Nuk
კატის ყოლამ შესაძლოა გაზარდოს აუტიზმის მქონე ბავშვის სოციალური უნარები

თარიღი: 17 იანვარი, 2021

კატის ყოლამ შესაძლოა გაზარდოს აუტიზმის მქონე ბავშვის სოციალური უნარები
შინაური ცხოველების ყოლის დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე ხშირად გამხდარა საზოგადოების ყურადღების საგანი. მისურის უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველების ინტერაქციის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიბეჭდა ჟურნალში: „The Journal of Pediatric Nursing”, ვარაუდობს, რომ სახლში კატის ყოლამ, შესაძლოა აუტიზმის მქონე ბავშვებში დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს.

შინაური კატის ყოლის შემდეგ, განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები გამოხატავენ მეტ ემპათიას და აქვთ ქცევის ნაკლები პრობლემები. ასევე, მათ ნაკლებად აქვთ გამოხატული განშორების (სეპარაციის) შფოთვა, ემოციათა კონტროლის პრობლემები, უყურადღებობა და ჰიპერაქტიურობა.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ოჯახმა, რომლებსაც ჰყავთ 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები აუტიზმის დიაგნოზით. ოჯახებმა თავშესაფრიდან აიყვანეს კატები, რომლებიც წინასწარ შეაფასეს სპეციალური ინსტრუმენტით (feline temperament profile), რათა მათ მშვიდ და უწყინარ ხასიათში დარწმუნებულიყვნენ. მკვლევართა ჯგუფი ოჯახებს აკვირდებოდა 18 კვირის განმავლობაში. ისინი ყოველ 6 კვირაში აფასებდნენ ბავშვის სოციალურ უნარებს, შფოთვის დონეს და ასევე, რამდენად კარგად შეეწყვნენ ბავშვები და მათი მშობლები შინაურ ცხოველს.

შეფასებამ აჩვენა, რომ ბავშვის სოციალური უნარები გაუმჯობესდა და ბავშვებსა და მათ მშობლებს ჩამოუყალიბდათ მნიშვნელოვანი ემოციური კავშირი თავიანთ კატასთან.

„ადრინდელი კვლევები ფოკუსირებული იყო აუტიზმის მქონე ბავშებისა და ძაღლების ინტერაქციაზე, მაგრამ ძაღლის ყოლა, შესაძლოა, არ იყოს მორგებული ყველა ბავშვსა და ოჯახზე, განსაკუთრებით ისეთი ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ხმაურის მიმართ მგრძნობიარეები არიან, რაც საკმაოდ ხშირია აუტიზმის მქონე ბავშვებში,“- აღნიშნავს წამყვანი მკვლევარი და იმედს გამოთქვამს, რომ მისი კვლევის შედეგები წაახალისებს ოჯახებს, იყოლიონ შინაური კატა.

ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ამ კვლევის შედეგები დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, იყოლიოთ თუ არა კატა სახლში.

მასალა თქვენთვის მოამზადა თათო ტურავამ, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურმა თერაპევტმა, განათლების ფსიქოლოგიის და კვლევის მაგისტრმა.
წყარო: https://bit.ly/2M3AP1q