულის პრობლემა უკვე საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა ჰიპერტენზია, რადგან კორონავირუსის ან სხვა ვირუსის დამატების გარეშეც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს და ვირუსული ინფექციის ფონზე ყველა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს გულის რაიმე ტიპის პრობლემა აქვს, მას ვირუსი აუცილებლად გაურთულდება. უამრავმა ადამიანმა, რომელსაც გულის საკმაოდ სერიოზული დაავადება აქვს, კორონავირუსი დაამარცხა. მაგრამ რათქმაუნდა ყველა პაციენტი, ვისაც აქვს გულის იშემიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია – ყურადღებას საჭიროებს.  ყველა ეს დაავადება უკვე სტრეს-ფაქტორია ორგანიზმისთვის. ყველა პაციენტს, ვისაც გულის დაავადება აქვს, მინდა მოვუწოდო, რომ თავიანთი ექიმის დანიშნულებას მიჰყვნენ, არ შეცვალონ თვითნებურად არაფერი და მკურნალობა გააგრძელონ. იმათ კი, ვინც იცოდა, რომ გულის დაავადება აქვს და არ მკურნალობდა, დაიწყონ მკურნალობა.

ვირუსს ახასიათებს გართულებები ფილტვების მხრივ, თუმცა ეს გართულებები უკავშირდება ფილტვის სისხლძარღვებს. ენდოთელიუმი, არის უჯრედების ერთობლიობა, რომლიტაც ამოფენილია სისხლძარღვები და ფილტვებიც, ისინი არის ნაწლავებიც და კორონავირუსის სამიზნე სწორედ ეს უჯრედებია. ვირუსის სამიზნეა ყველა ის ორგანო, სადაც ენდოთელიური უჯრედებია.

და მაინც, ხომ განსხვავდება გულის პრობლემებიც, ზოგი მატგანი მსუბუქია, ზოგი ძალიან მძიმე. რამე კონკრეტული რეკომენდაცია თუ გაქვთ ამ მხრივ?
ჩემი რეკომენდაციაა გავაგრძელოთ გულის მკურნალობა ისე, როგორც აქამდე ვმკურნალობდით. რამე კონკრეტული რეკომენდაცია, რომ რაკი კორონავირუსია ან მისი საფრთხე, რამე განსაკუთრებული უნდა გაკეთდეს, არ არსებობს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ძველებურად, თუმცა ინფიცირების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს კორონავირუსის მიმდინარეობას. არ ვიცი რა მონაცემებს დადებს სხვადასხვა კვლევები, თუმცა ვიცით, რომ გულის დაავადებების მქონე ადამიანებიც რისკ-ჯგუფში არიან. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ნებისმიერ დაავადებას, ანუ სტრეს-ფაქტორს კიდევ თუ რამე დაემატა, ასეთი პაციენტი ყოველთვის უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნება, ვიდრე ჯანმრთელი ორგანიზმი.

ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რასაც პაციენტები უჩივიან, არის გემოს და ყნოსვის დაკარგვა. არიან თუ არა პაციენტები, რომლებსაც ეს სიმპტომი არ გამოუვლინდათ?
დიახ, არიან პაციენტები, ვისაც გემო და ყნოსვა არ დაუკარგავთ, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც ერთადერთი ეს სიმპტომი გამოეხატათ. რასაკვირველია ეს სიმპტომი სხვა ვირუსებსაც ახასიათებს, თუმცა ვინაიდან დღეს კორონავირუსია ასე გავრცელებული, ეჭვი პირველ რიგში მასზე მიგვაქვს. მეორესმხრივ, თუ სხვა სიმპტომები სახეზეა, მაგრამ გემო და ყნოსვა არ დაგიკარგავთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი არ გაქვთ. სიმპტომები ინდივიდუალურია.

მედიკამენტებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ბრძანეთ, რომ ყველაზე დიდი დრო გეხარჯებათ პაციენტის დარწმუნებაში, არ მიიღოს წამალი თვითნებურად. ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ თუ ტემპერატურა 38.5-ს ასცდა, შეგვიძლია მივიღოთ „პარაცეტამოლი“. მაგრამ რა ხდება კოვიდით გამოწვეული ხველის შემთხვევაში, მასთან ბრძოლა არ არის აუცილებელი? თავისით უნდა გავიდეს თუ უბნდა დავეხმაროთ ჰორმონებით, ბლოკატორებით ან რაიმე ისეთი საშუალებით, რასაც როგორც წესი ვიყენებთ ხოლმე ვირუსული ინფექციების დროს?
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქართველ პულმუნოლოგს, ნინო ზანგურაშვილს, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს და მეც და  ჩემს ბევრ კოლეგასაც ძალიან გვეხმარება კომპეტენტური რჩევებით. ის აქტიურადაა ჩართული ჩვენი პაციენტების მართვაში და ბევრ შემთხვევაში დამეხმარა მეც და ჩემს პაციენტებსაც.

 

ზოგადად ხველა არსებობს ნახველით და ნახველის გარეშე. ჩარევა კი აუცილებელია მაშინ, თუ ხველა არის ისეთი შემაწუხებელი, რომ პაციენტს უჭირს ძილი, უჭირს სუნთქვა… ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია უნდა ჩავერიოთ. თუ სახეზეა მშრალი ხველა, ამოსახველებელ საშუალებებს არ ვიყენებთ, არამედ უფრო ცენტრალური მოქმედების ხველის საწინაარმდეგო პრეპარატებით, რომლებსაც მე არ დავასახელებ.

ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ნამდვილად დადო შედეგი კორონავირუსთან ბრძოლაში, არის „დექსამეტაზონი“. შეიძლება თუ არა მისი თუნდაც სახლის პირობებში მიღება?
არავითარ შემთხვევაში. „დექსამეტაზონი“ საკმაოდ მძიმე პრეპარატია, სჭირდება სპეციალური დოზირება, აქვს უკუჩვენებები. გარდა ამისა, მისი მიღება ხდება სპეციალურ იმუნურ ფაზაში, რომლის განსაზღვრაც დამოუკიდებლად ადამიანს არ შეუძლია, ეს იმუნური ფაზა ექიმმა უნდა განსაზღვროს. გნსაკუთრებული სიფთრთხილის დაცვაა საჭირო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.პაციენტებში, რომლებიც „დექსამეტაზონს“ არ საჭიროებენ, ის იმუნოსუპრესორია, ანუ იმუნიტეტს აქვეითებს.  ის მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, ძალიან მძიმე პაციენტებში, ინდივიდუალურად გამოიყენება. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად „დექსამეტაზონი“ ან რომელიმე სხვა პრეპარატი.

იგივე „პარაცეტამოლი“ და „იბუპროფენიც“ შეგვიძლია მივიღოთ ძალიან მაღალი ტემპერატურის და თავის ძლიერი ტკივილისას, თუმცა აუცილებლად უნდა გვქონდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან კომუნიკაცია, რადგან ამ პრეპარატებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.

რაში ხედავთ დღევანდელი ვითარებიდან გამოსავალს და თქვენი აზრით, დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, როგორი ნოემბერ-დეკემბერი გვექნება? საით მივდივართ?
გიორგი კაპანაძე: ჩემი აზრით, თუ ყველა ჩვენთაგანი არ გააცნობიერებს, რამხელა საფრთხეა ეს ვირუსი, მარტო აკრძალვები არაფერს გვიშველის. მგონი უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ვირუსი არსებობს და საშიშია. ისიც მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ჩემი აზრით თავი უნდა შევიკავოთ ქორწილების, ნათლობების, პანაშვიდების და ქელეხების გადახდის და მათზე სტუმრობისაგან. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ვიტყვი ძალიან ცუდ ფრაზას – „შეიძლება შენ გადაიტანო ვირუსი, მაგრამ ვინმეს გადასდო და მოკლა“. საბედნიეროდ არ ვიცით, ვის ვისგან ედება ვირუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნებოდათ, მაგრამ ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ვირუსი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც გვისმენს მოვუწოდო: აუცილებლად ხშირად გაანიავეთ ოთახები. თბილად ჩაიცვით და გაანიავეთ. გამორთეთ კონდიციონერები, რომლებიც ოთახში ერთი და იმავე ჰაერის მასების ცირკულაციას ახდენს და შესაძლოა ვირუსი რეკომენდებულ დისტანციაზე, ორ მეტრზე შორსაც გაავრცელოს. გამოვიყენოთ პირბადე, ხშირად დავიბანოთ ხელები და დავიცვათ დისტანცია.

წყარო: 
https://fortuna.ge/