Nuk
ჰიპოვიტამინოზის გამომწვევი მიზეზები და მისი პრევენცია

თარიღი: 02 ივნისი, 2020

სწორი, დაბალანსებული კვება ბავშვის ზრდა განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და  ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, კალორიების დოზირებულად მიღებას გულისხმობს; ასევე, ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაციონში შეტანას.
კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, დაბალანსებული კვებისა და ვიტამინების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ვიტამინები უდიდეს როლს ასრულებენ ორგანიზმის ფუნქციობაში და მათი მთავარი მისია უჯრედის დონეზე ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების რეგულირებაა. ნიკოტინის მჟავის, ვიტამინი K და  ვიტამინი PP-ს გარდა სხვა ვიტამინები ორგანიზმში არ წარმოიქმნება. ისინი უნდა მივიღოთ საკვებიდან, განსაკუთრებით კი მოზარდებმა. იმ შემთხვევაში, თუ ვიტამინის მიღება ხდება არადოზირებულად, არ არის სწორად შერჩეული ექიმის მიერ ან დაბალი ხარისხისაა, შესაძლოა საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მინერალების შემცველი საშუალებების შერჩევის დროს მაქსიმალურად დიდი ყურადღება გავამახვილოთ შემადგენელ კომპონენტებზე, მათ დოზებზე, მწარმოებელ კომპანიაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე.

ვიტამინები ორ კატეგორიად იყოფა: ესენია წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები. წყალში ხსნადი ვიტამინებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია C ვიტამინი – სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერება. იგი აუცილებელია ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისთვის, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაჟანგვას, სხვადასხვა ჰორმონების წარმოქმნას, მონაწილეობს იმუნომოდულაციის პროცესებში. C ვიტამინი დიდი რაოდენობით არის სეზონურ ხილსა და ბოსტნეულში (ყველაზე უხვად შეიცავს წიწაკა, ბროკოლი, ისპანახი, მწვანე ხახვი, ციტრუსები, კენკრა და განსაკუთრებით ასკილი). მისი ნაკლებობა შეიძლება გამოიკვეთოს მადის დაქვეითებით და ხშირი რესპირატორული ინფექციებით. ხშირად, ბავშვებს C ვიტამინს არადოზირებულად, ვირუსის პრევენციის მიზნით აძლევენ. დოზის განსაზღვრა აუცილებელია, რადგან გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, ინსურალური აპარატის ფუნქციის მოშლა, შრდ-კენჭოვანი დაავადების განვითარება. C ვიტამინს ხშირ შემთხვევაში, ანტაგონისტური მოქმედება აქვს B ჯგუფის ვიტამინებთან (B 12, B 6, B2) ან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლის შედედების ფუნქციაზე. დღე-ღამის განმავლობაში მისაღები რეკომენდებული დოზა არის კილოგრამზე 2.5 მილიგრამიდან მაქსიმუმ 7.5 მილიგრამამდე.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პროდუქტებში C ვიტამინის შემცველობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული პირობებია საჭირო, უნდა ვიცოდეთ როგორ შევინახოთ. მაგალითად, ლიმონი მზეზე არ უნდა დავტოვოთ, რადგან მზის სხივის პირდაპირი მოქმედებით C ვიტამინი იშლება; ხილ-ბოსტნეულის მაცივარში შენახვისას C ვიტამინის 30% იკარგება, თუ მაგიდაზე სამი დღის განმავლობაში დავტოვებთ, 50 % დაიკარგება.

არსებობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინების მეორე ჯგუფიც – B ჯგუფის ვიტამინები. B12, B6, B1 წყალში ხსნადი ვიტამინებია. Bვიტამინი არის ანტინევროტიული, გამოიყენება ვეგეტაციური პროცესებისთვის და სხვადასხვა ნეიროპათების პროფილაქტიკისთვის. დიდი რაოდენობით არის ბრინჯში, მარწყვში, მარცვლეულში, ფორთოხალში… B12 აუცილებელია ძვლის ტვინის ნორმალური ფუნქციობისათვის, დიდ როლს თამაშობს ფოლიუმის მჟავის მოხმარებაში. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, სტომატიტი, ლორწოვანის ანთება, თმის ცვენა, ალოპეცია. დიდი რაოდენობით არის ხორცში და თევზის ზოგიერთ სახეობაში.

ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ვიტამინია ბიოტინი, რომელიც კანისთვის და ნერვული სისტემის ფუნქციობისათვისაა მნიშვნელოვანი. უხვადაა ყვავილოვან კომბოსტოში, ნიგოზში, ღვიძლში, კარაქში, კვერცხში, თევზში (თევზეულიდან ყველაზე უფრო მდიდარია სკუმბრია). ძალიან მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავაც, რომელსაც ორგანიზმის დეტოქსიკანტსაც უწოდებენ. მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესებში, აუმჯობესებს ღვიძლის ფუქნციას, ამცირებს ქოლესტერინს.

ცხიმში ხსნადი ვიტამინებია A, E და D ვიტამინი. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დეტოქსიკაციის პროცესებში. მაგალითად, A ვიტამინი, ცნობილია როგორც ზრდის ვიტამინი, უზრუნველყოფს ზრდის პროცესებს და საჭიროა ქსოვილოვანი ბარიერული ფუქნციის ნორმალური მუშაობისთვის. A ვიტამინით მდიდარია სტაფილო, მჟაუნა, ისპანახი, მოცხარი, მარწყვი, თევზი, კვერცხი, კარაქი, ღვიძლი. სამწუხაროდ, ამ პროდუქტების უმეტესობას ბავშვები ხშირად არც იღებენ.

ბავშვისთვის და მოზარდისთვის, A ვიტამინთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი, რომლის მიღებასაც ადრეული ასაკიდან ვიწყებთ. ის ცნობილია როგორც ანტირაქიტული ვიტამინი. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციობაში (უჯრედის მეტაბოლიზმის მოწესრიგების დონეზე) და ამიტომ მას D ჰორმონსაც ეძახიან. ის ხელს უწყობს და არეგულირებს 200 გენის ფუქნციობას, არის ძვალ-კუნთოვანი სისტემის მკვებავი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. დიდი როლი აქვს ნერვული სისტემის მოწესრიგებაში. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია (არის მოსაზრება, რომ D ვიტამინის ნაკლებობა დიდ როლს თამაშობს გაფანტული სკლეროზის განვითარებაში). მისი გამომუშავება ხდება მზის სხივების კანზე ზემოქმედებით.

ვინაიდან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება განიხილება, როგორც კანის დაზიანების და სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რისკფაქტორი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი მზეზე გავიყვანოთ დილის საათებში (მაქსიმუმ ნახევარი საათით) და საღამოს საათებში(17-დან 19 საათამდე).  D ვიტამინის ნაკლებობის პირველი გამოვლინება არის ბავშვის მომატებული ოფლიანობა, თმის ცვენა, ძვლების დარბილება, კეფის ძვლის სირბილე, ძვლების დეფორმაცია, ნეკნების ამოწევა, ასევე გულ-მკერდის არეს ჩავარდნა. D ვიტამინის მიცემა აუცილებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და მოზრდილებში. D ვიტამინი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მოზარდებისთვის, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული ან გააჩნიათ სტრესმაინდუცირებელი ფაქტორების ზემოქმედება. ბავშვს D ვიტამინის დეფიციტის არანაირი გამოვლინება თუ არ აქვს, უნდა მიიღოს პროფილაქტიკური დოზა. თუ ბავშვი ან მოზარდი მუდმივად სახლშია, განიცდის უმადობას და საკვებიდან ვერ იღებს ვიტამინებს და არ ჭამს ზღვის პროდუქტებს, აუცილებლად უნდა მიიღოს  სუფთა სახის D ვიტამინი „ვიტაფეროლი“ – ის ყველაზე ეფექტიანი და ხარისხიანია. რაც მთავარია, სასურველ შედეგს იძლევა. პროფილაქტიკური დოზაა დღეში 2 წვეთი.

იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა დღეს ძალიან აქტუალური თემაა. იმუნიტეტის მოდულაცია უნდა მოხდეს ჯანსაღი კვებით, ჯანსაღი პროდუქტებით – ბოსტნეულის, ხილის, ხორცის, თევზეულის მიღებით. იმუნიტეტის ჩამოყალიბება ხდება მხოლოდ ვირუსების ხშირი შეხვედრით და ვაქცინაციით.

ვიტამინების ნაკლებობა, ანუ ჰიპოვიტამინოზი შეიძლება განვითარდეს ორი მიზეზით, ესენია: არასწორი, მონოტიპის კვება – როდესაც ბავშვი მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს ჭამს და სხვა პროდუქტებზე უარს ამბობს და ორგანიზმში განვითარებული პათოლოგიური პროცესი – როდესაც ნაწლავიდან არ ხდება ვიტამინების შეწოვა. ამას მალაბსორბცია ეწოდება  და ჰიპოვიტამინოზის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

თუ ბავშვი სწრაფად იზრდება, სპორტით არის დაკავებული, აღგზნებულია ან დასტრესილია (ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ეკრანდამოკიდებულება), საჭირო ხდება ვიტამინების გაძლიერებული მიღება. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების დარღვევა და შემდგომ, ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვება, რასაც პათოლოგიური პროცესების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. გახსოვდეთ, რომ ყველა ამ პრობლემას სწორი, დაბალანსებული კვება აგვარებს.”

წყარო: http://beautymagazine.ge/