Nuk
გრიპის ეპიდსიტუაცია

თარიღი: 19 იანვარი, 2016

გრიპის ეპიდსიტუაცია

2016 წლის მე-2 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248-ს 100 000-ზე. ხოლო 14.01-ს დაფიქსირდა გრიპის A/H1p  ქვეტიპით გამოწვეული 1 ლეტალური შემთხვევა.

მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 3 კვირის მანძილზე (2015 წლის 53-ე და 2016 წლის პირველი და მეორე კვირა)   აღინიშნება გრიპისმავარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილი მატების ტენდეცია. 

2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის (A/H1p) 45 ვირუსი (პირველი გამოყოფა - 2015 წლის 49-ე კვირაში).

გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.

სეზონისთვის მზადყოფნის მიზნით ქვეყანაში აცრილია 20 000-მდე ადამინი, მ.შ. 12 000 მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი - სახელმწიფოს მიერ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციით, ევროპის რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ეპიდსიტუაციაა:

აზერბაიჯანსა და სლოვენიაში დაფიქსირებულია A/H3; სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში პრედომინირებს A/H1p;

გავრცელების თვალსაზრისით:

გრიპის საშუალო ინტენსიობის გავრცელებას აღნიშნავს ჩვენს გარდა - ფინეთი, ჰოლანდია,  ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისრაელი, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა.

გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან პრედომინანტურად გავრცელებული იქნება A/H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. A/H1p საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009-10 და 2010-11 წლების სეზონისთვის.

დაავადების გავრცელების პრევენციის პირდაპირი საშუალებაა გრიპის სეზონური  ვაქცინაციაა.

გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია: 

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! 

დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს; 

მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა - სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები, ბევრი სითხე და ა.შ. 

იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.