Nuk
ეპილეფსია და კორონავირუსი (COVID-19) რეკომენდაციები ეპილეფსიის მქონე პირებისთვის

თარიღი: 05 აპრილი, 2020

1. აქვთ თუ არა კორონავირუსით დაავადების მომატებული რისკი ეპილეფსიის მქონე პირებს?
დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ეპილეფსიის მქონე პირებში კორონავირუსით დაავადების მომატებული რისკების შესახებ ზოგადპოპულაციურ მაჩვენებლებთან შედარებით. ზოგადად, რისკები მომატებულია იმ პირებში, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემის აქტივობა ან ხანშიშესულია, აღენიშნება ისეთი ქრონიკული დაავადებები როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნური დაავადება და ფილტვების ქრონიკული პათოლოგიები; ასეთი დაავადებების, ასაკისა და სამედიცინო მდგომარეობების მქონე ადამიანები კორონავირუსით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. თავად ეპილეფსია არ წარმოადგენს ვირუსით დასნებოვნების მაღალ რისკს; თუმცა, თუ პაციენტებში, რომლებსაც გულყრები შეწყვეტილი აქვთ ადეკვატური მკურნალობის ფონზე და გულყრების გახშირების ან დაავადების მიმდინარეობის გართულების რისკი დაბალი აქვთ, პაციენტები, რომლებსაც უგრძელდებათ გულყრები, შედარებით უფრო მოწყვლადი ჯგუფია ეპილეფსიური გულყრების გახშირების კუთხით, რადგან ინფექციის ფონზე განვითარებულმა ტემპერატურულმა რეაქციებმა, შესაძლოა, გამოიწვიონ ეპილეფსიური გულყრების პროვოცირება.

გულყრების გახშირების კუთხით მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პაციენტებიც, რომლებსაც ეპილეფსიასთან ერთად აღენიშნებათ სხვა ზემოღნიშნული დაავადებებიც.

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგა ეპილეფსიის მქონე პირებსა და მათ ახლობლებს მოუწოდებს, დაიცვან სამთავრობო მითითებები და რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და თვითიზოლაციას. აუცილებლობის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს ან სპეციალიზებულ დაწესებულებას.


2. ვის აქვს კორონავირუსით (COVID-19) დაავადების მაღალი რისკი?
კორონავირუსით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
- 70 წელზე ხანდაზმულები (სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად)
- 70 წლამდე ასაკი პირები, რომლებსაც აღენიშნება ჯანმრთელობის ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები:
- სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა ან ბრონქიტი.
- გულის ქრონიკული დაავადება (გულის უკმარისობა),
- თირკმელების ქრონიკული უკმარისობა
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა (ჰეპატიტები)
- ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობები (მოძრაობის დარღვევები და პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ნეიროგანვითარებითი დარღვევები და ცერებრული დამბლა)
- დიაბეტი
- ელენთის დაავადებები, ან ამოკვეთილი ელენთა
- სხვადასხვა მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული იმუნური დეფიციტი (შიდსი, აივ-ინფექცია, სტეროიდული- ან ქიმიოთერაპია)
მნიშვნელოვანი ჭარბწონიანობა (სხეულის მასის ინდექსი (BMI) = 40 და მეტი)
- ორსულები

3. ეპილეფსიის მქონე ადამიანებს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ?
ეპილეფსიის მქონე პირებში იმუნიტეტის დაქვეითების საკითხზე მონაცემები არ არსებობს. თვითონ ეპილეფსია არ განიხილება, როგორც იმუნური დეფიციტის რისკის შემცველი სამედიცინო მდგომარეობა, თუმცა, ეპილეფსიის მქონე ზოგიერთ პიროვნებას, შეიძლება, იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდეს სხვა თანმხლები დაავადებისა და მათი სამკურნალო პრეპარატების - იმუნოსუპრესორების მიღების ფონზე.

4. კორონავირუსით ინფიცირების რისკს ხომ არ ზრდის ანტიეპილეფსიური პრეპარატები?
ანტიეპილეფსიური მკურნალობის ფონზე კორონავირუსით დაინფიცირების მომატებული რისკის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ამასთან, როგორც ვირუსით დაინფიცირების, ისე ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა არ შეიძლება სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე.

5. როგორ უნდა ავიცილოთ ვირუსით დასნებოვნება?
ამჟამინდელი სიტუაცია ყველასთვის სტრესული პერიოდია, რადგან ცხოვრების ჩვეული რიტმი ძალზე სწრაფად და რადიკალურად შეიცვალა. იზოლაციის პირობებში ზოგი სულ მარტო დარჩა, ზოგს კი მნიშვნელოვნად მოემატა საზრუნავი. კორონავირუსზე ახალი ამბების უწყვეტ რეჟიმში მოსმენა ადამიანებს კიდევ უფრო უზრდის დასნებოვნების შიშს და უძლიერებს შფოთვას.

ვინაიდან შეუძლებლია კორონავირუსის პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარება, ადამიანის ფსიქიკაზე აღნიშნული სტრესორის ზემოქმედება, შესაძლოა, დროში საკმაოდ გახანგრძლივდეს და მიიღოს ქრონიკული სტრესის სახე. ქრონიკული სტრესი კი მნიშნელოვნად აქვეითებს იმუნიტეტს, რაც ზრდის ვირუსით ინფიცირების რისკს. ამიტომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ზედმიწევნით დაიცავით ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც საგრძნობლად ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ:
· მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
· მოერიდეთ ახლო კონტაქტებს, განსაკუთრებით, ინფიცირებულ ადამიანებთან;
· გამუდმებით აკონტროლეთ ხელების ჰიგიენა (ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, ან ხშირად იხმარეთ სპირტის შემცველი გელები, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საკვების ყოველი მიღების წინ);
· ხველების ან ცემინების დროს სახეზე მიიფარეთ ხელსახოცი,
· ეცადეთ, დაუბანელი ხელები არ მიიდოთ ტუჩებზე, ცხვირზე და თვალებზე.
· ხშირად გამოაღეთ ფანჯრები და გაანიავეთ თქვენი საცხოვრებელი არე.
· ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.

6. როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოგივლინდათ?
ამჟამინდელი რეკომენდაციების მიხედვით, თუ თქვენ მარტო ცხოვრობთ, ახლად გამოგივლინდათ ხველა და ტემპერატურის მატება, დარჩით სახლში 7 დღის მანძილზე.

თუ თქვენ ცხოვრობთ სხვებთან ერთად და თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ვირუსული ინფექციის სიმპტომები, მაშინ ყველა თქვენგანი სახლში უნდა იყოს 14 დღის მანძილზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის გამო და თვალყური ადევნოთ სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებულ რეკომენდაციებს. ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ საზოგადოებაში დაავადების გავრცელების რისკებს.
თუ თქვენ რამენაირი კონტაქტი გქონდათ კორონა ვირუსით დასნებოვნებულ პირთან და თქვენი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აუცილებლად აცნობეთ კორონავირუსით დასნებოვნებული ადამიანების სერვის ცენტრს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სპეც ბრიგადა, ან ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

სამკურნალოდ შეგიძლიათ მიიღოთ გაციების პერიოდის სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებული ნებისმიერი პრეპარატი (მაგ.: პარაცეტამოლი მაღალი ტემპერატურის დროს); თავი აარიდეთ იბუპროფენის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა. გაითვალისწინეთ, ანტიალერგიულ და ზოგადად, ნებისმიერ სამკურნალოწამლო პრეპარატს ნუ მიიღებთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

7. ზოგად პოპულაციასთან შედარებით, ეპილეფსიით დაავადებულებში კორონავირუსით ავადობა უფრო მძიმედ ხომ არ მიმდინარეობს?
ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანებში კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდანარეობს ვიდრე ზოგად პოპულაციაში; როდესაც ეპილეფსიასთან ერთად პაციენტს აღენიშნება მოძრაობის დარღვევები, ყლაპვის სიძნელეები, კუნთთა დამბლები და დასწავლის პრობლემები, მათ უფრო მაღალი რისკი აქვთ სუნთქვის უკმარისობის განვითარების კუთხით და საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას. სხვა შემთხვევებში, კორონავირუსის ფონზე გართულებების რისკი დაბალია და სათანადო რეკომენდაციების დაცვის პირობებში ადვილდება ვირუსთან ბრძოლაც.

8. კორონავირუსი ააქტივებს თუ არა ეპილეფსიურ გულყრებს?
ამჟამად არ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ კორონავირუსი ააქტიურებს ეპილეფსიურ გულყრებს, თუმცა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით ბავშვებში), ოფლიანობა, ღამით ხშირი შეღვიძებები და ზოგადი სისუსტე, ზოგიერთ პაციენტში აადვილებს ეპილეფსიური გულყრების აღმოცენებას. თუ თქვენ ამ კატეგორიის დაავადებულთა შორის ხართ, განსაკუთრებულად უნდა დაიცვათ სოციალური დისტანცია და თვითიზოლაციის პრინციპები.

9. გჭირდებათ რაიმე სპეციფიკური მკურნალობა თუ თქვენ კორონავირუსით დაავადდით?
ეპილეფსიის მქონე პირების კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, ხშირად, საჭირო ხდება სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატებით ან ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რომლებმაც, შეიძლება, შეცვალონ ანტიეპილეფსიური პრეპარატების მოქმედება და გააუარესონ ეპილეფსიის მიმდინარეობა. ამიტომ, აუცილებელია, სპეციფიკური მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს მიაწოდოთ სრული ინფორმაცია თქვენი ეპილეფსიისა და მისი სამკურნალწამლო პრეპარატების შესახებ (წამალი, დოზა, მიღების ჯერადობა). ეს ინფორმაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ექიმს, შეგირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მორგებული ანტივირუსული მკურნალობა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ურთიერთქმედებისა და ვირუსთან ეფექტური ბრძოლის კუთხით.

10. კორონავირუსთან დაკავშირებით ხომ არ შეიქმნება ანტიეპილეფსიური წამლების დეფიციტი?
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე პირობებში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქლოგიის ინსტიტუტი აქტიურად ზრუნავს, რომ ეპილეფსიის მქონე პაციენტებს არ შეექმნათ ანტიეპილეფსიური წამლების დეფიციტი. თუ თქვენ იმყოფებით თვითიზოლაციაში და აღარ გაქვთ წამალი, დროულად დაუკავშირდით სოციალურ სამსახურს, რათა ბინაზე მოგაწოდონ თქვენი წამალი და არ შეგიწყდეთ მკურნალობა.

11. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ არ გაქვთ წამლის რეცეპტი და გითავდებათ წამალი?
დაუკავშირდით სამკურნალო დაწესებულებას (ეპილეფსიის ცენტრს, საოჯახო მედიცინის ცენტრს), სადაც თქვენ იმყოფებით აღრიცხვაზე და სთხოვეთ ექიმს, გამოგიწეროთ დანიშნული წამალი ელექტრონულად. შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართეთ აფთიქას, საიდანაც დაუბრკოლებლად შეგეძლებათ სასურველი წამლის ყიდვა.

12. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ ამ პერიოდში პირველად გამოგივლინდათ გულყრა?
ა) ნუ დაელოდებით გულყრის განმეორებას ან კორონავირუსის ზოგადი პრობლემების მოგვარებას;
ბ) წინასწარი ჩაწერის საფუძველზე მიაკითხეთ სპეციალიზებულ დაწესებულებას
გ) ჩაიტარეთ კვალიფიციური კვლევები და კონსულტაციები სპეციალიზებულ დაწესებულებაში იმისათვის, რომ
· დადგინდესთქვენი გულყრა ეპილეფსიურია თუ არა,
· თუ გულყრა ეპილეფსიურია რა ტიპის ეპილეფსია გაქვთ,
· რა ტიპის წამალი გჭირდებათ ან რა დოზით და სქემით უნდა მიიღოთ,
· რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა დაიცვათ, რომ დანიშნული მკურნალობა იყოს ეფექტური.