Nuk
ერთი ნაბიჯი ინსულტამდე

თარიღი: 25 იანვარი, 2023

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები დამეთანხმებიან: დღე არ გავა, ჩვენს თვალსაწიერზე ერთი სამედიცინო ტესტი მაინც არ გამოჩნდეს. მათი უმრავლესობა ნევროლოგიური სტატუსის შესაფასებლადაა განკუთვნილი. არსი ასეთია: ადამიანს, რომელსაც ინსულტის რისკი ემუქრება, სხვადასხვა დავალების შესრულებას ვთხოვთ, რაც ფანტავს ან აძლიერებს ეჭვს ინსულტის თაობაზე. დავალებები მრავალფეროვანია: განსაზღვრული ფრაზის გამეორება, თვალების დახუჭვა, ენის გამოყოფა, კიდურების ამოძრავება. მართალია, ასეთი ტესტებით ნევროლოგიური სტატუსის სრულყოფილი შეფასება შეუძლებელია, მაგრამ, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის აზრით, ისინი აზრს მოკლებული არ არის – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემები ბოლო ხანს მეტისმეტად გახშირდა, ამიტომ პოპულარული ენით მოსახლეობის ინფორმირება დროული და აუცილებელიაო.

ამრიგად, დღეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ერთ-ერთ სახეობაზე, ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე ვსაუბრობთ, რუბრიკის სტუმარი კი ექიმი ნევროლოგი მარინა ყავლაშვილია:

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ) მწვავე მდგომარეობაა. მისთვის დამახასიათებელია ნერვული სისტემის როგორც ზოგადტვინოვანი, ასევე კეროვანი დაზიანებები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გაივლის. ამიტომაც უწოდებენ შეტევას ტრანზიტორულს ანუ გარდამავალს. თუ სიმპტომებმა 24 საათის განმავლობაში არ გაიარა, მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც ინსულტი.

რამდენად ხშირია ტრანზიტორული იშემიური შეტევა და რა იწვევს მას?
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის – ტრანზიტორული იშემიური შეტევა, იშემიური ინსულტი, ჰემორაგიული ინსულტი, საკმაოდ ხშირია. სამწუხაროდ, საქართველოში მისი ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იგი ჩვენს ქვეყანაშიც დაახლოებით იმავე სიხშირით გვხვდება, როგორითაც დანარჩენ მსოფლიოში. წლების წინ ინსულტი ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს ის შესამჩნევად გაახალგაზრდავდა, რაც ცხოვრების დაძაბული რეჟიმის, სტრესის, ჰიპოდინამიის, არაჯანსაღი კვებისა და მავნე ჩვევების ბრალია. 
მიზეზებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, თრომბოემბოლიური პროცესები უნდა ვახსენოთ. სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს ორგანიზმში მცირე ზომის თრომბოემბოლები წარმოიქმნება, რომლებიც თავის ტვინის მკვებავ რომელიმე სისხლძარღვში ხვდება და ახშობს მას. კლინიკური გამოხატულება მრავალფეროვანია და იმაზეა დამოკიდებული, რომელ სისხლძარღვში შეფერხდა სისხლის ნაკადი, თავის ტვინის რომელი უბანი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს.
თრომბოემბოლების წარმოქმნის რისკი იმატებს შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დროს: გულის დაავადებები, უმთავრესად – სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გამწვავებული რევმოკარდიტი, კარდიოქირურგიული ჩარევები (ამ დროს არც დიდი ინსულტის განვითარებაა გამორიცხული, თუმცა, საბედნიეროდ, ვითარება უმეტესად ტიშ-ით შემოიფარგლება), საკუთრივ სისხლძარღვის კედლის პრობლემები, საძილე არტერიების, ბაზილარული არტერიების პათოლოგიები, ვასკულიტები. მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლის რეოლოგიური თვისებების შეცვლა და კოაგულოლოგიური ცვლილებები – ე.წ. კოაგულოპათიები.

ინსულტის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ჰიპერტონიული დაავადება. ამ დროს თავის ტვინის ჟანგბადოვან შიმშილს არა თრომბოემბოლი, არამედ სისხლძარღვების გარდამავალი სპაზმი იწვევს.
ჰიპერტენზიის დროს ხშირია მწვავე ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. ამ უკანასკნელსაც ზოგადტვინოვანი სიმპტომები – თავბრუხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე ახლავს თან, ამიტომ ცოტა ძნელია ტიშ-ის მწვავე ჰიპერტონიული ენფეცალოპათიისგან გამიჯვნა. დიაგნოსტიკაში ის გვეხმარება, რომ ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას ზოგადტვინოვანთან ერთად კეროვანი სიმპტომატიკაც ახასიათებს.

როდის შეიძლება ვიეჭვოთ ტრანზიტორული იშემიური შეტევა?
სიმპტომები, წესისამებრ, უეცრად ვითარდება. პაციენტს შეიძლება დაეწყოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე. ხშირია გონების დაკარგვის ეპიზოდიც. ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს ეპილეფსიური სახის განტვირთვაში. კეროვანი სიმპტომები კი დაზიანებული უბნის მიხედვით ვლინდება. ესენი შეიძლება იყოს სახის ასიმეტრია, მხედველობის გაუარესება, დამბლა, ხელ-ფეხის წართმევა, მგრძნობელობის დაკარგვა ან დასუსტება, აფაზია – მეტყველების დარღვევა, მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა. ყველა ეს სიმპტომი საგანგაშოა და სათანადო ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს.

როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტი ან მისი თანმხლები პირი ამგვარ ვითარებაში? რას გულისხმობს პირველი დახმარება?
როდესაც ადამიანი არ არის მაღალი წნევის მატარებელი, მაგრამ უცაბედად განუვითარდა ზემოთ აღწერილი სიმპტომები, მაგალითად, დაუსუსტდა ხელი ან სახის ასიმეტრია გამოეხატა, ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა წამოვაწვინოთ და კომფორტული, მშვიდი გარემო შევუქმნათ. გარდა ამისა, დრო არ უნდა დავკარგოთ და მაშინვე გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. თუ პაციენტს მაღალი წნევა აქვს, მივცეთ წნევის დამწევი საშუალება. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც სახლის პირობებში არასამედიცინო განათლების მქონე პირს შეუძლია.
სასწრაფო დახმარების ექიმები ავადმყოფს გადაუღებენ კარდიოგრამას გულის პრობლემების გამოსარიცხად, რის შემდეგაც დაახლოებით ერთ საათს ელოდებიან. თუ ერთ საათში ვითარებამ გამოსწორება არ დაიწყო, პაციენტი აუცილებლად სტაციონარში უნდა მოთავსდეს. სტაციონარში მიყვანისთანავე მის მდგომარეობას ნევროლოგი შეაფასებს. გარდა ამისა, გაიდლაინის მიხედვით, აუცილებლად გაკეთდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა გამოირიცხოს ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). მისი გამორიცხვის შემთხვევაში პაციენტზე დაკვირვება წესდება. ასევე აუცილებელია დოპლეროგრაფიული გამოკვლევა სისხლძარღვების მდგომარეობის შესაფასებლად. თუ ნევროლოგმა თრომბოემბოლიზაცია იეჭვა, სისხლის სრული კოაგულოგრამაც გაკეთდება და დაიწყება ანტითრომბოლიზური მკურნალობა, რის შემდეგაც გამოჯანმრთელება, წესისამებრ, სათანადოდ წარიმართება. თუ 24 საათში პროცესები არ უკუგანვითარდა, მაშასადამე, საქმე გვაქვს ინსულტთან და შესაბამის მკურნალობას ვიწყებთ.
ხშირად კლინიკური სიმპტომატიკა ძალზე მწირია, მიუხედავად ამისა, თუ სიმპტომები არ ალაგდა, შესაძლოა, საქმე მცირე ინსულტთან გვქონდეს, რომელიც, დიდისგან განსხვავებით, 2-3 კვირაში უნდა ალაგდეს. თუმცა მცირე ინსულტიც ინსულტია და ნებისმიერ შემთხვევაში საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. 
მაშასადამე, ტაქტიკა ასეთია: პირველი ერთი საათის განმავლობაში სიტუაცია ფასდება, მერე კი უკვე სტაციონარულ პირობებში ვაკვირდებით პაციენტის მდგომარეობას. თვითმკურნალობა დაუშვებელი და ხშირად სავალალო შედეგის მომტანია.

როგორ ვიქცევით, თუ ადამიანმა ტრანზიტორული იშემიური შეტევა გადაიტანა და გაუარა?
ტრანზიტორული იშემიური შეტევები, წესისამებრ, უკვალოდ გაივლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და პაციენტს შემდგომი მეთვალყურეობა აღარ სჭირდება. ტრანზიტორული იშემიური შეტევა განგაშის სიგნალია, გაფრთხილება მოსალოდნელი ინსულტის შესახებ, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ცნობილია, რომ ტიშ-ის გადატანის შემდეგ პაციენტთა დაახლოებით 10%-ს სამი თვის განმავლობაში ინსულტი ემართება, მათ ნახევარს კი – უახლოესი 48 საათის განმავლობაში. ასე რომ, პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ და ზედმიწევნით შეასრულონ ექიმის დანიშნულება. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა ტიშ-ის რამდენიმე ეპიზოდს დაერთო მცირე ინსულტი, ანდა მცირე ინსულტი ალაგდა, პაციენტმა ჩათვალა, რომ ყველაფერმა გაიარა და უეცრად დაიწყო ახალი.
სხვა საქმეა, რამ გამოიწვია თავად ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ხშირად სწორედ ამ დროს ხდება იმ დაავადების დიაგნოსტირება, რომელიც გართულდა ტიშ-ით, ამიტომ აუცილებელია ამ უკანასკნელის ეტიოლოგიის გარკვევა და მიზეზის მკურნალობა.

რას გულისხმობს ტრანზიტორული იშემიური შეტევის მკურნალობა და პროფილაქტიკა?
მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიტორული იშემიური შეტევა უკვალოდ ალაგდება, მკურნალობას მაინც ვიწყებთ. მკურნალობის მიზანი, როგორც უკვე გითხარით, ინსულტის პრევენციაა. ის სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ანტიაგრეგანტულ მკურნალობას, მკურნალობას აგფ-ინჰიბიტორებით, რომლებიც წნევის სტაბილიზაციის გზით ზოგავს სისხლძარღვის კედლებს და სტატინებით, რომლებიც სისხლში ქოლესტეროლისა და ცხიმების დონეს ამცირებს. 
მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია დაავადების იმ რისკფაქტორების აღმოფხვრა, რომლებზე ზემოქმედებაც შესაძლებელია.
ტრანზიტორული იშემიური შეტევის რისკფაქტორებია:
* მოციმციმე არითმია;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ჭარბი წონა;
* ინსულტის ოჯახური ანამნეზი;
* ქოლესტეროლის მაღალი დონე სისხლში;
* ასაკი (55 წელზე მეტი).
რეკომენდაციებიც შესაბამისია: წონის კორექცია, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში – გლუკოზის დონის ნორმალიზება, წნევის კონტროლი, თანმხლები დაავადებების მკურნალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ფიზიკური აქტივობა. დაუშვებელია ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, რითაც ხელს უწყობს ტიშ-ის განვითარებას. ტრანზიტორული იშემიური შეტევა ხშირია ნარკოდამოკიდებულ პირებში – ნარკოტიკების მოხმარება ორგანიზმის ადაპტაციურ და დაცვით მექანიზმებს არღვევს.


წყარო: ჟურნალი "ავერსი"