Nuk
ფარისებრი ჯირკვალი

თარიღი: 12 დეკემბერი, 2017

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ონკოლოგიაში. საქართველოს კიბოს რეგისტრის 2015 წლის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილზეა ქალებში ძუძუს კიბოს შემდგომ და მეხუთე ადგილზე საერთო პოპულაციაში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი გაზრდილია 300%-ით. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების რაოდენობის განუხრელი ზრდა. ამასთან ერთად, შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია.

ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული ფორმების სიმსივნეების კლინიკური მიმდინარეობა, განსხვავებით სხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან, ნაკლებად აგრესიულია და მკურნალობის შედეგებიც შესაბამისად გაცილებით უფრო მაღალია. ძირითადი სიმპტომი არის კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა ფარისებურ ჯირკვალში, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, კისრის რეგიონულ ზონებში მეტასტაზური კვანძების გაჩენით.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები ძირითადად ოთხი ფორმით გვხვდება. ესენია: პაპილური, ფოლიკულური, მედულური და არადიფერენცირებული. ყველაზე ხშირია პაპილური სიმსივნეები და მათი მკურნალობის ეფექტურობაც გაცილებით მაღალია სხვა ფორმებთან შედარებით. ყველაზე ცუდი პროგნოზი აქვს არადიფერენცირებულ სიმსივნეებს. 

მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქირურგიული. პაპილური და ფოლეკულური სიმსივნეების შემთხვევაში, დაავადების კლინიკური გამოვლინებების მიხედვით, შემდგომ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს რადიაქტიული იოდით მკურნალობის ჩატარება. 

რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, როგორც წესი, საკმაოდ იოლად მიმდინარეობს და პაციენტი უმოკლეს პერიოდში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება ჩანაცვლებითი თერაპია ეუთიროქსით. ამასთან ერთად, პაციენტებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაჭიროებათ მონიტორინგი, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს დაავადების შესაძლო რეციდივის აღმოჩენა. 

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის დროს, გამოიყენება ნეირომონიტორინგის აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება შებრუნებული ნერვების ვიზუალიზაცია, რაც მინიმუმდე ამცირებს ისეთი პოსტოპერაციული გართულებების რისკს, როგორებიცაა ხმის ტემბრის შეცვლა და სუნთქვის გაძნელება. 

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების შემდგომ მაქსიმალური კონსპექტიკური ეფექტის მისაღწევად „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" კეთდება მინიმალური ზომის განაკვეთები, ხოლო ჭრილობა იხურება ატრავმული (კანქვეშა ნაკერით და სპეციალური წებოს გამოყენებით).

ჩვენი ქირურგების გუნდი, რომელსაც ბ-ნი კონსტანტინე მარდალეიშვილი 1984 წლიდან ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ენდოკრინული ქირურგებისგან. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების გამო ჩვენს კლინიკაში ტარდება საქართველოში წარმოებული ოპერაციების 75-80%. 

გარდა ამისა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ყოველწლიურად ტარდება 100-120 რეოპერაცია საქართველოს სხვა კლინიკებში ფარისებრ ჯირკვალზე შესრულებული არარადიკალური ოპერაციების გამო. ეს განპირობებულია იმით, რომ არაპროფილურ დაწესებულებებში ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციის მასშტაბის შერჩევა.